„ძალიან კარგი იქნება თუკი ოპოზიცია საერთო კანდიდატს წარადგენს, თუმცა, შანსის რა მოგახსენოთ. რთული ვითარებაა, მაგრამ უკეთესია, თუ ერთიან კანდიდატი იქნება ზეპარტიული“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე საერთო კანდიდატი წარადგინონ, რომელიც, მათივე თქმით, „ზეპარტიული“ იქნება.
ბატონო ვახტანგ, როგორ ფიქრობთ, შეძლებს ოპოზიცია ზეპარტიული კანდიდატის პოვნას?
- ასეთი კანდიდატის პოვნა მათ გაუჭირდებათ, რადგან ასეთი პიროვნება, რომელიც იქნება ზეპარტიული, უნდა ჰქონდეს ასევე საზოგადოებრივი ცნობადობა და გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება. ასეთი კანდიდატი რთული მოსაძებნია.
თქვენი აზრით, სხვა შემთხვევაში, ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს?
- თუ ამას ოპოზოცია არ გააკეთებს, ასეთ შემთხვევაშიც მათ ძალიან გაუჭირდებათ. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის კანდიდატს დააყენებს, შესაძლოა, გაუსწროს მათ კანდიდატს და გავიდეს მეორე ადგილზე, თუმცა, აქ თეორიული შანსი მაინც ჩნდება.
თუ ცალ-ცალკე იქნებიან, ძალიან გაუჭრდებათ გავიდნენ მეორე ტურში. ალბათ, მეორე ტურს უნდა ველოდოთ. „ქართული ოცნების“ კანდიდატი, სავარაუდოდ, კახა კალაძე იქნება, შესაბამისად, გარანტირებული აქვთ მეორე ტურში გადასვლა. ვნახოთ, როგორ გადანაწილდება ოპოზიციაში ხმები.
შესაძლებელია, კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვოს, როგორც წინა წინა არჩევნების დროს მოხდა, ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა, იქამდე შორია და ასეთი პროგნოზების გაკეთება, ძალიან გამიჭირდება.
თუ სურთ ოპოზიციის წვრილ პარტიებს ჰქონდეთ შანსი, რომ სერიოზული მონაწილეობა მიიღონ თბილისი მერის არჩევნებში, საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ. პლუსია, რა თქმა უნდა, ზეპარტიული თუ იქნება, კარგია, მაგრამ არც დიდი უბედურება იქნება თუ პარტიული იქნება, თუმცა, რეიტინგული.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს სთავაზობს. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა ოპოზიციამ დოლიძის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი და ამ შემთხვევაში, რა შანსებზე შეიძლება ვისაუბროთ?
- ზოგადად, ასეთი თემები უნდა მოთელილიყო შიგნით, ოპოზიციურ პარტიებს შორის. მას უნდა მოესინჯა ნიადაგი, შეხვედრები გაემართა და შემდეგ დაესახელებინა თავისი კანდიდატურა. როდესაც ასახელებ შენს კანდიდატურას და სხვებისგან მხარდაჭერას მოითხოვ, ეს ფსიქოლოგიურად განაწყობს ამ ხალხს უარყოფითად. ანა დოლიძე კარგი კანდიდატია, აქვს პოლიტიკური გამოცდილება, არის იურისტი, თავის დროზე იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, მაგრამ ჯობდა, სანამ კანდიდატურას დაასახელებდა, ან შესთავაზებდა ოპოზიციას, მანამდე მათთან ჰქონოდა გარკვეული კონსულტაციები, ნიადაგი მოესინჯა. ასე როდესაც ასახელებ საკუთარ კანდიდატურას, ნაკლები შანსია, რომ მხარდაჭერა მიიღო. ვფიქრობ, რომ ანა დოლიძე ერთ-ერთი სერიოზული კანდიდაიტი შეიძლებოდა ყოფილიყო.