„ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შავი ისტორია, მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ამ ისტორიის გადაფასება და ყველა არჩევნები ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ“

„ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შავი ისტორია, მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ამ ისტორიის გადაფასება და ყველა არჩევნები ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ“

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. უმრავლესობამ უარი თქვა კენჭი ეყარა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს, 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 23-მა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.

მიღებული კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პარლამენტში დისკომფორტის მომტანია.

ლევან ბეჟაშვილი: „ქართული ოცნების“ საოცნებო პარლამენტი იქნებოდა ის პარლამენტი, სადაც არ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. შარლ მიშელის დოკუმენტზე მიერთებას აზრი ექნება მაშინ, თუ მეორე მხარეს გყავს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომლის სიტყვასაც აქვს ფასი. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებებს და შეთანხმებას არანაირი ფასი არ ჰქონია არასდროს. გავიხსენოთ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ივანიშვილის დაპირება და რითიც დამთავრდა ეს ყველაფერი. ამიტომაც, ამ დოკუმენტზე მიერთებას აზრი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ იქნებოდა პასუხისმგებლიანი.

თქვენ არც პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს არ უჭერთ მხარს და ვენეციის კომისიის დასკვნას იშველიებთ, აქაც კატეგორიულად გამორიცხავთ რაიმე სახის კომპრომისზე წასვლას?

- პარტიების დაფინანსების კანონპროექტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორა ახდენს ხელისუფლება თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას აბუჩად იგდებს. ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს წარმომადგენლობა უნდა ჰქონოდათ კომისიის წევრებში და ასევე უნდა ჰქონოდათ სახელმწიფო დაფინანსება და ვინაიდან, „ლეიბორისტული პარტია“ რჩება ბოიკოტის რეჟიმში, ხელისუფლება მათ მიმართ იყენებს სანქციებს.

გიორგი ვაშაძის ინიციატივაზე რას იტყვით, რომ კომპენსაცია დაენიშნოს 20 ივნისის დაზარალებულებს. მეტიც, სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, მთელი ცხოვრება უზრუნველყოს ამ ადამიანების სამედიცინო ხარჯები და ჯანმრთელობის რეაბილიტაცია. თუ დაუჭერთ მხარს ამ ინიციატივას და, ხომ არ ფიქრობთ, რომ აქვე არ უნდა დაივიწყოთ მაგალითად, 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაზარალებულები და გარდაცვლილთა ოჯახებიც? ამ ფორმით ამ ინიციატივის დაყენება რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ?

- ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფო იყენებს არაადეკვატურ ძალას მომიტინგეების წინააღმდეგ და გვყავს დაზარალებულები სამოქალაქო პირების სახით, სახელმწიფოს ისედაც ეკისრება ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ გადაუხადოს კომპენსაცია და ადამიანებს აუნაზღაუროს ზიანი. ამიტომაც ვამბობთ, რომ ამ სახით ამნისტიის აქტი, მიუღებელია. პრაქტიკულად, ჩვენ ვპატიობთ სისხლის სამართლის დანაშაულს, მათ შორის დანაშაულს თანამდებობის პირებს და იმავდროულად არ ვფიქრობთ იმ დაზარალებულ მოქალაქეებზე, რომლებიც პროტესტის გამოსახატავად იყვნენ ქუჩაში გამოსული ყოველგვარი მოტივაციის გარეშე.

გიორგი გახარიაზეც მინდა გკითხოთ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა პოლიტიკაში გამოჩენამ. საინტერესოა, რატომ გახდა ერთნაირად მიუღებელი გახარია როგორც მმართველი ძალისთვის, ისე გაერთიანებული ოპოზიციის და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ხომ არ ხედავთ ამ ადამიანში თქვენს მთავარ კონკურენტს?

- არა, მიუღებელი არ არის. უბრალოდ, გახარიას აქვს თავისი შავი ისტორია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებსაც თავისი შავი ისტორია აქვს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თქვენი ერთობისთვის, გამონახეთ საერთო ენა ერთმანეთთან და ამომრჩეველთანაც, რომელსაც თქვენს შავ წარსულზე, წესით, პრეტენზია უნდა ჰქონოდა..

- ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შავი ისტორია, მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ამ ისტორიის გადაფასება და ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2012 წელს და შემდგომაც, ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ და კეთილი ნებით გადავაბარეთ ხელისუფლება. ამ ბოლო წლების განმავლობაში, რა დანაშაულებებიც ჩადენილი იქნა და ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები არის „ქართული ოცნების“ მიმართ... ბოლო, 2020 წლის არჩევნები გააყალბეს და ამით ხელისუფლება მიიტაცეს, ამაზეა საუბარი. რაც შეეხება გახარიას, ბუნებრივია, 19-20 ივნისის ღამის საქმე და სხვა კორუფციული ბრალდებები რომელიც არის მის მიმართ, ამაზე პასუხები უნდა გაეცეს, ჩვენ ჯერჯერობით ამაზე პასუხები არ მიგვიღია. რაც შეეხება მიმღებლობას, გახარია არ არის ჩვენი ელექტორატის, და ზოგადად ოპოზიციური ელექტორატის ნაწილი. გახარია არის საფრთხე „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან სწორედ „ქართული ოცნების“ ყოფილი, განაწყენებული ელექტორატი უჭერს მას მხარს და ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ბოლო გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ დაახლოებით 8-დან 12%-მდე ართმევს გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმებს.

ივანიშვილის წერილის შემდეგ, თქვენ გამორიცხავთ, რომ გახარია ივანიშვილის შემდეგი პროექტია?

- არ გამოვრიცხავთ იმიტომ, რომ ერთი მხრივ, შიში „ქართულ ოცნებას“ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, რას კარგავენ? გახარიას ბოლო ინტერვიუშიც დადასტურდა ეს, რომ არც ერთხელ არ უხსენებია მას ბიძინა ივანიშვილი უარყოფით კონტექსში. ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება ხრიკიც იყოს, „ქართული ოცნების“ განაწყენებული ელექტორატის მობილიზება შეძლოს გახარიამ და საბოლოო ჯამში, გახარიამ კოალიცია შეუქმნას ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, ამ ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე არ შეიძლება. თუმცა შემდგომი პერიოდი გვაჩვენებს, რამდენად მწვავე რეაქცია ექნება „ქართულ ოცნებას“ გახარიას მიმართ, იგივე კომპრომატების ომზეა საუბარი, არის საუბარი სხვადასხვა ბრალდებებზე და ასე შემდეგ. ყველა ეს პროცესი კიდევ უფრო გამოკვეთს და კიდევ უფრო ნათელ სახეს მისცემს ყველაფერს.

ანუ, ოპოზიცია გამორიცხავს გახარიასთან რაიმე სახის ურთიერთთანამშრომლობას, ან მომავალ პოლიტიკურ პროცესებში, იგივე არჩევნებში ინტერესთა თანხვედრას?

- რაღაც კონცეპტუალურ თანამშრომლობას და გაერთიანებას, ან კოალიციას, ბუნებრივია, გამოვრიცხავთ. თუმცა, ცალკეულ საკითხებთან თუ პროექტებთან მიმართებაში შესაძლებელია რაღაც საერთო ინტერესთა თანხვედრა იყოს.

 

 

 

არაგველი641 ნეტა ვისი ტიკი-ტომარაა ეს ბეჟაშვილი რომ გონია, თითქოს რაიმე მოვლენაზე აზრის გამოთქმის უფლება აქვს?
ან კიდევ ამ ჟურნალისტს გონია რომ "მაგარი" და "ექსკლუზიური" ინტერვიუ ჩაწერა?
3 წლის უკან