სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები სადავოა.
„უნდობლობის ყველაზე სერიოზული მიზეზი ის უამრავი სიგნალია, რომელსაც სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან ვიღებთ, რაც არჩევნების შედეგების წინასწარ დაგეგმილ ფალსიფიცირებას ცხადყოფს. ბლოკი „სომხეთი“ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს მანამ, სანამ ყველა პრობლემური საკითხი არ გაირკვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ხმების 25%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს.
ნიკოლ ფაშინიანის პარტიას ხმების 59% აქვს. ბლოკმა „სომხეთმა“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, ხმების 18.37% მიიღო. მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც ხმების 5.41% აქვს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 49.4% შეადგინა.