გზავნილი ბრიუსელიდან – „საქართველო გახდება ნატო–ს წევრი“

გზავნილი ბრიუსელიდან – „საქართველო გახდება ნატო–ს წევრი“

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე ორი დღიღ ადრე, საქართველომ ცალსახა და მკაფიო გზავნილი მიიღო ბრიუსელიდან – „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“, – ბრიუსელში გამართულ ნატო–ს სამიტის კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება.

წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო–ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილთან ერთად. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი საგარეო ჩარევის გარეშე.

ჩვენ მზად ვართ, ნატო–საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით განახლებული ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებს“, – აღნიშნულია ნატო–ს კომუნიკეში.

ნატოს–ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო–სთან მეტი დაახლოების მიზნით ალიანსი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსი სოლიდარობას უცხადებს ღირებულ პარტნიორებს – უკრაინასა და საქართველოს.

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ალიანსს უფრო დაუახლოვდნენ. საქართველოსთან მიმართებაში მესიჯი იგივეა, რაც უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ გთავაზობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. მათ შორის არის თბილისში საწვრთნელი ცენტრი. საქართველო არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. მე კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდასაჭერად“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

2021 წლის სამიტის ერთ–ერთი მთავარი გზავნილია, რომ საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები. საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს ნატო–ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ოფოციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს ნატო–ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს.

ბრიუსელის ფორუმზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად იმყოფება საქართველოს პრემიერ–მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი.

„მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნატო–სთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო–ს კომუნიკეში არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერც ერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო–ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი და, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის.

მისივე თქმით, კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში.

„წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით. მოხარულები ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში, ნატო–ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი. კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევრო–ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით. მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი იყო ხანმოკლე და შეზღუდული ფორმატით იმართებოდა, პოლიტიკური გზავნილების კუთხით მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თავად ნატო–სთვის, ასევე საქართველოსთვის. ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ტრანსფორმაციის პერიოდი მიმდინარეობს ალიანსის და ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქმნება.

„ჩვენ პულსზე გვიჭირავს ხელი და, რა თქმა უნდა, დოკუმენტის ნახვა არ შეიძლება და ამის უფლება არ გვაქვს, ძირითად გზავნილებს მაინც ვიგებთ ხოლმე. ჩვენ შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ პარტნიორებისთვის, რასაც ძალიან აფასებენ. ჩვენ პრაქტიკული თანამშრომლობა უნდა გავაღრმავოთ იმ დონემდე, რომ ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს, ვთანამშრომლობთ ოპერაციების დირექტორატთან, ნატოს დაზვერვის სამსახურთან, რომელიც დიდ როლს თამაშობს შავი ზღვის რეგიონში ინფორმაციის მოპოვებასა და საფრთხეების პრევენციის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

აშშ–ის ელჩის განცხადებით, კომუნიკეში აღნიშნული იქნება წევრების ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი. როგორც კელი დეგნანი აცხადებს, შეერთებული შტატების წარმომადგენლების არაერთი მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს მხარდაჭერას მათ შორის ნატო–ს წევრობასთან დაკავშირებით.

„ველოდებით მკაფიო გზავნილებს რუსეთთან მიმართებაში, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაკისრი ვალდებულებები, გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მისიების შესვლას ოკუპირებულ რეგიონებში, რათა ეს ტრაგიკული შემთხვევები შეწყდეს. ვფიქრობ, იქნება მკაფიო გზავნილები ალიანსისგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ისევე როგორც აღინიშნება საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საქართველომ ნატო–ს სამიტზე მიღებული კომუნიკეთი ძლიერი და მკაფიო გზავნილები მიიღო. როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო–ს სამიტის კომუნიკეში ცალსახად საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები გაკეთდა, სადაც ნატო რუსეთს მოუწოდებს, უკან წაიღოს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, გაიყვანოს საკუთარში ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

„ცალსახად მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ნატო–ს წევრი ქვეყნების დიდ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიების მიმართ. ასევე მეორე მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა და მას გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოემზადოს ნატო–ს წევრობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნატო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის ნატო–სთან თავსებადობის კუთხით და ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მომავალში საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ, რომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით გაიმართება 2022 წელს კიდევ ერთი ერთობლივი წვრთნა ნატო–საქართველოს შორის. ნატო–ს მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა წამოვა, რათა გაუმკლავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს. ეს არის ძლიერი და მკაფიო გზავნილები“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

 

ზურაბი როდესაც საქართველო გახდება ბირთვული სახელმწიფო და ისე გაძლიერდება რომ დამოუკიდებლად შეეძლება რუსეთის დამარცხება, მაგ შემთხვევაში ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები.ამას ვამბობ ამ საქმის დაუძინებელი ექსპერტი.
3 წლის უკან