„დიდი შვიდეული“ ქვეყნების ლიდერები კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას 2022 წელს გეგმავენ. ამის შესახებ ბრიტანეთში გამართული G7-ის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად მომავალ წელს სხვადასხვა ქვეყანას კოვიდვაქცინების მილიარდ დოზას მიაწვდიან.
„ვაღიარებთ, რომ 2022 წელს პანდემიის დასასრულებლად მსოფლიოს მოსახლეობით სულ მცირე 60% უნდა აიცრას, ამიტომ, სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენს ქმედებებს ვააქტიურებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.
G7-ის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთთან „სტაბილური და პროგნოზირებადი“ ურთიერთობების დამყარება სურთ და მოსკოვს „დესტაბილიზაციური ქმედებების“ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ 2050 წლისთვის CO2-ის გამოყოფას შეწყვეტენ, ჩინეთს ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ და ტოკიოში ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩატარებას დაუჭერენ მხარს.
G7-ის სამიტი 11-13 ივნისს ინგლისში, ქალაქ კარბის-ბეიში ჩატარდა. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთმანეთს პირადად პირველად შეხვდნენ, რადგან შარშან სამიტი პანდემიის გამო გაუქმდა.