საკრედიტო დავალიანებების გამო დაზარალებული იმ მოქალაქეების პრობლემებზე, რომელთაც სახლების დაკარგვა ემუქრებათ, სამთავრობო კომისია მუშაობას აგრძელებს. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ამ მიმართულებით ალბათ, მთავრობა ბევრს ვერ შეძლებს, რადგან სიტუაცია უკიდურესად რთულია. მთავრობას, თავის მხრივ, დახმარებას სთავაზობს “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელსაც პრობლემის გადაჭრის გზები უკვე ნაპოვნი აქვს.
“დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდი: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნებობის მინისტრიც ჩართულნი არიან ამ კომისიაში და მიდის მუშაობა ბანკებთან, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია. იპოთეკური სესხები ძალიან ბევრია, ასეთი რაოდენობის ფინანსები ბიუჯეტში არ არსებობს...
აჭარაში უფრო შევძელით მდგომარეობის გამოსწორება, ვიდრე საქართველოს მასშტაბით, მაგრამ იქაც სატრაბახო არ გვაქვს. ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ რთული პროცესია ძალიან, დიდ თანხებზეა ლაპარაკი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ივანიშვილის თქმით, ბანკებსაც არ აქვთ სურვილი, რომ დავალიანების მქონე მოსახლეობას სახლები გაუყიდონ და ქუჩაში გაყარონ, მაგრამ ყველაზე მეტად სიტუაციას მოსახლეობის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხები ართულებს, რადგან ეს სფერო დაურეგულირებელია.
“ყველაზე მეტად, რაც ართულებს საქმეს და რისი მოვლაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ (კანონის შეცვლასაც ვაპირებთ, ეროვნული ბანკის მმართველსაც შევუთვალე და მე მგონი შეიცვალა კიდეც, უკვე უნდა გაეკეთებინა) არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები... ეს ქმნის ძალიან დიდ დაურეგულირებელ პროცესს.
ხშირად დაზარალებულები სახლთან მხვდებიან, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. თუ ბანკებთან მოლაპარაკებით კიდევ შეიძლება შედეგის მიღება, ძალიან აფერხებს ამას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სიმრავლე და მათი არსებობა. იცით ხომ რაზეც ვსაუბრობ? კერძო სესხებს რომ ეძახიან... იქ არის ძალიან მაღალი პროცენტები.
მიკროსაფინანსოებს ვერაფერი მოვუხერხეთ, ძალიან ბევრია და ბანკებთანაც გვირთულდება ამიტომ... ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ახლაც ვერ დაგპირდებით, რომ აქ ჩვენ დიდ შედეგებს მივიღებთ, რაც უფრო ღრმად შევდივართ მით უფრო რთულდება სიტუაცია. რაღაცას შევძლებთ, მაგრამ, ალბათ, ბევრს - ვერა”, - განაცხადა მან.
ივანიშვილის სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ქართულმა დასმა” ხელისუფლებას საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დავალიანების მქონე მოქალაქეების პრობლემის გადაჭრის გზას შესთავაზა.
“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ მას აქვს პროექტი, რომელიც ამ პრობლემას უმტკივნეულოდ მოაგვარებს და რომლის განხორციელების შემთხვევაში ბანკები არათუ იზარალებენ, არამედ პირიქით, ფინანსურად გაძლიერდებიან და საბანკო პროდუქტებსაც გააიაფებენ.
“საუბარია ძალიან მარტივ, აბზაციან ცვლილებაზე, რომელიც სამოქალაქო კოდექსში უნდა შევიდეს და ასევე შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს აღსრულების შესახებ კანონში. მოკლედ, უნდა აიკრძალოს საცხოვრებლი სახლის ჩადება გირაოდ თუ ეს ოჯახის ერთადერთი საცხოვრებლი სახლია. მიუხედავად იმისა, ადამიანს უფიქსირდება თუ არა ვალი ბანკის ან კერძო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ, უნდა აიკრძალოს ერთადერთი საცხოვრებლი ფართიდან ოჯახის გამოსახლება. რა თქმა უნდა, ადამიანს ვალი დარჩება, ის ქონებრივად ვალდებული იქნება, რომ შემოსავალის მეშვეობით ეს ვალი აანაზღაუროს, მაგრამ არა ერთადერთი საცხოვრებელი ბინით. ამით ჩვენ ხალხს გადავარჩენთ უსახლკაროდ დარჩენისაგან და ჩვენ ამით სახელწმიფოს გადავარჩენთ “გაბომჟებისაგან”... ბომჟი ეს რუსული აბრევიატურაა, რომელიც უსახლკაროს ნიშნავს.
თუ გადავხედავთ დავალიანების გადახდის გრაფიკებს, აღმოვაჩენთ, რომ დავალიანების მქონე ადამიანების უმეტესობას ვალის ძირი-ფული უკვე გადახდილი აქვთ. მე ვიცი ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანმა ვალის ძირი გადაიხადა და ორჯერ იმაზე მეტი ვალი აქვს მაინც. რატომ? იმიტომ, რომ პროცენტი არის მაღალი და ჯარიმები ასტრონომიულად დიდია. აუცილებელია დარეგულირდეს, თუ სადამდე შეიძლება იზრდებოდეს ვალი.
