„ტაქტიკურად სწორად გათვალა გიორგი გახარიამ, რადგან მელიასა და კობახიძეზე გალაშქრება არ გამოიწვევს გაღიზიანებას არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველში, ხოლო, თუკი გახარია ივანიშვილსა და სააკაშვილს დაუპირისპირდებოდა, მთელი ელექტორატი ამხედრდებოდა გახარიას წინააღმდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
გიორგი გახარია პირვანდელი დუმილის შემდეგ ცალკეულ თემებზე ალაპარაკდა. მოვისმინეთ მისეული ვერსია 20 ივნისს დამალული დეპუტატების შესახებ, ასევე, ნამახვანის ირგვლივ ხელმოწერაზე, პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილისგან მის საქმეში ჩაურევლობის შესახებ... თანდათანობით ის უფრო მრავლისმეტყველი ხდება, ეს ნიშნავს თუ არა, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაიხსნას და მისთვის ტაბუდადებულ თემაზე-ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ალაპარაკდეს?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, საქმეს როგორ დასჭირდება. ჯერჯერობით, ჩემი აზრით, გიორგი გახარიას ტაქტიკა აბსოლუტურად სწორი და გამართლებულია. ის არ შეხებია არც ივანიშვილს და არც სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მან მიიღო ორმხრივი ცეცხლი, როგორც „ქართული ოცნებისგან“, ისე ოპოზიციისგან, მათ შორის, „ნაცმოძრაობისგანაც“. გახარიამ სწორედ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მან დაარტყა კობახიძეს, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ თვით პარტიაშიც აბსოლუტური უმრავლესობა, აღარაფერს ვლაპარაკობ ამომრჩეველზე, თვლის, რომ კობახიძე ნომინალური ფიგურაა, მთავარ ფიგურად კვლავ რჩება ივანიშვილი. ეს დადასტურდა სწორედ იმ წერილით, რა წერილიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა. ისევე, როგორც მელიას მისამართით, მელიას ამომრჩეველი თვლის, რომ ის არის სააკაშვილის ხელდასმული და მელიას ამომრჩეველი ძირითადად სააკაშვილის ამომრჩეველია, ანუ ტაქტიკურად სწორი გათვლაა გახარიას მიერ, რადგან მელიასა და კობახიძეზე გალაშქრება, დარტყმა, თუ, როგორც გნებავთ, ისე ჩათვალეთ, არ გამოიწვევს გაღიზიანებას არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველში. ელიტებში შეიძლება იყოს ამ თემაზე გარკვეული საუბრები, ასევე, მედიაშიც, მაგრამ ამომრჩეველში მაინცდამაინც დიდ პროტესტს არ გამოიწვევს. ხოლო, თუკი გახარია ივანიშვილსა და სააკაშვილს დაუპირისპირდებოდა, მთელი ელექტორატი ამხედრდებოდა გახარიას წინააღმდეგ. არ ვიცი, გააზრებულად, თუ გაუაზრებლად, გახარიამ ეს მშვენივრად გააკეთა. ეს საქციელი სწორია ისევე, როგორც, რომ ის ლაპარაკობს 20 ივნისის მოვლენებზე ისე, რომ არ ახდენს ამ პიროვნებების პერსონიფიცირებას. რაც შეეხება მომავალს, რას იზამს გიორგი გახარია? - ჯერჯერობით ის „მშვენიერ“ მდგომარეობაშია, ის ახლა მუშაობს იმ ამომრჩეველზე, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ მოსწონს, არც „ნაცმოძრაობა“ და, თუ ახლა ორმხრივ ცეცხლს მიიღებს, ეს ამ ამომრჩევლისთვის იქნება დასტური, რომ სწორედ გახარიაა ის ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ამ ახლო მომავალში, რომელიც ნამდვილად ნეიტრალურია. რა მოხდება მომავალში, ამის თქმა რთულია, ვნახოთ, როგორი იქნება საარჩევნო პერიოდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. აქ, ალბათ, უფრო გამოიკვეთება, რას წარმოადგენს გახარია და როგორი იქნება მისი პოლიტიკური მომავალი.
