პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2011 წლის 20 თებერვალს ავტორიზაციის საბჭოს 15-ვე უნივერსიტეტმა მიმართა (მათ შორის აგრარულმა უნივერსიტეტმა) და ითხოვეს მათთვის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ავტორიზაცია მიენიჭებინათ. დენის დავითაშვილი ამბობს, რომ მაშინვე დაინტერესდა, ამ სასწავლებლებს ავტორიზაციის მოპოვებისათვის ჰქონდათ თუ არა შესაბამისი პროგრამები, ასევე ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის რესურსი.
„ლაშა გოცირიძის ხელმოწერილი დოკუმენტი მაქვს, სადაც ისინი მეუბნებიან, რომ პროგრამებს არ გამაცნობენ, რადგან ეს მათი კომერციული საიდუმლოებაა. გაგიგიათ სადმე, რომ პროგრამა, რომლის შესასწავლადაც ჩვენი შვილები უნდა გავუშვათ რომელიმე სასწავლებელში, გასაიდუმლოებული იყოს და არ ვიცოდეთ, რა პროგრამით ასწავლიან, რა მატერიალური ბაზაა, როგორი პროფესურა, რა საგნები შედის ამ პროგრამაში და იქნება თუ არა ისეთი დიპლომი გაცემული, რომელიც უცხოეთს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში დასაქმების საშუალებას მაინც მისცემს ახალგაზრდებს? ასეთი პასუხის მიღების შემდეგ ლოგიკურად გამიჩნდა ეჭვი, რომ ისინი ვერ წერენ ამ პროგრამებს და ვერ უზრუნველჰყოფენ პროფესიული განათლების ხარისხს. ამიტომ მივმართავ კახა ბენდუქიძეს, ლაშა გოცირიძეს, დამიჯდნენ ეს ადამიანები პირისპირ და ვისაუბროთ იმაზე, აგრარულ უნივერსიტეტში რატომ გააყალბეს ცნება, რომელსაც მაღალი დონის პროფესიული განათლების მიღება ჰქვია“, - აცხადებს დენის დავითაშვილი.
მისი თქმით, შესაბამის ორგანოებს მიმართავს მოთხოვნით, შეისწავლონ აგრარულ უნივერსიტეტში და სხვა უნივერსიტეტებში როგორ მიმდინარეობდა ავტორიზაციის მიღების პროცესი და გაარკვიონ, ამ უნივერსიტეტებს ავტორიზაცია საერთოდ ხომ არ უნდა ჩამოერთვათ. აქვე იგი დასძენს, რომ ამის კატეგორიულად წინააღმდეგია. დენის დავითაშვილის განმარტებით, თუ ცალკეულ საკითხში უნივერსიტეტს დარღვევა აქვს, ეს მას ავტორიზაციას მთლიანად უუქმებს. კერძოდ, თუ დადგინდებოდა, რომ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით დარღვევა იყო, უნივერსიტეტი მთლიანად ისჯებოდა. ამიტომ დავითაშვილი ითხოვს, შესწავლილი იქნას პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების საკითხი.
„არსებობს ქართული ანდაზა - რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. მივმართავ კახა ბენდუქიძეს - რაც მოგივიდა კახა ბენდუქიძე, ყველა შენი უცოდინრობით. საქართველოში რომ ჩამოხვედი და ეკონომიკის აღორძინება რომ მოისურვე, ერთი რომელიმე საწარმო მაინც ააღორძინე? შენი ეკონომიკის მინისტრობა სრული კრახით დამთავრდა, ახლა კი ახალი დავალება მიიღე, რომ განათლების სფეროს „მოუარო“ და „უვლი“ კიდეც, ამახინჯებ ახალგაზრდების ცხოვრებას. ამასთანავე, მათ ეუბნები, რომ ხელისუფლების ბრალია სასწავლებლის გარეშე რომ დარჩნენ. სინამდვილეში კი ყველაფერი შენი ბრალია, რადგან თავის დროზე შესაბამისი სტანდარტი არ დაამკვიდრე შენს სასწავლებელში“, - მიმართავს ბენდუქიძეს დენის დავითაშვილი.
მისი თქმით, შარშან გაშიფრა თაღლითური სქემა, რომელშიც განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, კახა ბენდუქიძე და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, ლაშა გოცირიძე მონაწილეობდნენ. კერძოდ, დენის დავითაშვილს აქვს პრემიერ-მინისტრ გილაურის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც წერია - „მოწონებულ იქნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის გასაფორმებელი შეთანხმება.“ დავითაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პრემიერი იწონებს ხელშეკრულებას, რომელიც ჯერ არ გაფორმებულა.