ერთი შემთხვევა შემიძლია გითხრათ: ადამიანმა განვადებით გამოიტანა 300 დოლარის ღირებულების ტელეფონი, ვერ გადაიხადა თავის დროზე და ახლა ვალი ავიდა 11 ათასამდე. ამ ადამიანს სცხოვრებელ სახლს ართმევენ. ხომ არ შეიძლება ასე გაფრინდეს ვალი?” - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში ის კერძო იპოთეკარები, რომელთა შესახებაც დღეს პრემიერიც საუბრობდა, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების კუთვნილ ფულს ატრიალებდნენ.
“ეს კერძო იპოთეკარები, ძირითადად, ავახშებდნენ ყოფილი ჩინოვნიკების და მინისტრების ფულს. მინდა გითხრათ, რომ პროკურატურა პირადაპირ ასე მუშაობდა: როგორც კი დაკავებულ პირს სთხოვდნენ გამოსასყიდად საპროცესო შეთანხმების დადებას და როცა პირი ამბობდა, რომ არ ჰქონდა საკმარისი თანხა, ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ აი, მიდი იმ ორგანიზაციაში და ფულს მოგცემენ. თავისი მევახშეები ჰყავდათ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ხალხი ამ კანონის გამო, რა თქმა უნდა, დიდ ხმაურს ატეხს იმისათვის, რომ მოპარული ფული გადაირჩინოს”, - განაცხადა მან.
ბაღათურიას თქმით, იგი ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში შეტანას უახლოეს მომავალში აპირებს და ცოტა ხანში აღნიშნულის ლობირებისათვის საპარლამენტო უმრავლესობაში მოკავშირეების ძებნის პროცესს დაიწყებს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას იმ ადამიანების პრობლემები, ვისაც საბანკო დავალიანებები უკვე გააჩნიათ და ამის გამო უბინაოდ დარჩენა ემუქრებათ, ბაღათურია აცხადებს, რომ მისი პროექტი ამ საკითხსაც ითვალისწინებს.
“შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა ისე, რომ არც საბანკო სექტორი დაზარალდეს, პირიქით, გაძლიერდეს და მორალურ უსამართლობასაც მოეღოს ბოლო, თან არც ბიუჯეტი დაზარალდება და ქვეყნის ეკონომიკაც გაძლიერდება.
სახელმწიფომ ბანკებისგან მოქალაქეების დავალიანებები, ანუ არალიკვიდური აქტივები უნდა გამოისყიდოს. სხვა გზა არ არის. ცხადია, ეს არ უნდა იყოს ძალადობრივი აქტი, ამას შეთავაზების ფორმა უნდა ჰქონდეს და ნებაყოფლობით მოხდეს. საუბარია ურთიერთშეთანხმებაზე სახელმწიფოსა და ბანკებს შორის და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ ბანკებმა, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. ვისაც არ აქვს, ჰქონდეს ის არალიკვიდური აქტივები და იყოს ზარალში. შეთანხმების მიხედვით სახელმწიფო ბანკებისაგან ყიდულობს არალიკვიდურ აქტივებს ოღონდ ბანკები ამ თანხებს კრედიტების სახით აბრუნებენ სოფლის მეურნეობის სფეროში.
მე მქონდა შეხვედრები საბანკო სექტორთან. ბანკები ამ იდეას მხარს უჭერენ. მადლობებიც გადამიხადეს, მინდა გითხრათ, მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ამ პროექტში. ისინი ამ იდეას მიესალმებიან და მიაჩნიათ, რომ ის საბანკო სექტორს გააძლიერებს. დღეს ეს არალიკვიდური აქტივები ბანკებისთვის გაფრენილი ჩიტი და დაკარგული ფულია. შესაბამისად, ბანკები სიამოვნებით გაყიდიან ამ არალიკვიდურ აქტივებს, მოგვყიდიან სახელმწიფოს და ამით თავის ფინანსურ მდგრადობას გააძლიერებენ.
ეს პროექტი არამარტო კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი გათავისუფლდება და ბანკები ფულს მიიღებენ, არამედ იმიტომაც, რომ ბანკები შექმნიან საბანკო და სადაზღვევო პროდუქტს სოფლის მეურნეობაში, რაც არის სავიზიტო ბარათი ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბანკებს სხვა საბანკო პროდუქტების (ბიზნესსესხები) გაიაფების შესაძლებლობაც მიეცემათ”, - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, ეს არის უნიკალური პროექტი, რომელსაც ამ სფეროში საქართველოში მოღვაწე ყველა ექსპერტი, მათ შორის ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც იცნობს. ”ქართული დასის” ლიდერს სურვილი აქვს, რომ ეს პროექტი პრემიერ-მინისტრსაც გააცნოს, რადგან მისი აზრით, პროექტის პლიუსებს და მინუსებს ყველაზე უკეთ სწორედ ბიძინა ივანიშვილი გაანალიზებს.