ზოგადად, გახარიამ შეძლო ის, რომ დაეპირისპირებინა ორივე პოლიტიკური პოლუსი საქართველოში, ამასთანავე, მას აქვს ნორმალური დამოკიდებულება როგორც ჩვენი სამეზობლო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მიმართ, ისე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთანაც. შეიძლება, ამ ქვეყნებში მას მხარდაჭერა არ ჰქონდეს, მაგრამ არც უარყოფა აქვს.
ის ფაქტი, რომ სააკაშვილს არ შეეხო გახარია, „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულ ამომრჩეველზე დადებითად არ აისახება, მაგრამ ეს იმის საწინდარია, რომ „ნაციონალი“ ამომრჩეველი გაჰყვება გახარიას ცნობილი ფრაზის - „მე თქვენ დაგასრულებთ“ - შემდეგ?
- ამაზე თქვა კიდეც, სიტყვა გამექცაო. ამ ეტაპზე ის არ მუშაობს არც „ნაციონალ“ ამომრჩეველზე, არც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე, ის პოზიცია, რაც მან თავიდანვე გააჟღერა, არის ის, რომ ეს ამომრჩეველი მას არ დაუპირისპირდეს. თუ ის არ შეეხება ივანიშვილ-სააკაშვილს, პარტიები მას დაუპირისპირდებიან, მაგრამ ამომრჩეველი არ დაუპირისპირდება. ამ წუთში მას ეს სჭირდება.
ხშირად გვესმის „ქართული ოცნებისგან“, რომ საკუთარ ტყუილებში აიბლანდა გახარია. როდესაც გახარია ირწმუნება, რომ 20 ივნისი თურმე არ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ივანიშვილი მის საქმეებში არ ერეოდა პრემიერობისას, ამ მესიჯებში რამდენად გულწრფელია? ვინმე დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეაწუხეს 20 ივნისს და მან არ იცოდა, რა მოხდა, ან კიდევ, რომ ივანიშვილი არ ერეოდა გახარიას საქმეებში?
- აბა, რა ვიცი, ერეოდა კი ივანიშვილი გახარიას საქმეებში? ეს არ ვიცით. ზოგადად, ის, რაც გახარიამ გააკეთა 20 ივნისამდე და მის მერეც, ივანიშვილისთვის მიუღებელი ნამდვილად არ ყოფილა. მიუღებელი რომ ყოფილიყო, ის პრემიერი ვერ გახდებოდა. 20 ივნისის შემდეგ გახარიას რეიტინგი დაეცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გახარიამ პოსტი კი არ დაკარგა, დაწინაურდა. ზოგადად, ცნობილია, რომ ადამიანს მანამ მიუშვებ საკუთარ ნებაზე, სანამ ის დაუკრეფავში არ გადავა. ხოლო, როცა გადავა დაუკრეფავში, შემდეგ მოთოკავ. ამიტომ, სანამ გაწყობს ადამიანის ნამოქმედარი, მის საქმიანობაში რატომ უნდა ჩაერიო?! როგორც ჩანს, ივანიშვილს ხელს აძლევდა ის, რასაც გახარია აკეთებდა, ამიტომ არ ჩაერეოდა მის საქმიანობაში. გულწრფელობასთან დაკავშირებით კი მშვენიერი რამ თქვა გახარიამ, მე დავურეკე ივანიშვილს, მან ტელეფონზე არ მიპასუხაო. ფაქტობრივად, ესეც პასუხია, ანუ მიხვდა, რომ ივანიშვილი არ იზიარებდა მის პოზიციას. ალბათ, გახარიას საქმეში ივანიშვილი არც ერეოდა, არ სჭირდებოდა და არ ერეოდა, როცა დასჭირდებოდა, ჩაერეოდა. ასე მოხდა კვირიკაშვილის დროსაც, ივანიშვილი არც კვირიკაშვილის საქმეებში ერეოდა, მაგრამ, როცა დასჭირდა, ჩაერია.
ივანიშვილი გახარიას საქმეში ჩაერია ახლაც, როცა საკუთარი აპოლიტიკური იდილია სამი თვის თავზე იმის სათქმელად დაარღვია, რომ საზოგადოებისთვის ემცნო - „გახარია მოღალატეა“.
- თუ გახარია გაჩერდებოდა და პოლიტიკაში არ შემოვიდოდა, არავინ არაფერს არ იტყოდა...