„ოპოზიციის კანდიდატს არ მგონია, პერსპექტივა ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანდებიან და ვერც იმ შემთხვევაში, თუ არ გაერთიანდებიან“

„ოპოზიციის კანდიდატს არ მგონია, პერსპექტივა ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანდებიან და ვერც იმ შემთხვევაში, თუ არ გაერთიანდებიან“

თვითმმართველობის არჩევნები კარს არის მომდგარი. ამის მიუხედავად არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, მმართველი გუნდიდან კვლავ მოქმედ მერს, კახა კალაძეს ვიხილავთ კანდიდატად. ოპოზიციიდან საუბარი ნიკა მელიაზე იყო, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მერობაზე უარი განაცხადა. ასევე ცნობილია, რომ ოპოზიციაში გადაბარგებული ექს-პრემიერ გიორგი გახარიასაც ეყოლება საკუთარი კანდიდატი.

ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ კანდიდატს საერთო კანდიდატი უნდა დაუპირისპიროს თუ არა, ამ კითხვით for.ge-მ ანალიტიკოსებს მიმართა.

„ოპოზიციას რას დავუძახებთ, ესაა ბუნდოვანი. მას შემდეგ, რაც გახარია, ასევე ვასაძე ემზადება შემოსასვლელად და ეს ყველანი ოპოზიციის ნიშას იკავებენ. ამიტომ, რომ გავყოთ ტრადიციული ოპოზიცია, ძველი ოპოზიცია და ახალი ოპოზიცია - ძველი ოპოზიციის გაერთიანება მეტ-ნაკლებად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან არის ასოცირებული. მათ მიერ წამოყენებული კანდიდატი ასევე ასოცირებული იქნება ამ პოლიტიკურ სუბიექტებთან. როგორც კვლევები და 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებმა გვიჩვენა, ვერც ერთ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ვერც ოპოზიციამ ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა. მერია საპარლამენტო სტრუქტურა არაა, ერთი კანდიდატი უნდა აირჩიონ და ამას ქალაქის უმრავლესობა გადაწყვეტს. დედაქალაქის უმრავლესობა, როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სწყალობს. ასე რომ, არ მგონია, პერსპექტივა ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანდებიან და ვერც იმ შემთხვევაში, თუ არ გაერთიანდებიან. ვფიქრობ, ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ნიკა მელია თავს იკავებს მერობის კანდიდატად იყოს დასახელებული, მარცხი არ უნდა.

რაც შეეხება ახალ ოპოზიციას, ლევან ვასაძე ერთი პერიოდი გამოჩნდა და შემდეგ გაქრა. გახარიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარი კანდიდატი ეყოლება. მაგრამ რამდენად პერსპექტიულია გახარიას განზრახვა, არ ვიცი, რადგან ბოლო პერიოდის რეიტინგები არ ვიცი, მას შემდეგ რაც ის გამოჩნდა. არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნების“ ხერხმა გაჭრას და ბევრმა გახარია აღიქვას ნაციონალების მოკავშირედ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ოცნების“ ხერხი არ აღმოჩნდეს ეფექტური, მაშინ გახარია აღიქმება, როგორც „ოცნების“ მოწინააღმდეგე და შეიძლება უფრო მეტი ხმაც აიღოს. იმისთვის, რომ მე რაიმე ვერსია მქონდეს, სოციოლოგია მჭირდება“, - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატის საკითხს.

ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ გახარია მთავრობის მხარდამჭერი აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ექს-პრემიერი მხარს მოქმედ თბილისის მერს, კახა კალაძეს დაუჭერს.

„თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ თავად გახარიამ მხარი კალაძეს დაუჭიროს, რადგან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ თბილისს ღირსეული მერი ჰყავსო. თუ ამ პოზიციაზე ბოლომდე იქნება, შეიძლება გახარია აღმოჩნდეს მთავრობის მხარდამჭერი“, - განუცხადა რამაზ საყვარელიძემ for.ge-ს.

ექსპერტი იგორ კვესელავა კი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას თუ „ოცნების“ დამარცხება სურს, მერობის საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს.

„ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს, რადგან „ქართულ ოცნებას“ გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს. თუ მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ, მაშინ უფრო მეტი შანსი აქვს „ოცნებას“, რომ გაიმარჯვოს.

თუმცა, ისიც საკითხავია ჩვენ ოპოზიცია გვყავს - ისეთი ოპოზიცია როგორიც ევროპულ ქვეყნებშია? ასეთი გაგებით, ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ოპოზიციაში მე მხოლოდ გამოვარჩევ ორ ჯგუფს. პირველი არის „ნაციონალური მოძრაობა“ , ხოლო მეორე გახარიას მოძრაობა. ზოგიერთი ამას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გახარიას მოძრაობა გახდება ერთ-ერთ ძლიერ ძალა“, - გვითრა კვესელავამ.

რამაზ საყვარელიძის მსგავსად, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასევე ექსპერტი თვლის, რომ მოსახლეობამ ოპოზიციის 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, მათ მიმართ სიმპათია დაკარგა.

„ოპოზიციას საერთო კანდიდატი ეყოლება თუ არა, აზრს ვერ ვხედავ. შეიძლება ითქვას, ნიკა მელიას თუ რაიმე სწორი გადაწყვეტილება მიუღია ცხოვრებაში, ეს არის ერთადერთი, რომ მერობაზე უარს აცხადებს. „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ, დღევანდელი მერი ეყოლება კანდიდატად. ოპოზიციას საერთო კანდიდატი შეიძლება არ ჰყავდეს, იმიტომ რომ ვერ არჩევენ, ვინ უნდა იყოს. ამის მიზეზი არის ორი - ერთი, რომ კახა კალაძე შეიძლება ითქვას, ძალიან კარგი კანდიდატია და ძალიან დიდ სიმპათიას იმსახურებს. მეორე - როგორ წარმოგიდგენიათ, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, მოსახლეობას ოპოზიციის სიმპათია გაუჩნდეს და თქვან, რომ ეს ხომ არ იქნება კარგი მერიო?!“, - გვითხრა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, თუ მმართველმა გუნდმა 43% ვერ აიღო, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

Aburjga Tasmanieli ლევან ვასაძე უკვე ჩამოწერეთ?!
3 წლის უკან