„ჩვენს პოლიტიკაში, ტურბულენტურ გარემოში, აბსოლუტურად არაფერია გამორიცხული. თუმცა, მაღალი ალბათობაა, რომ ეს არ მოხდება - კალაძემ განაცხადა, რომ ის არ იწონებს გახარიას ნაბიჯს. ამის შემდეგ, უცებ მისი აღმოჩენა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდში, არალოგიკურად გამოიყურება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-ს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე კახა კალაძის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი. ვიცით, რომ ჯერჯერობით კალაძე არ ჩქარობს აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- მგონია, რომ შიდა პარტიული ვაჭრობა-გარიგების ამბავს უფრო უნდა უკავშირდებოდეს. კალაძეს, როგორც ჩანს, თავისი წინაპირობები აქვს თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით. შესაძლოა, სწორედ ამაზე მიდის მოლაპარაკებები.
მეორე მხრივ, კალაძეს აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები და ესეც გასათვალისწინებელია. ასე რომ, ბევრი ფაქტორი არსებობს. 15 ივლისისთვის უკვე უნდა დასრულდეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენაც და სამზადისი. შესაბამისად, ერთი თვე დაგვრჩა მოსაცდელი.
თუკი „ქართული ოცნებიდან“ კალაძე არ იქნება წარდგენილი, როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება დასახელდეს მის შემცვლელად?
- კალაძის შემცვლელად, თავად პარტიული რიგებიდან, ამჟამად ვერავის ვხედავ, რომელსაც გააჩნია გარკვეული პოპულარობის დონე. „ქართული ოცნების“ ცნობად სახეებში ასეთ ფიგურას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
იყო გარკვეული ინფორმაციები, რომ „ქართული ოცნება“ აპირებდა არაპარტიული კანდიდატის წარდგენას, საუბარი იყო ზურაბ პოლოლიკაშვილზე, რომელიც ახლა არის საერთაშორისო ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტი.
ამის წინაპირობა დღეს არ არსებობს, ვიდრე არ გვეცოდინება კახი კალაძის პასუხი. დელიკატური თამაში მიდის თვითონ „ქართული ოცნების“ რიგებში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, კალაძე დიახ-ს იტყვის თუ არა-ს.
თუ კალაძე გამოვა და საზოგადოებისთვის მისაღებ არგუმენტს დაასახელებს, თუ რატომ არ აპირებს მერად კენჭისყრას, მაშინ სავარაუდოდ, წინა პლანზე წამოვა ის ახალი კანდიდატი, რომელთანაც იყო გარკვეული კონტაქტები, რომ შესაძლოა, იგი განხილულიყო მერობის კანდიდატად. პირადად მას ეს ინფორმაცია არ უარყვია.
დღეს აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, შესაბამისად, მივიღებთ, რიგგარეშე არჩევნებს. მმართველი გუნდის რეიტინგის ვარდა გამოიწვია, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე გიორგი გახარიას „ქართული ოცნებიდან“ წასვლამ. თქვენ როგორ ფიქრობთ, აიღებს მმართველი პარტია 43%-ს?
- ჯერ ბიძინა ივანიშვილის წასვლამ, შემდეგ გახარიას ასეთი ფორმით წასვლამ, განცხადებებმა, რაც მისი მხრიდან მოვისმინეთ, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, რომელიც ნამდვილად არ არის „ოცნების“ სასარგებლოდ.
როდესაც პარტიიდან ასეთი მნიშვნელოვანი კადრების გასვლა ხდება, ეს ამომრჩეველში იწვევს უსიამოვნო განცდებს. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ - მან დააფუძნა ეს პარტია და მის ორბიტაზე ტრიალებდა ყველაფერი.
ამის შემდეგ წამოვიდნენ წინა პლანზე ახალი ლიდერები და დღეს უკვე, მათ პოლიტიკურ უნარებზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ისინი იმას, რომ ამ არჩევნებზე 43% აიღონ.
გუნდიდან გახარიას გასვლამ, 43%-ის აღება ცოტა არ იყოს ეჭვქვეშ დააყენა, მაგრამ მგონია, რომ ისევ ამუშავდება ტრადიციული ფაქტორი, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში არდაბრუნება.
„ქართული ოცნება“ ბოლომდე შეეცდება, რომ მისთვის მომგებიანი ფაქტორი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში იყენებდა, გამოწუროს და ამ არჩევნებშიც აამუშაოს მაქსიმალურად. 43%-ის აღება-ვერაღების ალბათობა 50-50%-ზეა.