ყოფილი დეპუტატის ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი ბექა ხოფერია სამართალდამცავებმა გუშინ გვიან ღამით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს. ბექა ხოფერიასთან ერთად დაკავებულია მისი სამი მეგობარიც - დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი და ერასტი საბანაძე. დაკავებულებს ბრალი სსსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის ბექა ხოფერია დიღომში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალს არ აღიარებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა 2013 წლის 14 მარტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვაკე-საბურთალოს VII განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
კერძოდ, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე ათამდე ნასვამმა პიროვნებამ პოლიციელების მისამართით აგრესია გამოხატა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ნასვამმა პიროვნებამ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელმა კი ვითარების განმუხტვისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით, მცირე ინტერვალით ჰაერში ორჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
რაც შეეხება ხათუნა ხოფერიას, მან ზუსტად არ იცის, რისთვის დააკავეს მისი შვილი. იგი იმასაც აცხადებს, რომ მისი შვილი სასტიკადაა ნაცემი და მომხდარს ბუტა რობაქიძის ტრაგედიას უკავშირებს. კერძოდ, მისი ვერსიით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ პოლიციელს მოუვიდა ჩხუბი. ამ ფაქტს შეესწრნენ ბექა და მისი მეგობრები, ჩადგნენ შუაში და ამ დროს პოლიციის მხრიდან მოხდა ოთხი გასროლა.
"მათ არ იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები. ბექა არის საშინელი ნაცემი, ასევე, ნაცემია ერთ-ერთი იქ მყოფი. სიტუაცია არის ისეთივე, რაც მოხდა ბუტა რობაქიძის დროს. უბრალოდ, ჰაერში გასროლილი ტყვია არ მოხვდა ჩემს შვილს. ჩემს შვილს რომ ის ტყვია მოხვედროდა, გარწმუნებთ, მერე იქ დაყრიდნენ ავტომატებსაც, ყუმბარებსაც და ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა ამ სიტუაციისთვის", - აცხადებს ხათუნა ხოფერია და სამართლიანობის აღსადგენად ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
არსებული ინფორმაციით, ბექა ხოფერიას და მის მეგობრებს პოლიციასთან პრობლემები აქამდეც ჰქონიათ და სხვადასხვა ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი.
უფრო ზუსტად, ბექა ხოფერია 2008 და 2010 წლებში პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო 173-ე და 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს.
დავით ეჯიბია კი სამჯერ არის ნასამართლევი. კერძოდ, იგი 2007 წელს 260-ე მუხლით, ნარკოტიკის უკანონო შეძენისთვის გაასამართლეს, 2008 წელს 236-ე მუხლით - იარაღის უკანონო ტარებისთვის, 2009 წელს კი მას ბრალი 178 მუხლით ძარცვის ჩადენისთვის დასდეს.
მიშა იობაშვილი კი 2009 წელს, 238-ე პრიმა მუხლით ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს.
ცოტა ხნის წინ ხათუნა ხოფერია ახალი ხელისუფლების მიმართ დიდ ნდობას ამჟღავნდებდა და მისი მეგობრის - ზურაბ ჟვანიას საქმის სამართლიან გამოძიებას ელოდა. იგი კანონის უზენაესობას მოითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის ვაჟს პრობლემები სამართალდამცავებთან შეექმნა, იგი შეეცადა ბუტა რობაქიძის თემა გაეცოცხლებინა.
საინტერესოა, რა უნდა მოიმოქმედოს ახალმა ხელისუფლებამ, რათა დაკავებების შემთხვევები პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანონ და გირგვლიანისა და რობაქიძის მართლაც გაუგონარ ტრაგედიებს არ შეადარონ?! ის, რომ წინა ხელისუფლების დროს, კონკრეტული პირების დაკავებას ხშირად, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, ეს არავისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილს წინა ხელისუფლების პერიოდიდან ხომ არ გადმოჰყვა ინერცია, რათა ნებისმიერი დაკავება პოლიტიკას დაუკავშირონ?! რა უნდა გააკეთონ სამართალდამცავებმა მაშინ, როცა კანონის შესაბამისად, უწევთ ადამიანის დაკავება?!
For.ge-სთან საუბარში უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რათა, ერთი მხრივ, კანონის დაცვა მოხერხდეს, ხოლო, მეორე მხრივ, გამოირიცხოს პოლიტიკური დაკავებები. ამას კი ხელს შეუწყობს ვიდეომასალის არსებობა. ამის შესახებ ერთხელ გაჟღერდა კიდეც, მაგრამ გაგრძელება არ მოჰყოლია. არადა, პოლიციელებს ხელკეტებსა და ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შესაძლოა, პატარა ვიდეოგადაღების საშუალებებიც ჰქონდეთ, ან მათთან ერთად იმოძრაოს ვიდეოსაშუალებების მქონე პირმა და მან დააფიქსიროს მომხდარი. ამ შემთხვევაში, მთლიანად თუ არა, დიდწილად მაინც მოიხსნებოდა კითხვის ნიშნები, რომლებიც ხშირად აქვს ორივე მხარეს.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, უცხოეთში ასეთი საშუალებები მასობრივად არ არის გავრცელებული, მაგრამ იქ პოლიციას ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნია და არც სჭირდებათ ვიდეომასალის გამოყენება. არც რაიმე პოლიტიკური კლიშეს განადგურება არ არის საჭირო უცხოეთისთვის. ჩვენ კი შეგვიძლია ეს ნოვატორული მეთოდი გამოვიყენოთ და დამატებით დავნერგოთ, რაც ღიაობასა და გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს და პოლიტიკური ზეწოლით აპელირებას გამორიცხავს.
მისივე განმარტებით, პოლიციის შესახებ კანონს ხარვეზები გააჩნია, რადგან პოლიციელს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აქვს უფლება გააჩეროს ადამიანი, წაიყვანოს და შეამოწმოს ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ეს შესაცვლელია, მაგრამ ზოგადად, მთლიანობაში, კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიციამ გადაჭარბებული ძალა არ გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ მას ექსკლუზიურად აქვს უფლება, ძალა გამოიყენოს და ის არის ერთადერთი ლეგიტიმური მოძალადე, როგორც წესრიგის დამამყარებელი.
"მთავარია, პოლიციამ კანონი სკურპულოზულად დაიცვას და გამოიყენოს მხოლოდ პროპორციული ძალა, ანუ ის ძალა, რომელიც მას სჭირდება დამნაშავის გასანეიტრალებლად. სროლა, ცემა და სხვადასხვა სადისტური მოქმედებები, რაც წინა ხელისუფლების დროს ხშირად გვხვდებოდა, უნდა გამოირიცხოს", - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
მისი მოსაზრებით, პოლიტიკური შეფერილობით დაჭერა და პოლიტიკური ნიშნით დევნა სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ დისკრიმინაციად ითვლება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ისევე, როგორც რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური დევნა. უფრო მეტიც, 142-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ დანაშაულისთვის სასჯელია გათვალისწინებული, პირველ ნაწილში ორ წლამდე სასჯელი, მეორე ნაწილში - სამ წლამდე.
"ის, ვინც იძლევა ასეთ ბრძნებას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნოს მეორე პიროვნება, დანაშაულს სჩადის. პოლიციის შესახებ კანონში კი პირდაპირაა გაწერილი, რომ თუნდაც უფროსისგან მომდინარე დანაშაულებრივი, კანონსაწინააღმდეგო ბრძანება პოლიციელმა არ უნდა შეასრულოს. ამიტომ ეს კარგი მეხამრიდია, რათა არ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ამით აპელირება", - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.