ბელარუსში დაკავებული ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლებმა დახმარების თხოვნით გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს მიმართეს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
„ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ ციხეებიდან უდანაშაულო ადამიანების დახსნაში. მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება, ვინაიდან ყოველდღე მათ მიმართ წამება და ძალადობა ხორციელდება. გთხოვთ, შეაჩერეთ ლუკაშენკო. ყოველი დღე, ყოველი საათი ამ უდანაშაულო ადამიანებისთვის შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს“, - აცხადებს რომან პროტასევიჩის დედა ნატალია პროტასევიჩი.
ჟურნალისტის მშობლების თქმით, მათი შვილის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, ძალადობრივი ზეგავლენის შედეგად იყო ჩაწერილი.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.