ყაზბეგის ჰესების გამო დაპირისპირებამ პიკს მიაღწია

ყაზბეგის ჰესების გამო დაპირისპირებამ პიკს მიაღწია

ყაზბეგში ჰესებთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი. მოსახლეობა ორ ბანაკად - მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად - გაიყო. ასევე აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა ენერგეტიკოსთა და გარემოს დამცველებს შორისაც.

“ყაზბეგი ჰესის” მშენებლობის საკითხზე სამინისტროში უკვე 14 მოსაზრება შევიდა. ხდის ხეობაში “ყაზბეგი ჰესის” მშენებლობა მდინარე ბროლისწყალზე იგეგმება. “დარიალი ჰესის” და “ლარსის ჰესის” მსგავსად ეს პროექტიც დერივაციულია და მდინარის წყლის 90%-ის მილსადენში მოქცევას ითვალისწინებს.

2 დღის წინ დაბა ყაზბეგში, სტეფანწმინდის ცენტრში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ყაზბეგის რეგიონში მშენებარე ჰესების მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა მიზანი იყო დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ისინი არათუ ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას, არამედ ეს საქმე ამ ეტაპზე მათი რეგიონის განვითარების ერთადერთ რეალურ შესაძლებლობაა.

ადგილობრივი მოსახლეებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2013 წლის 4 მარტს გაუგზავნეს 1700 ყაზბეგელის ხელმოწერა, რითაც ისინი ადასტურებდნენ, რომ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ მსგავსი მშენებლობები ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებით სამუშოა ადგილებს გააჩენს ხევში.

“მხარს ვუჭერთ ჰესების მშენებლობას. ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენს პოზიციას არ ითვალისწინებს გარემოს დაცვის სამინისტრო. 27 თებერვალს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე იყო ჩამოსული. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია, თუმცა მინისტრი არ შეგვხვდა. ველოდეთ და შემდეგ დავიშალეთ. გვითხრეს, რომ ჩვენი პოზიციის მოსასმენად იყო ჩამოსული სინამდვილეში კი ასე არ მოხდა”, - აცხადებს ყაზბეგის მკვიდრი გიორგი ფიცხელაური.

ამჟამად ყაზბეგის რეგიონში ორი ჰესის (დარიალი - 108 მგვტ და ლარსი - 19,5 მგვტ) მშენებლობა მიმდინარეობს, მესამე - ყაზბეგი ჰესზე კი ინვესტორები გარემოს დაცვის სამინისტროსგან ნებართვას ელოდებიან. მიმდინარე მშენებლობებზე 150 ადამიანზე მეტია დასაქმებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდა” ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის სახელით გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილ ხელმოწერებს მსწრაფლ გამოეხმაურა და ბევრი საინტერესო დეტალი გამოააშკარავა. “სტეფანწმინდელები” აცხადებენ, რომ ხელმოწერების შემგროვებელი საინიციატივო ჯგუფის ექვსივე წევრი ჰესების მშენებელ კომპანიაშია დასაქმებული.

“გარემოს დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილია ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის ხელმოწერები, შემდეგ ტექსტზე: “ხდისა და დარიალის ხეობებში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით თანხმობას ვაცხადებთ და ვადასტურებთ ხელმოწერით”. ხელმოწერების შემგროვებელი საინიციატივო ჯგუფის ექვსივე წევრი მშენებელ კომპანიაშია დასაქმებული. 1700 ხელმოწერას არ ახლავს ხელმომწერთა არც მისამართი და არც პირადობის დამადასტურებელი რამე რეკვიზიტი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, წერილზე ადამიანების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა მოტყუებით, ვინაიდან შპს “ფერის” წარმომადგენლები არწმუნებდნენ, რომ მშენებლობა პატრიარქის კურთხევით მიმდინარეობს, ხოლო ჰესების მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაიონს უფასოდ მიეწოდება ელექტროენერგია”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“სტეფანწმინდის” წარმომადგენლების განმარტებით, ამას მოწმობს 2013 წლის 27 თებერვალს დაბა სტეფანწმინდაში ჩატარებული შეხვედრა, სადაც “არსად ჩანდა მშენებლობის 1 700 მომხრე”.

“ხელმოწერილი სიების თითქმის ყველა გვერდზე ადვილად შეიმჩნევა, რომ რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ერთ ადამიანს აქვს ხელი მოწერილი. ხელმომწერთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობენ. არიან ისეთი მოხევეები, რომლებიც მუდმივად თბილისში ცხოვრობენ და იანვრის ბოლოს, როდესაც ეს ხელმოწერები შეგროვდა, არ იმყოფებოდნენ ყაზბეგში.

სიებში არის ძალიან ბევრი გაორება, როდესაც ერთი და იგივე ადამიანს ორგან აქვს ხელი მოწერილი. ამასთანავე, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა ნაწილმა განცხადებით მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს, სადაც აცხადებენ, რომ მათ ხელი არ მოუწერიათ კომპანია “ფერის” ინიცირებულ ჰესების მშენებლობის მხარდამჭერ წერილზე, თუმცა სიაში მაინც არიან”, - განმარტავენ “სტეფანწმინდის” წარმომადგენლები.

ისინი ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე დადებული მემორანდუმის გაუქმებას, დარიალის ხეობაში მიმდინარე პროექტებში ცვლილებების შეტანას და წინა ხელისუფლების პერიოდში ამ სფეროში ჩადენილი კანონდარღვევების გამოძიებას ითხოვენ.

“სტეფანწმინდის” წარმომადგენელი შოთა ბუჩუკური ამბობს, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით, თითქმის უმნიშვნელო (6-მეგავატიანი) ჰესის აშენების გამო უნიკალური ხეობის, ბუნების ძეგლის განადგურება დაუშვებელია.

“ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და ხდის ჰესის მშენებლობას ვერ შეაჩერებს, რას ნიშნავს პროცესი დაწყებულია, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ გაცემულა. მით უმეტეს, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, მათ თავისუფლად შეუძლიათ ეს გააკეთონ, იმის ნაცვლად, რომ შპს “ფერის” ინტერესებს ლობირებდნენ.

მივმართავთ ენერგეტიკის სამინისტროს, თავი შეიკავოს ამ და სხვა განცხადებებისგან, რომლებითაც პირდაპირ ახდენს ზეწოლას გარემოს დაცვის სამინისტროზე, რომ მან დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცეს”, - ამბობს ბუჩუკური.

მისი განმარტებით, ამგვარი პროექტების დაგეგმვა და მშენებლობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა ხდებოდეს, რაც შემუშავდება ქვექანაში ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა.

“გრინფისის” მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ისინი სამინისტროსგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მოითხოვენ. “წინასაარჩევნო დაპირება, რომ აიკრძალება დიდი ჰესების მშენებლობა და მცირე ჰესები კი აშენდება ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, არ სრულდება. გასაგებია, რომ არსებობს წინა მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმები, მაგრამ მისი გაუქმება პოლიტიკური ნებისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია”, - მიიჩნევს ჩხარტიშვილი.