19-20 ივნისს „ქართულ ოცნებაში“ დიდ შეკრებებს უნდა ველოდოთ. მმართველი გუნდის ლიდერები წინასაარჩევნო პერიოდიში იკრიბებიან იმისთვის, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტონ, როგორიც არის ქალაქების მერობის კანდიდატები; თავად კახა კალაძის გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თბილისის მერის არჩევნებში. საუბარია ასევე საკადრო ცვლილებებზე - „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეცვლაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, ჯერ კიდევ უცნობია, კახა კალაძე დაასახელებს თუ არა საკუთარ კანდიატურას დედაქალაქის მერობის არჩევნებზე, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, ხელისუფლება მზად არის კალაძის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს, თუკი თავად მას ამის სურვილი ექნება.
ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის ცნობილი და ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია საზოგადოება, რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამ ყრილობიდან არ ელოდება. როგორც მან For.ge-ს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი კახა კალაძე უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, „ქართულ ოცნების“ ისედაც ჩამოშლილი რეიტინგი, სულ განადგურდება.
„არჩევნები მოდის და ალბათ, დადგა დრო დაასახელონ ქალაქებში მერები, რაც ბუნებრივია. თუ იქნება მერობის კანდიდატებზე საუბარი, ნორმალურია. ხმები დადის, რომ შესაძლოა, კობახიძე შეცვალონ, რომ გადაადგილებებია მოსალოდნელი ხელისუფლებაში. არ ველოდები, რომ ივანიშვილი დაბრუნდება, ველოდები, რომ რუტინული, წინასაარჩევნო კამპანია იქნება, დაასახელებენ კანდიდატებს.
თუ კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატობაზე უარი თქვა, ეს იქნება კატასტროფა „ქართული ოცნებისთვის“. ივანიშვილი არ ჩანს, გახარია წავიდა, თუ კალაძემაც არ დაასახელა საკუთარი კანდიდატურა, შეიძლება ითქვას, რომ 43%-ს ვერ აიღებს „ქართული ოცნება.“ ამიტომ, თითქმის წარმოუდგენელია კალაძის მხრიდან საკუთარი კანდიდატურის არდასახელება. აუცილებლად დაასახელებს, მგონია. რაღაც ხდება სერიოზული, მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს“, - თქვა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციებს შეაჯერებს. სხვა რაიმე კონკრეტულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან არ ელოდება.
„რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. რამდენადაც ვიცი, ეს არის შიდა თავყრილობა, სადაც მთავრობამ უნდა წარუდგინოს საპარალმენტო უმრავლესობას 10-წლიანი გეგმა. რა თქმა უნდა, იქნება შიდა პარტიული მსჯელობა, სამომავლო არჩევნების სტრატეგიაზე და ა.შ. რაიმე ისეთ, სერიოზული საკადრო ცვლილებას არ ველოდები.
არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ყრილობაზე შეთანხმდეს თბილისის მერის კანდიდატურა. ჯერჯერობით, ეტყობა, მიდის პოზიციების შეჯერება, ეს წარდგენა მოხდეს ისე, რომ ეს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, რადგან „ქართული ოცნება“ 43%-ის აღების პრობლემის წინაშეა. კალაძის წარდგენა რამდენად მომგებიანი მისთვის, მთელი ამ ფაქტორების კომპლექსის გათვალისწინებით, ეს უნდა აიწონ-დაიწონოს შიდა გამოკითხვებით და ა.შ. მგონია, რომ ამ შეხვედრაზე რაღაც გადაწყვეტილებამდე მივლენ. თუ კალაძე მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში, ეს უკვე იქნება ამის ინდიკატორი“, - თქვა ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეცვლის თაობაზე ინფორმაცია სპეკულაციაა. როგორც მან აღნიშნა, მას პარტიაში კონკრეტული ამოცანა და ფუნქცია აქვს.
„ეს სპეკულაციაა... ამბობდნენ იმასაც, რომ 20 ივნისს პარტიის ყრილობა უნდა გაიმართოს, რაც აზრს მოკლებულია. „ფეიკნიუსს“ ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც დონის დამაჯერებლობის ხარისხი? როცა ამბობენ, რომ ორი ან ხუთი დღის შემდეგ ყრილობა გაიმართება, ხომ უნდა იცოდნენ, რომ ყრილობისთვის მომზადებაა საჭირო?
მე პარტიის თავმჯდომარე ვარ. ჩემი ფუნქციაა პოლიტიკური საკითხების გადაჭრის კოორდინაციის უზრუნველყოფა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა და პარტიის არჩევნებისთვის მზადება. ეს ისეთი ფუნქციაა, რომლის განხორციელებაზეც მუშაობას მინიმუმ ერთი წლით ადრე იწყებენ. მე ამ საქმით უკვე დავკავდი და ამ დროს რაიმე სახის ცვლილება, ტექნიკურიც კი, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიმდინარე წლის იანვარში გახდა – პარტიის ყოფილი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. მანამდე კობახიძე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო.