ქართული მხარე რუსეთს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. საუბარია „მოლდოვას პრეცედენტის“ შესაძლო დაშვებაზე, რომლის მიხედვითაც საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საერთაშორისო ძალები განლაგდებიან.
როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და დიალოგის დაწყებას სთავაზობს. დიალოგის ფარგლებში, შესაძლოა, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება საუბრის თემა გახდეს.
თუმცა, როგორც მანჯგალაძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია და მის ორგანიზაციაში შესვლას მხარს არ დაუჭერს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის ინიციატივასაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თარგამაძის ინიციატივა საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება პოზიციების შეცვალს მაინც არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მოლდოვას პრეცედენტის დაშვებას სთხოვს.
კერძოდ კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არა ქართული და რუსული ძალების დაყენება, არამედ მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება უნდა მოხდეს.
უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის აზრით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივა საკმაოდ საინტერესოა და მისი ხელისუფლების მხრიდან გაჟღერება სულ მცირე, საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს კომპრომისებისთვის მზადმყოფ მხარედ წარმოაჩენდა“.
როგორც სესიაშვილმა „პირWელს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღნიშნული იდეის ხორცშესხმას სავარაუდოდ, არ დასთანხმდება, იგი მსჯელობის საგანი მაინც უნდა გახდეს.
„ამ შეთავაზების მოსინჯვა ღირებულია, რამდენადაც ეს საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ქვეყანას, რომელიც კომპრომისებისთვის მზადაა და თავის პოზიციას ჯიუტად არ ებღაუჭება“, - განმარტა სესიაშვილმა.
ზოგადადაც, მისი აზრით, მოლდოვას გამოცდილება ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით - ადმინისტრაციულ საზღვარზე ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის კუთხით.
„დნესტრისპირეთში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ნაწილობრივ აღიარებულია. კერძოდ, დე იურე მოლდოვა დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას და მის მიერ გაცემულ დოკუმენტებს არ აღიარებს, თუმცა ნებას რთავს დნესტრისპირეთში მცხოვრებ პირებს, ადმინისტრაციულ საზღვარზე ასეთი საბუთით გადაადგილდნენ“, - განმარტა სესიაშვილმა.
ექსპერტის აზრით, „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული საკითხების მაქსიმალური დაცვით კომპრომისული წინანდადებების მაქსიმალური პაკეტი უნდა შეიმუშავოს“.
„ეს ნიშნავს, რომ უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლო გზა დაახლოებისთვის და ორიენტირებულები ვიყოთ პრაგმატულ შედეგებზე, ხოლო სტრატეგიულ, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით პრინციპული მიდგომები შევინარჩუნოთ“, - დასძინა მან.
ექსპერტის კავკასიის საკითხებში გიორგი მამულიას აზრით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრემლზე ზეწოლა განხორციელდება.
„გიორგი თარგამაძის ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან განხილვისა და მხარდაჭერის ღირსია, რადგან ამით თბილისი ორ მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტს:
1) ევროკავშირის სასაზღვრო მისიის საქართველო-რუსეთის საზღვრის ფსოუს მონაკვეთსა და როკის გვირაბთან განთავსება, რითაც კრემლი, ფაქტობრივად, მდუმარედ აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო-რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვარი არა ენგურზე და ცხინვალის რეგიონზე, არამედ ფსოუსა და კავკასიის მთავარ ქედზე გადის;
2) ეს იქნება პირველი ნაბიჯი სერთაშორისო მისიების საქართველოს ოკუპირებულ ზონებში დასაბრუნებლად და საერთაშორისო თანამეგობრობას შესაძლებლობას მისცემს, ასე თუ ისე, ფსოუსა და როკის გვირაბის მონაკვეთებზე კონტროლი აწარმოოს, რაც ამ ტერიტორიების სტატუსს პირდაპირ უკავშირდება“, - განუცხადა „პირWელს“ მამულიამ.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ საქართველოსგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოცილების ლეგიტიმაციის მიზნით კრემლი საერთაშორისო მისიების (ეუთო, გაერო) ამ ტერიტორიებზე დაშვების მთავარ პირობად მათ ცალკე - არა მთლიანად საქართველოში, არამედ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დამოუკიდებლად არსებულ მისიებად მოხსენიებას მოითხოვდა.
ამასთან, ექსპერტის აზრით, „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივის განხორციელება საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი დამხარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ამ ინიცატივის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრემლზე შესაბამისი ზეწოლა მოყვება“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ ასევე, რომ რუსეთმა აშშ-სთან და ევროკავშირთან ქვეყნის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ქვეყნის მსო-ში გაწევრიანების პერსპექტივა ბევრად უფრო ნათელი გახდა და რუსეთი ორგანიზაცის წევრი უკვე 2011 წელს შეიძლება, გახდეს. თუმცა საქართველოს ვეტო მოსკოვისთვის ამ საკითხში კვლავ სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება.
თბილისი კი, „კრეატიული გადაწყვეტილებების ძიების“ შესახებ აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, ოფიციალური განცხადებების დონეზე პოზიციას არ იცვლის და ვეტოს მოხსნის პირობად კვლავ როკის გვირაბსა და ფსოუზე ერთობლივი სასაზღვრო კონტროლის განხორციელებას აყენებს.
მედვედევის მიერ ნახსენები 2011 წელი უკვე მოახლოვდა, თუმცა როგორც „პირWელს“ გიორგი თარგამაძემ განუცხადა, მისი მონაცემებით, ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ამ საკითხზე ჯერჯერობით არც ოფიციალურ, არც კულუარულ დონეზე, არც შუამავლების მონაწილეობით და არც მათ გარეშე მოლაპარაკებები არ გამართულა.