გერმანიაში იქმნება ახალი პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ცხადი მიზნით, უარი ეთქვას საერთო ევროპულ ვალუტას და ქვეყანამ დაიბრუნოს ფულის ეროვნული ერთეული. პარტიის დამაარსებლები არიან წამყვანი ეკონომისტები, მეცნიერები, რომლებიც ერთად აპირებენ მეტოქეობა გაუწიონ კანცლერს და მის კონსერვატიულ, ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას.
ახალი პატიის შექმნა მოჰყვა გერმანიაში ევროს მიმართ ანტაგონისტური განწყობილების ზრდას. არადა, ბერლინი ყოველთვის საერთო ვალუტის მომხრეთა ავანგარდში იყო და, როგორც ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა, გამწევი ძალის როლს თამაშობს სავალუტო კავშირში. ახლა მაღალი რანგის ეკონომისტთა და მეცნიერთა ჯგუფი აპირებს ევროს ალტერნატივა მოძებნოს. ერთ-ერთი ვარიანტია, შემოიღონ, ასე ვთქვათ, სეპარატისტული ვალუტა, ევროზონის უფრო ჯანსაღ ეკონომიკებთან - ავსტრიასთან, ფინეთსა და ნიდერლანდთან -ერთად. პარტიას, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში აპირებს გაფორმდეს ოფიციალურად, მიაჩნია, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა აიღოს სხვა სახელმწიფოს ვალი და ევროპის სტაბილიზაციის მექანიზმი - დახმარების ფონდი - უნდა გაუქმდეს. პარტიის წარმომადგენელი ფრაუკე პეტრი აცხადებს, რომ გერმანიისთვის ალტერნატივას წარმოადგენს ევროპა, მაგრამ არა ევრო:
„ევრო, როგორც ის დღესდღეობით მოქმედებს, ევროპას ვნებს, რადგან, ქვეყნების განსხვავებული ეფექტიანობის გამო (უკიდურესი მაგალითებია საბერძნეთი და პორტუგალია), სუსტი სახელმწიფოები იძულებულნი არიან ძლიერ შეკვეცონ სოციალური ხარჯები, რაც, პირველ რიგში, ახალგაზრდებს შორის მაღალ უმუშევრობას იწვევს. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება გამოეყოს ევროზონას“.
გერმანელები დღეს აღარ არიან ევროს თავგამოდებული მომხრეები. მათი ნახევარი, ტელეარხ „ცეტ-დე-ეფის“ გამოკითხვის თანახმად, ფიქრობს, რომ ევროს გარეშე მათი ქვეყანა უკეთესად იქნებოდა. ჟურნალ „ფოკუსის“ თანახმად კი, ამომრჩეველთა 25 პროცენტი მხარს დაუჭერდა ისეთ პარტიას, რომელიც ევროზონიდან გერმანიის გამოსვლისთვის იზრუნებდა. ფრაუკე პეტრის თქმით, ასეთია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ წამყვანმა პარტიებმა მოქალაქეთა ეს სურვილი ვერ გაითვალისწინეს:
„რადგან გერმანიის შრომის ბაზარზე შედარებითი სიმშვიდეა, გერმანელები არ გადიან ქუჩაში პროტესტის გამოსახატად. მათ არ უყვართ დემონსტრაციები, ძალიან დისციპლინებულნი არიან და ერთობ მომთმენნი. მაგრამ ახლა ყოველდღიურად ვიღებთ ათასობით წერილს, რომელთა ავტორები გვწერენ, რა კარგია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ამაზე ავლაპარაკდით, ამ საკითხებს პოლიტიკური ტაბუ ედოო. აქედან ჩანს, რომ მოსახლეობის მგრძნობიარე ნერვს შევეხეთ“.
ახალი პარტიის წევრებს შორის ძალიან ბევრია კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის ყოფილი მიმდევარი. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დააფუძნა გერმანიის მრეწველთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ ბერნდ ლუკემ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა 33 წლის განმავლობაში. ლუკე და, მის მსგავსად, სხვა გამოჩენილი ეკონომისტები და იურისტები ამაოდ ცდილობდნენ შებრძოლებოდნენ საბერძნეთისთვის დახმარების გაწევას. მათ სარჩელიც კი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვეულებრივ, ევროპის სახელმწიფოებში, ანტიევროპული რიტორიკა გაისმის მემარჯვენე პოპულისტური პარტიების რიგებიდან. სხვაგვარადაა გერმანიაში. „ალტერნატივა გერმანიისთვის“, მართალია, მემარჯვენეთა კატეგორიას განეკუთვნება, ის წარმოადგენს იმ მოქალაქეთა ინიციატივას, რომლებიც არ ეთანხმებიან ქვეყნის საფინანსო პოლიტიკას და ამ თემის საჯარო განხილვის ნაკლებობას. ახალ პარტიას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათ შორისაა რუდოლფ ჰიკელი, ბრემენის უნივერსიტეტის შრომისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი:
„ამ ავტორებს ვიცნობ. ისინი ისე იქცევიან, თითქოს ევროპისთვის იყვნენ მოწადინებული, მაგრამ სინამდვილეში ეფუძნებიან ინდივიდუალურ-სახელმწიფოებრივ პრინციპებს. რაც განსაკუთრებით მაბრაზებს, ისაა, რომ ისინი იხსენებენ „გერმანული მარკის“ „ოქროს ხანას“, - მოვიხმარ სადავო ტერმინს, - გერმანული მარკის იმპერიალიზმს. ეს არის რენაციონალიზაციის სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც ანტიევროპულია და წინსვლის ნაცვლად უკანსვლას წარმოადგენს“.
ჰიკელის ვარაუდით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, შემოდგომაზე, „ალტერნატივას“ არავითარი შანსი არა აქვს.