რაც შეეხება თავად ამ ხელშეკრულებას, დენის დავითაშვილი განმარტავს, რომ ამ დოკუმენტით განათლების მაშინდელი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი აგრარულ უნივერსიტეტს გადასცემს ოთხ საუკეთესო პროფესიულ კოლეჯს, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაზე იყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა მათი რეაბილიტაცია. ესენია „იკაროსი“, ხიდისთავის კოლეჯი, ასევე ოზურგეთის და თელავის პროფესიული კოლეჯები. დენის დავითაშვილი განმარტავს, რომ პროფესიული განათლების შესახებ კანონის მე-15 მუხლის თანახმად, პროფესიული კოლეჯის (როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯის) დამფუძნებელი მხოლოდ განათლების სამინისტროა. ამიტომ პროფკავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განათლების მაშინდელმა მინისტრმა, დაიმიტრი შაშკინმა კანონი დაარღვია, როდესაც სახელმწიფო კოლეჯები საკუთრებაში გადასცა აგრარულ უნივერსიტეტს, რომელსაც კერძო მესაკუთრე, კახა ბენდუქიძე ჰყავდა. ამასთანავე, დიმიტრი შაშკინმა თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ მიმართავდა ეკონომიკის სამინისტროს, რათა ამ ოთხი კოლეჯის მთლიანი მატერიალური რესურსების პრივატიზება მომხდარიყო სიმბოლურ თანხად, ანუ ერთ ლარად.
„პრემიერ-მინისტრს დავესესხები, როგორც ირკვევა აგრარული უნივერსიტეტი ბენდუქიძისთვის ერთ ლარად გადაუციათ. მოგეხსენებათ, მადა ჭამაში მოდისო და ახლა უკვე ოთხი კოლეჯის მისთვის გადაცემაც ერთ ლარად დაგეგმეს. ამის გამო წერილებით ავავსე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის პარლამენტი, რამაც ეს პროცესი შეაფერხა. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც კოლეჯების აგრარული უნივერსიტეტისთვის გადაცემის საკითხს გადაწყვეტდა. შემდეგ მოვიდა 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერი და პრაქტიკულად, წინა ხელისუფლებას უბრალოდ აღარ დასცალდა შაშკინის ამ ბრძანების შესრულება, თუმცა დოკუმენტი ხომ არსებობს და ჩანს, რომ შაშკინი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებდა“, - აღნიშნავს დენის დავითაშვილი.
იგი საუბრობს იმ თანხებზე, რომლებიც აგრარულ უნივერსიტეტში ინვესტიციის სახით იყო თითქოსდა ჩადებული. დავითაშვილის თქმით, თავიდან 80 მილიონი ლარი სახელდებოდა, მოგვიანებით განათლების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ 30 მილიონი დაასახელა, ხოლო გუშინ კახა ბენდუქიძემ დიპლომატებთან შეხვედრაზე თქვა, რომ აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზებაში ხუთი მილიონი ლარი გადაიხადა, ხოლო რემონტი კი ათ მილიონ ლარამდე დაუჯდა. დენის დავითაშვილი მოითხოვს, გაირკვეს, ხუთი მილიონი გადაიხადა ბენდუქიძემ აგრარულ უნივერსიტეტში, თუ მართლაც ერთ ლარად შეიძინა და თუ ასეა, მაშინ ვის გადაუხადა ის ხუთი მილიონი, რომელზეც დიპლომატებთან შეხვედრაზე საუბრობდა.
„გაირკვეს, ვინ ამბობს სიმართლეს პრემიერ-მინისტრი, რომლის თქმითაც აგრარული უნივერსიტეტი ბენდუქიძემ ერთ ლარად ჩაიგდო ხელში, თუ კახა ბენდუქიძე, რომელიც ამბობს, რომ ხუთი მილიონი გადაიხადა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მის მიერ ნანახი დოკუმენტის საფუძველზე საუბრობს, ხოლო კახა ბენდუქიძე 80 მილიონიდან 5 მილიონზე რომ ჩამოვიდა, აქ უკვე ყველაფერი ნათელია“, - აცხადებს პროფკავშირის თავმჯდომარე.
მისი თქმით, პროფესიული სასწავლებლები უმაღლესი სასწავლებელი დაწესებულებებისგან განსხვავდება, რადგან იქ მხოლოდ ლექციის მოსასმენად არ მიდის სტუდენტი. პროფესიულ კოლეჯში ამის გარდა სახელოსნო უნდა იყოს, ლაბორატორია, ასევე საწარმოო პრაქტიკაზე შესაბამის ორგანიზაციებთან უნდა ჰქონდეს მოლაპარაკება, რათა შემდეგ სტუდენტების დასაქმებაც მოხდეს და ა.შ. დენის დავითაშვილის თქმით, განათლების სისტემის მესვეური არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ის თვისებები აქვს, რასაც კახა ბენდუქიძე ამჟღავნებს. კერძოდ, დავითაშვილის თქმით, ბენდუქიძე არის უზრდელი, არ არის კაცთმოყვარე, არ უყვარს სტუდენტები და პროფესურა, სიტყვით ამბობს, რომ მათთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ საქმით ვერაფერს აკეთებს.