„ვაშაძეს რაში აინტერესებს სხვა პარტია რა სახის პოლიტიკურ ტატქიკას ირჩევს, ან ვინ ვის რის უფლებას არ აძლევს? - ესენი იმასაც ვერ ხვდებიან საფრთხე საიდან მოდის“

„ვაშაძეს რაში აინტერესებს სხვა პარტია რა სახის პოლიტიკურ ტატქიკას ირჩევს, ან ვინ ვის რის უფლებას არ აძლევს? - ესენი იმასაც ვერ ხვდებიან საფრთხე საიდან მოდის“

ოპოზიციურ ველზე ახალი ფრონტის ხაზი იხსნება, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხელ სააკაშვილს უპირისპირდება. როგორც ჩანს, 7-თვიანი ბოიკოტის და არასწორად წარმართული პოლიტიკური ტაქტიკის ფონზე, პატარა პარტიები ელექტორატის დაბრუნებას ცდილობენ. თუმცა „ლელოსგან“ განსხვავებით, რომელმაც ამ ეტაპზე დარტყმის ობიექტად ექსპრემიერი გიორგი გახარია აირჩია, ვაშაძემ სააკაშვილზე გალაშქრება გადაწყვიტა. ამის საფასურად კი, მესამე პრეზიდენტის მწვავე პასუხიც მიიღო.

ისმის კითხვა - რას მოუტანს ისედაც მძიმე და რთულ მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას ერთმანეთზე თავდასხმა იმ ფონზე, როცა პოლიტიკურ ველზე ახალი და წონიანი ფიგურა შემოვიდა? მით უმეტეს, რომ არსებობს საფრთხე, გახარია „ოცნების“ ხმებთან ერთად, პატარა პარტიების ელექტორატზეც ინადირებს. ამიტომ სრულიად გაუგონარია, როდესაც ვაშაძე არაფრისმომცემ დისკუსიაში შედის ენმ-ის ლიდერთან.

 ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძე სწორად მიხვდა, რომ უნდა გააქტიურდეს, მაგრამ ვის წინააღმდეგ, ეს ვერ გათვალა. არადა ამასობაში მისი რეალური მეტოქე გახარია როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შიგნით პოლიტიკურ წონადობას იზრდის. ეს კი, პირველ რიგში, წყალს პატარა პარტიების წისქვილზე ასხამს.

„მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს „ნაცმოძრაობაში“. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც...

ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს“. - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას მალევე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ივანიშვილის საქართველოში ფულის შოვნის ყველაზე მარტივი მეთოდი მისი ლანძღვაა.

„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? - სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში... არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილსი პასუხს ისევ ვაშაძის პასუხი მოჰყვა. მანაც მესამე პრეზიდენტს სოციალურ ქსელში უპასუხა.

„1. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსად წერა დასანანი და სირცხვილია, ამაში ვერ და არ აგყვებით

  1. გიორგი ვაშაძის გამო კი არ შია ხალხს, არამედ იმის გამო, რომ თქვენ და ივანიშვილი ვერ ელევით თქვენს მეგაეგოიზმს, ქვეყანა და ხალხი თქვენი პერსონალური დაპირისპირების პოლიგონად აქციეთ
  2. და კიდევ, ყველაზე მნიშნელოვანი და ფუნდამენტური სხვაობა ჩვენს შორის - ჩვენ ვთვლით, ქვეყანას სისტემა და ხალხი უნდა მართავდეს და არა ბელადები და ფსევდო მესიები“, - წერს ვაშაძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძე ხვდება პატარა პარტიებს 7-თვაინი ბოიკოტის შემდეგ მძიმე სიტუაცია აქვთ, რადგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ისინი პარლამენტში ვეღარ მოხვდნენ. ამიტომ ფიქრობს, რომ ელექტორატის შესანარჩუნებლად უნდა გააქტიურდეს, მაგრამ სწორ მეტოქეს ვერ არჩევს. ქართველიშვილის აზრით, პატარა პარტიების მთავარი მოწინააღმდეგე ახლა გიორგი გახარიაა, რომელიც „ოცნების“ ელექტორატის გარდა შუაშისტ ამომრჩეველზეც ნადირობს. ასეთი ამომრჩეველი მუდმივად მესამე ძალის ძიებაშია და ეს პოლიტიკური მოთხოვნა არასწორად გათვლილი ტაქტიკის გამო პატარა პარტიებმა ვერ დაუკმაყოფილეს. ამიტომ ვაშაძეს სწორად ეშინია, მაგრამ მისი რელური მექტოქე ახალ არა „ნაციოანლური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია, არამედ ექსპრემიერი გახარია, რომლიც მარკეტინგულად ყველანაირი სახის და გემოვნების ამომრჩეველს სინჯავს.

