"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ბოლო ერთი თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა. "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში გამჭვირვალე გახდა რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადების პროცედურები და სამთავრობო კომისიის საქმიანობა. რეგიონული განვითარების სამინისტრო ამ მიმართულებით პირველი ეტაპი - მუნიციპალიტეტებიდან და სამხარეო ადმინისტრაციებიდან პროექტების მიღების პროცესი დაასრულა და მეორე პროექტის შერჩევის პროცესს იწყებს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "რეგიონების განვითარებისთვის 200 მილიონი დაიხარჯება".
"მინისტრის ინფორმაციით, რეგიონებში განხორციელებული პროექტებისთვის ფონდიდან 200 მილიონი ლარი დაიხარჯება, 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოებთან დაკავშირებით 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე 105 ტენდერი გამოცხადდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რომელიც გასულ წლებში იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ პროექტებსაც იწყებს, რომლებიც ისევ და ისევ რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნავს გამოცემა.
"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სულ 105 ტენდერი გამოცხადდა. მათ შორის, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე 12 საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, ხოლო საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ საგზაო პროექტებზე - 93 ადგილობრივი ტენდერი. აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საერთაშორისო ტენდერების შედეგად და წინა წლიდან გარდამავალი საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სხვადასხვა სამუშაოები 23 ობიექტზე მიმდინარეობს. მიმდინარე თვეში საერთაშორისო სატენდერო პროცედურები დასრულდა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც მოცულობითა და ბიუჯეტით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"გარდა ამისა, ნარმანიას განცხადებით, სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ზუგდიდში რვა 4-სართულიანი შენობისგან დაკომპლექტებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის თაობაზე ტენდერი გამოაცხადა. ასევე, ნარმანიამ ჟურნალისტებს გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ვიზიტებზე ინფორმაცია მიაწოდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, "სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო". როგორც დავით ნარმანია აცხადებს, ახალი ეტაპი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართება. მინისტრის განცხადებით, ამჟამად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის რწმუნებულებისთვის ტრეინინგებს ატარებენ, რომლებმაც ადგილებზე სოფლის კრებები უნდა ჩაატარონ. მინისტრის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დასაფინანსებლად უნდა იქნეს გამოყენებული", - დასძენს გამოცემა.