2012 წელს შევსებული დეკლარაციების თანახმად, ყველაზე დიდი წლიური შემოსავალი მთავრობის ყოფილი წევრებიდან ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ მიიღეს. ხოლო ყველაზე მცირე შემოსავალი - იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა. ყოფილმა მინისტრებმა ქონებრივი დეკლარაციები 2012 წელს შეავსეს და მასში გასული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღნიშნეს. შრომის ანაზღაურებაში შედის სამი ნაწილი: თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს 2011 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 122 400 ლარის ოდენობის ანაზღაურება. თითქმის ამდენივე შემოსავალი მიიღო ამავე პერიოდში კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ - 121 400 ლარი.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად კი, კობა სუბელიანმა წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 89 750 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ კი 80 820 ლარი.
ვანო მერაბიშვილის შემოსავალი 2011 წლის განმავლობაში საქართველოს შს მინისტრად მუშაობის პერიოდში 78 195 ლარით განისაზღვრა.
თავდაცვის სამინისტროში გადასვლამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მუშაობისთვის დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის განმავლობაში 77 880 ლარი გამოიმუშავა. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა კი - 69 020 ლარი. 2011 წელს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის შემოსავალი 89 959 ლარით განისაზღვრა.
თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს, 2011 წლის განმავლობაში ბაჩო ახალაიამ 57 400 ლარის შემოსავალი მიიღო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ ერთი წლის განმავლობაში 88 500 ლარი გამოიმუშავა.
რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, 2011 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისმა შემოსავალმა 42 480 ლარი შეადგინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა 2011 წლის განმავლობაში 109 740 ლარის შემოსავალი მიიღო.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა 2011 წელს 84960 ლარი გამოიმუშავა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა - 105 532 ლარი.
"ამბები.გე"-მ დაკავშირება რამდენიმე ყოფილ მინისტთან სცადა, თუმცა ამაოდ. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გიორგი ბარამიძემ და გოგა ხაჩიძემ.
ყოფილი მინისტრების შემოსავლებთან დაკავშირებით განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. მისი თქმით, წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ოდენობის ხელფასს იღებდნენ. მინისტრის განმარტებით, იყო თვეები, როდესაც კონკრეტულ მინისტრებს აღებული ჰქონდათ თვეში 27 000 ლარი.
"მინისტრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 10-12 000 ლარს შეადგენდა, რაც დღეს შემცირებულია. ვფიქრობ, ციფრების შედარება მარტივია. მცირდება შრომის ანაზღაურების ხარჯები ყველასთვის, მათ შორის - მინისტრებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ანაზღაურებაში შედის სამი ნაწილი: თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი. კანონმდებლობა პრემიის არსს არ განსაზღვრავს, მაგრამ პრემიერმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება. არ შეიძლება ყოველ თვე პრემია მიიღო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.