ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისთვის საქართველოს 40 მილიონი ევრო გამოუყო. 40 მილიონიანი ხელშეკრულება არის ყველაზე დიდი ერთჯერადი პაკეტი, რაც ამ სექტორს ევროკავშირისგან მიუღია. ევროკავშირი თვლის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფერო სწორ გზაზე დგას. გრანტის ფარგლებში დაგეგმილია სოფელში სიღარიბის აღმოფხვრა და სასოფლო მეურნეობის ინფრასტრუქტურული განვითარება.
ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ატაშეს ჯუზეპე ვასკესს ესაუბრა.
- 40 მილიონიდან 18 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარებაა, 3 მილიონ ევრომდე დაიხარჯება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდასაჭერად და 15 მილიონი ევრო კერძო სექტორისკენ იქნება მიმართული. აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა თანხა, რომელიც თავს მოიყრის ბრიუსელში და როგორც წესი, ამ თანხის განაწილება მეორე ქვეყანასთან ორმხრივი მოლაპარაკებით მოხდება. 18 მილიონი ევრო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში ჩაირიცხება. იცვლება მთავრობა, მაგრამ სოფლის მეურნეობა რჩება და ყველაფერი არ არის პოლიტიკა. როგორც უცხოელს, მიკვირს, რატომ ხდება ამ საკითხების პოლიტიზაცია. არ აქვს მნიშვნელობა, დღეს როგორი მთავრობაა. ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სექტორს ეხმარება.
თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დაიცალა სოფლები და თითქმის არაფერი გაკეთებულა სოფლის აღორძინებისთვის. აქედან გამომდინარე, რამდენად თანმიმდევრული იყო ყოფილი ხელისუფლება სოფლის მეორნეობის სექტორის აღორძინებისთვის და რას ელით ახალი ხელისუფლებისგან?
- ევროკავშირი საქართველოს მიმართ ანგარიშებს გამოსცემს და არ აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას. ეს უკვე პოლიტიკაა. თუმცა ასეთი კრიტიკაც გაგვიგია.
როდესაც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების კონკრეტული სოფლებიდან ხდება მიგრირება, ანუ მოსახლეობის დაცლა, მაშინ რა რეკომენდაციები გაქვთ ასეთი ქვეყნებისთვის?! საქართველოსთვის ეს მართლაც აქტუალურია. სემინარზეც დავსვი ეს შეკითხვა, შესაძლოა, თქვენთვის ეს თემა უცხოა და ევროკავშირის ხელმძღვანელობისკენ გადაგვამისამართეთ, მაგრამ მაინტერესებს, თავად როგორ უყურებთ ამ პრობლემას, რადგან საქართველოს სოფლებიდან მართლაც ხდება ქართველი გლეხის გადინება საზღვარგარეთ, ან მსხვილ ქალაქებში. როგორ უნდა მოხდეს სოფლად გლეხის დაბრუნება? გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან?
- მე არ გახლავართ სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, ამიტომ გირჩევთ ამ თემასთან დაკავშირებით იმ ადამიანს დაელაპარაკოთ, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, დამიკავშირდით და მე დაგაკავშირებთ პროექტის მენეჯერს, დელეგაციის მოადგილეს - ბორის იაროშევიჩს და ამ ინტერვიუს ორგანიზებაში დაგეხმარებით. რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ პრობლემას, გეთანხმებით, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ამ პრობლემას ხედავს ყველა, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, იგივე ხდება საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. გარკვეული რეგიონალური პროგრამები ხორციელდება თუნდაც იტალიაში იტალიელებისთვის. ზოგადად, ევროკავშირი თვითონვე ფიქრობს, ევროკავშირის შიგნით ეს პრობლემა როგორ გადაწყვიტოს და რა მოიფიქროს, რა გზები დასახოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ეს ევროკავშიროსთვის დიდი პრობლემაა, საქართველოსთვის პრობლემა არ იყოს, მაგრამ უბრალოდ, იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს არის გლობალური პრობლემა. რა თქმა უნდა, გზები უნდა მოინახოს. დღეს ევროკავშირს აქვს პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მაგრამ ეს ერთიანი ინსტრუმენტი მიიღო მხოლოდ ორმა ქვეყანამ -მოლდავამ და საქართველომ. თუ რა კრიტერიუმის მიხედვით დაკმაყოფილდნენ ეს ქვეყნები, დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მთლად ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ამ კრიტერიუმებში შედის უამრავი რამ - ქვეყნის ტექნიკური პროფილი, ფერმების ორგანიზება, მიწების დამუშავება და ა.შ. ეს სპეციალისტებმა შეაფასეს. გარდა ამისა, ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო უშუალოდ მთავრობის პოტენციალი. საქართველო ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
2012 წლამდე საქართველოში დამტკიცებული იყო სოფლის მეურნეობის სტრატეგია. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, განსაკუთრებით, საქართველოსთვის, რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობა ნამდვილად პრიორიტეტია და ევროკავშირთან საუბრების დროს ბევრჯერ იყო გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ გრძელვადიანი თვალთახედვით, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში. ეს გასაკვირი არაა, რადგან საქართველო ბუნებრივი რესურსებით, კლიმატური პირობებით მდიდარი ქვეყანაა. ჯერჯერობით საქართველოში წარმოება მხოლოდ შიდა მეურნეობის დონეზე საჭიროებს დაკმაყოფილებას. თუმცა საქართველოს სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით და ეს პოტენციალი ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული. სოფლის მეურნეობა არ არის მარტო ის, რასაც ვხედავთ ერთი შეხედვით. ამის უკან დგას ვაჭრობა, სასურსათო უსაფრთხოება, გარკვეული წესები, წარმოებასთან დაკავშირებული წესები. ეს უშველებელი სფეროა, აქ დგას ბიზნეს ოპერატორების ინტერესები. დღესდღეობით საქართველოში საშუალო ფერმა ასეთია - ორი ძროხა და მეტი არაფერი. არანაკლებ მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ადამიანების გაძლიერება, რადგან საქართველო დღეს სერიოზული საფრთხის წინაშეა - სიღატაკის შემცირება აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს საქართველომ უნდა გადალახოს.
არა მარტო სოფლის მეურნეობის, სხვა მიმართულებითაც თუ გამოიყოფა ევროკავშირისგან გრანტები?
- სხვადასხვა სექტორებს რაც შეეხება, აღვნიშნავ ყველაზე მნიშვნელოვანს - იუსტიციის სექტორში 14 მილიონი; რეგიონალური განვითარება -19 მილიონი; სახელმწიფო ფინანსების მართვა, დევნილების სახლებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს უკვე მიმდინარე პროექტებია, თუმცა ყველა პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს იმის საფუძველზე, თუ რა შედეგს მოგვცემს პირველი ეტაპის შეფასება. ძალიან მალე მთავრდება ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ეხებოდა პროფესიულ განათლებას, სახელმწიფო ფინანსების მართვა 2014 წლის ბოლოს მთავრდება. დევნილებთან დაკავშირებული პროგრამა 2013 წლის ივნისში მთავრება, მაგრამ უკვე განხილვის პროცესშია ამ პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელება. რეგიონალური განვითარების პროგრამა კი მთავრდება 2012-2015.