„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 7-თვიანი ე.წ. შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ ფარხმალს ყრის - „ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ თბილისის მერობა მისთვის სასურველი პოზიცია არ არის და ბრძოლაში ჩაბმა დიდად არ ხიბლავს. ანალიტიკოსები ამის მიზეზად, მელიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის გაბანკროტებას მიიჩნევენ - მან თითქმის ყველა ის სიტყვა უკან წაიღო, რასაც იქადდა და „ოცნების“ დასასრულის დასაწყისს აანონსებდა. საბოლოო ჯამში კი, ციხიდან ე.წ. მებრძოლი გმირის და წამებულის მაგივრად , როგორც უპრინციპო, სიტყვის გამტეხი და სხვის ჩრდილქვეშ მყოფი ლიდერი გამოვიდა. მითი მისი უძლეველობის და მებრძოლის შესახებ საბოლოოდ დაინგრა. მელიამ ვერც ოპოზიციის საბოლოო გაერთიანება მოახერხა და ვერც ციხეში ჩაჯდომამ უშველა. როგორც ჩანს, ურეიტინგო მელია ხვდება, რომ თბილისიის მერობაზე კენჭისყრა მის პოლიტიკურ მომავალს საბოლოოდ გაანადგურებს და თავის არიდება გადაწყვიტა, მით უმეტეს, რომ პარტიაში სააკაშვილის დასტურის გარეშე, მის სიტყვას არავინ არაფრად აგდებს. ასე რომ, ნიკანორ მელია აუტკივარი თავის ატკივებას არ აპირებს. არ არის გამორიცხული, რომ მორიგი მარცხის შემდეგ ფორმალური ლიდერის პოზიციიდანაც ჩამოაქვეითონ.
ნიკა მელიამ მერობისთვი ბრძოლაზე უარი „TV პირველის“ ეთერში გაახმიანა: „მინდა, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს. არ ვეთანხმები არავის, როდესაც ამბობენ, რომ საზოგადოება დაიღალა. დაიღალა უშედეგობით, იმით, რითაც დაიღალნენ, მაგალითად, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები, ყველა თამაშს რომ ვაგებთ. ამ უშედეგობას ხომ თავისი მიზეზები აქვს. ხვალ და ზეგ, არავის ემახსოვრება, ცალკეული პოლიტიკოსი რა განცხადებებს აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, 2 და 3 წელიწადში შედეგს მოგვთხოვენ.
ჩემს გარშემო არ განვიხილავ მე ერთობას. თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში მჭირდება თბილისის მერობა. არც თავმდაბლობის გარეშე ვაპირებ ახლა საუბარს, სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს მე ქართულ პოლიტიკაში ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი შესვლა. მაგრამ, თუკი დავთანხმდებოდი, დავთანხმდებოდი ამ ბრძოლაში შესვლას თბილისის მუნიციპალიტეტის არჩევნებში სხვადასხვა პოზიციიდან.
არ არის აუცილებელი იყო თბილისის მერობის კანდიდატი და ასე იყო ბრძოლის ავანგარდში. იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ დავინახავდი გულწრფელ მზაობას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს დღეს“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცახადებს, რომ ნიკა მელიას განცხადება შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული. პირველი - მისი დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ყველა გეგმა ჩაიშალა. ამიტომ ე.წ. წამებულის მანტიის მორგება არ გამოუვიდა, პირიქით - მას შემდეგ, რაც ის გირაოს გადახდას დათანხმდა და ყველა სიტყვა უკან ძალიან ბევრჯერ წაიღო, მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის იმიჯი დაზიანდა. ამიტომ მისი როგორც ერთიანი ოპოზიციური ლიდერის პერსპქეტივა დაიკარგა, ხოლო მითი მისი პრინციპულობის, შეუპოვრობის და მებრძოლის შესახებ დაინგრა. ამიტომ მელია კარგად ხვდება, რომ მსგავს წაგებულ თამაშში ისევ თუ ჩაებმება, მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის საბოლოოდ განადგურება მოხდება.
„ნიკა მელიას შესახებ რაღაცა პერიოდში არსებული მოლოდინი სრულიად განულდა. მელიამ ყველა ის სიტყვა და დაპირება, რაც ვითომ „ოცნების“ დასრულებისთვის დადო, უკან წაიღო. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ მითი მისი უძლეველობის და პრინციპულობის შესახებ დაიმსხვრა. ის რეალურად ის პირია, რომლის როლის თამაშიც დავალებული ჰქონდა. ჯერ თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და საბოლოო ჯამში გირაოთი მაინც გამოვიდა. ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს. ბოლოს იმდენად კომიკური ფიგურა გახდა, ლამის ციხიდან ძალით გამოიყვანეს. ამის შემდეგ კი, პარტიაში მის სიტყვას ფასიც კი არ აღმოაჩნდა და სანამ უკრაინაში ბელადს არ ეახლა, პარტიაში არავინ დაუჯერა. ამიტომ, ის როგორც პოლიტიკური ლიდერი, გაბანკროტებულია. მისი გადაწყვეტილება, რომ არ უნდა დედაქალაქის მერობის კანდიდატობისთვის იბრძოლოს, სწორია“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას მელიას დესტრუქციული ქცევა სრულიადაც არ მოსწონს. ასეთი ლიდერების დრო წავიდა. საზოგადოებას ქუჩის ლიდერი კი არა კონსტრუქციულ და საქმეზე ორიენტირებული ლიდერ სჭირდება. ამასთანავე პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები გამოჩდნენ და მელიას კონკურენტები გამოუჩნდნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის პოლიტიკაზე უარს არასდროს იტყვის. მას საზოგადოებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს, ამიტომ ყურადღების მისაქცევად დესტრუქციულ ქმედებებს არ ერიდება. მათ პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნიათ. ისინი ხალხს მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ მხარი დაგვიჭირეთ უკან ხელისუფლებაში დავბრუნდეთ და „ოცნება“ გავუშვათო. მოსახლეობას ვერ არწმუნებენ იმაში, „ოცნებაზე“ უკეთესები რით იქნებიან, უარესები თუ არა.