„გიორგი ვაშაძეს საერთოდ რაში აინტერესებს სხვა პარტია რა სახის პოლიტიკურ ტატქიკას ირჩევს, ან მის პარტიაში რა ხდება და ვინ ვის რის უფლებას არ აძლევს? პატარა პარტიები და თავად გიორგი ვაშაძე ვერ ხვდებიან რელურად ახლა მისი მეტოქე ვინ არის და ელექტორატის წართმევის კუთხით საფრთხე საიდან მოდის. ვაშაძე სწორად ხვდება, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი კონფიგურაციის და მოვლენების განვითარების შემდეგ საზოგადოების სიმპათია -ანტიპათიები შეიცვალა და დღევანდელი ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგოამრეობაშია.

ამიტომაც სწორად გააქტიურდა, მაგრამ დარტყმის ობიექტი არა მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, რომელსაც ახლა თავისი თავი გასჭირვებია, არამედ გახარია, რომელიც პოლიტიკურ ველზე ყველანაირი გემოვნების და შეხედულებსი ამომრჩეველს სინჯავს. თუ აკვირდებით, რაც გახარია გამოჩნდა, ის ზუსტად არ ამბობს, მისი პარტიული იდეოლოგია რა არის. ამ მიმართულებით პოზიციონერობისგან ჯერეჯრობით თავს იკავებს. ამას, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ყველა სახის ამომრჩეველი „შეისრუტოს“. ტატქიკურად სწორად მოქმედებს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გახარია უფრო ულტრამემარჯვენე ფლანგს დაიკავებს და ყურადღებას ისეთ სეგმენტს მიაქცევს, რომელიც ცოტა დაბნეულია. ეს ელექტორატი ადრე პირდაპირ სააკაშვილზე იყო მიბმული, მაგრამ დღეს ცოტა ჩახსნილი ვაგონებივით მოძრაობენ. ესენი არიან ენჯეოს წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ანალიტიკოსი გახარიას ურჩევს, რომ მარკეტინგულად ამომრჩევლის ეს სეგმენტი ჩაიბას. სააკაშვილი ამ ამომრჩევლისთვის უკვე უინტერესო და გამაღიზიანებელია. ამიტომაც ვაშაძე თავის პოლიტიკურ ტაქტიკას არასწორი მიმართულებით წარმართავს და ამით ისედაც გართულებულ სიტუაციას კიდევ უფრო ირთულებს. გახარია ამასობაში, გაურკვეველი იდეოლოგიის ფონზე, ვაშაძის, „ლელოს“, „მოქალაქეების“ „ევროპელების“, „ნაციონალების“ ამომრჩეველს იბირებს, რადგან ამ ეტაპზე წონადი პოლიტიკური ფიგურაა.

„პატარა ვაშაძემ როდესაც საშიშროება დაინახა, რომ მის პოლიტიკურ ველში უფრო წონიანი ფიგურა და ლიდერი ჩნდება და პოპულარობის თვალსაზრისით, მასზე დიდი ბეგრაუნდი აქვს, აქტიურობა დაიწყო. თუმცა გაუგებარია სააკაშვილი ამ შემთხვევაში რა შუაშია. არასწორი ვექტორი აქვს არჩეული. სააკაშვილმა და ვაშაძემ ჯობია ერთმანეთი დაივიწყონ, რადგან პოლიტიკურად ვეღარ იკვეთებიან და ამათი დაპირისპირება იმ ტიპის ამომრჩევლისთვის, რომელზეც უკვე ზემოთ ვისაუბრე, საინტერესო აღარ არის. ვაშაძის რეალური კონკურენტი გახარია უფრო იქნება, ვიდრე სააკაშვილი. დააკვირდით გახარიას საერთაშორისო ტურნეს, მის გარშემო როგორი საინტერესო თანამოსაუბრეები და გულშემატკივრები ჩნდებიან. ეს ექსპრემიერის ულტრამემარჯვენეობაზე, პროდასავლურობაზე უფრო მეტყველებს, რამაც შეიძლება ვაშაძის ელექტორატი სრულად გაკრიფოს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ 7 თვიანი ბოიკოტის ფონზე და შემდეგ მიღებული შედეგით, საკუთარი თავი ჩიხში მოაქცია და პატარა პარტიები გაორებულები არიან. ერთი მხრივ მიიღეს ის, რაც უნდოდათ და შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნები გახარიას პოლიტიკურ ველზე გამოჩენის შემდეგ მართლაც დაინიშოს. მაგრამ, ოპოზიციიდან, ასეთ შემთხვევაში, პარალმენტში ისევ მოხვედრის შანსი „ნაციონალებს“ და პარტია „საქართველოსთვის“ აქვს. ამას, როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძე კარგად მიხვდა და ცდილობს გარკვეული აქტიურობა დაიწყოს, თუმცა ჯერ ერთი, დაგვიანებულია, რადგანაც მის პოტენციურ ამომრჩეველს ყურადღება გახარიაზე აქვს გადატანილი და მეორეც სააკაშვილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია.

„გიორგი გახარიას გამოჩენის შემდეგ შანსი იმისა, რომ არჩევნები დაინიშება რეალურია. ყოველ შემთხვევაში „ოცნების“ და ირაკლი კობახიძის რეაქციები მიანიშნებს, რომ ამის შიში აქვთ და გახარია მათთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ პატარა პარტიებს ახლა თავისი გასაჭირი აქვთ. მათზე გაბრაზებულია ამომრჩეველი, რომელიც მესამე ძალის ძიებაში იყო და მათ ხმა ამიტომ მისცა. თუმცა, 7 თვის განმავლობაში ვეღარ გაიგეს, თავად ვაშაძე რა ძალას წარმოადგენდა. ენმ-თან მათი ათქვეფა ისე მოხდა, რომ ახლა ვაშაძეს საკუთარი პარტიის იდეოლოგიის და იდენტობის ხელახლა წარმოჩენა სჭირდება. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ვერც ვაშაძე და ვერც სხვა პატარა პარტიები რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში პარალმენტში ვეღარ მოხვდნენ.

გახარიამ ახალი დღის წესრიგი შემოიტანა, სადაც წაგებულია „ოცნებაც“ და ოპოზიციაც. ეს ადამიანი არც ერთ მათგანს არ აწყობს. ამიტომ ვაშაძემ აქტიურობა კი დაიწყო, მაგრამ სააკაშვილი მისთვის კონკურენტი არაა. თუმცა, როგორც ჩანს, პატარა პარტიები „ლელოსგან“ განსხვავებით, გახარიაზე თავდასხმას ერიდებიან. სავარაუდოდ, ამის მიზეზი „ოცნების“ ტაქტიკური შეცდომაა, რაშიც ვეთანხმები კიდეც. მმართველი გუნდი, როგორც კი გახარიას თავს დაესხა, შუაშისტი ამომრჩეველი მისკენ განდევნა. ამას უკურეაქცია მოჰყვა და პირიქით, გახარია კი არ დაზიანდა, „ოცნება“ თვითდაზიანებებს იყენებს. როგორც ჩანს, ვაშაძეს ამის ეშინია და ისევ ფიქრობს, რომ სააკაშვილზე დარტყმით ელექტორატს შეინარჩუნებს. თუმცა უკვე ძალიან გვიანია, რადგან, სამწუხაროდ, დიდი შეცდომები დაუშვეს“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.