მათ აქვთ ტაქტიკა, რომ ადრე თუ გვიან „ოცნება“ ფატალურ შეცდომას დაუშვებს, ამით ისარგებლებენ და უკან დაბრუნდებიან. გახარიას და ვასაძის გამოჩენის შემდეგ, ასევე პატარა პარტიების პოზიციის ცვლილების შედეგად, ქვეყანაში პოლიტიკური ველი იცვლება. იცვლება საზოგადოების განწყობებიც და, ადრე თუ გვიან, ენმ-ის მსგავსი დესტრუქციული ძალის დრო წავა. ამიტომ ყურადღების მიქცევას პარლამენტში შეეცდებიან, თუმცა მათი რეიტინგი დღითიდღე დაიკლებს“,-ამბობს ზაალ ანაჯაფარიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ ნიკა მელიას ახლა ქალაქის მერობის კანდიდატად დაყენება სარისკოა. ანალიტკოსი for.ge-სთან ამის მიზეზს განარტავს და ამბობს, რომ 7-თვიანი გაუგებარი ქმედებების და პიროვნული მარცხის შედეგად, მისი ავტორიტეტი შეილახა. საზოგადოებას ყველაზე მეტად უპრინციპო და სიტყვის გამტეხი პოლიტიკოსები არ უყვარს, მელიას კი ზუსტად ეს დაემართა. ამიტომ მისი შესაძლებლობები განახევრებულია. საზოგადოების თვალში ის მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან ვერ გამოვიდა და პირიქით, ყველამ დაიჯერა, რომ ის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი არ არსებობს.
„მელიას უარყოფა ამ ეტაპზე, რომ ის ქალაქის მერობის კანდიდატად თავს არ განიხილავს, რეალურია, ამ შემთხვევაში მელია მართლა გაკოტრდა. მას აღარ აქვს ის დივიდენდები, რომელიც როგორც პოლიტიკოსს, პარტიის თავმჯდომარეს და ადამიანს უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. მან ამით ორი რამ მოიგო, ერთი - გარანტია მიიღო, რომ მელია მის გარეშე პარტიაში არანაირი ავტორიტეტს არ წარმოადგენს და მეორე - რევოლუციური სცენარის განხორციელებას ეცადა მაინც. მელიას კანდიდატურა ზუსტადაც ამ კონკრეტული მიზნისთვის იყო შერჩეული. მან ეს გეგმა ჩააგდო, ამიტომ ავტორიტეტი აღარავისთვის აღარ არის. ის პარტიის ფორმალური მმართველებისთვის, რომლებიც მის ფინანსურ პირამიდას წარმოადგენენ, არაფერს აღარ წარმოადგენს. ზურაბ ადეიშვილს, დავით ბეჟუაშვილს, დავით კეზერაშვილს, ძმებ ყარამანიშვილებს, ვანო მერაბიშვილს და მათ დაჯგუფებას მელია წინააღმდეგობას როგორ გაუწევს. უბრალოდ, ახლა ნაციონალებს მელიას მოშორება ჯერ პოლიტიკურად არ აწყობთ, ეს პირიქით მათ დაარტყამს, ამიტომ კონკრეტულ დროს დაელოდებიან. არ გამოვრიცხავ, ეს თვითმმართველობის არჩევნების წინაც იყოს. ამიტომ მელია სწორად მიხვდა, რომ შესაძლოა, ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა მერობის კანდიდატად წარდგენის დროს, უბარლოდ, დასრულდეს. ის კიდევ ერთხელ გამოიყენონ და საბოლოოდ გაბანკროტდეს. ამიტომ სწორად მიხვდა და ამ გაუგებრობაში თავის შეყოფა კიდევ ერთხელ აღარ სურს“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული „ნაციონალებს“ კიდევ ერთი ჯგუფი გამოეყოს. მას კონკრეტული წყაროებიდან აქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე პარტიაში ფაქტიურად აღარ არის და მის მსგავსად ენმ-ის დატოვებას სხვებიც ფიქრობენ. ამიტომ მელიას უწინასწარმეტყველებს, რომ მასაც გრიგოლ ვაშაძის ბედი ეწევა და პარტიიდან უბრალოდ გაიპარება.