პარლამენტის სესიები „ნაციონალურ მოძრაობის“ გარეშე მშვიდად მიმდინარეობდა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მშვიდად დებატობდნენ. თუმცა, როგორც კი, „ნაცების“ 32 დეპუტატი სასესიო დარბაზში გამოჩნდა, დეპუტატების იდილია დაირღვა.
პარლამენტი ამნისტიის კანონს განიხილავს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტიისთვის მიუღებელია და პირველი საპარლამენტო ორთაბრძოლაც გაიმართა.
ექსპერტ გია აბაშიძის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ქმედებს გააგრძელებს და ისინი არ გაჩერდებიან. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული პარტია საპარლამენტო არჩევნებზე რეიტინგს კიდევ უფრო დაიგდებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თავის საქმიანობას იმ მიმართულებით, რასაც დესტრუქცია ჰქვია. ეს მათი ხელწერაა და არ მგონია, რომ შორეულ მომავალშიც შეიცვალოს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევიდოდა, თუმცა, მაინც შევიდა, იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნული პარტია რეალურად პოლიტიკაში კი არ არის, ის უფრო დესტრუქციულ სივრცეშია და იქიდან ვეღარ გამოდის, მისი ბელადის, სააკაშვილის ქცევებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება პრივილეგიებს, რომელსაც ითხოვენ, ის შარლ მიშელის შეთანხმებაში წერია, მაგრამ ამ შეთანხმებას ხელს არ აწერენ, რაც სრულიად ალოგიკურია. მაგალითად, როგორ შეიძლება კომერციულ კონტრაქტს ხელი არ მოაწერო და ამ კონტრაქტის აღსრულებას ითხოვდე. ასევე, არ თანხმდებიან ამნისტიის კანონს, რომელზეც ხელმოწერისკენ მოუწოდებს როგორც შარლ მიშელი, ასევე მთელი დასავლეთი. ესეც ე.წ. პროდასავლური პარტიის ე.წ. პროდასავლური საქციელია. ყველაფერი მიდის პოლიტიკურ კლოუნადამდე. მათი ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები და განცხადებები მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა არ გამოვრიცხოთ, რომ ამნისტიის კანონი მიღებული იქნება ყველასათვის არც ნიკანორ მელია დაწერს განცხადებას, რომ ამნისტია მას არ შეეხოს“, - განუცხადა ექსპერტმა for.ge-ს.
„პირველი, რაც უნდა ითქვას, პარლამენტში შესვლისთანავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადასტურა, რომ ყველაზე უპრინციპო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც არაერთხელ გატეხა საკუთარი სიტყვა და საკუთარი ამომრჩეველი არაერთხელ გადააგდო“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე „ნაცების“ პარლამენტში შესვლას და იქ მოწყობილ აურზაურს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლურ ოპოზიციად თავს ვეღარ გაასაღებს, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხელით დაწერილ დოკუმენტს ხელს არ აწერს.
„ნაცებისგან“ განსხვავებით დანარჩენმა ოპოზიციამ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეუძლიათ თავი გაიმართლონ, რომ დასავლეთის რეკომენდაციით მაინც გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა. სააკაშვილმა ნახა, რომ რევოლუციური სცენარი აღარ გამოდიოდა, ამიტომ სხვა გზა არ დარჩა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნება დართო, რომ პარლამენტში შესულიყო. ეს ყველაფერი კიევში გადაწყდა, როდესაც ნიკა მელია ეახლა და არა სოფელ-სოფელ სიარულით, როგორც ამბობდნენ.
მეორე საკითხია პარლამენტის რეგლამენტი, რომელსაც თავისი წესები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცები“ პარლამენტში გახარებულები შევარდნენ, გამორჩათ რეგლამენტის მუხლები, რომლებიც არეგულირებს თუ როდის ხდება პოლიტიკური განცხადების გაკეთება, როდის კანონის განხილვა და ა.შ. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტაკლი და იმას, რომელსაც ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში ვნახავთ, ემსახურება მხოლოდ ერთადერთს, რომ მათ გააგრძელონ დესტრუქციული რეჟიმი იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეძლონ ოპოზიციური ხმების მობილიზება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
პლუს ამას, მათ უნდათ დემონსტრირება იმისა, რომ ამნისტიის კანონი არავის სჭირდება. არა და იცით, რომ სწორედ ნიკა მელიას გამო არის ამინისტიის კანონზე საუბარი. თუ არ სჭირდებათ, მაშინ ნიკა მელიამ უარი თქვას და მასზე გაგრძელდება სამართლებრივი დევნა. სასამართლოს დაველოდოთ და გავარკვევთ მელია უდანაშაულოა თუ არა.
ყველაზე მთავარია ის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იმ პარტიების წინაშე, ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. საშემოდგომო სესიამდე „ქართული ოცნება“ ვალდებულია, რომ 5 კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციას გადასცეს. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ხელს არ მოაწერს, რადგან შემდეგ ილაპარაკონ, რომ პარლამენტში თანამდებობის გამო არ შესულან. მაშინ რისთვის შევიდნენ, გაუგებარია. ასევე, აღმოჩნდება, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილებაც არ უნდათ. ესეც მათი მხრიდან ერთ-ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ისინი რადიკალურ, დესტრუქციულ ოპოზიციად რჩებიან. ვერც ერთ შემთხვევაში ისინი პროდასავლურ ოპოზიციად თავს ვეღარ გაასაღებენ, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხელით დაწერილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ აგერ უკვე რამდენი თვეა. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავრცელდება. ამიტომ, ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ მეტ დაპირისპირებას. რაც მთავარია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაში 32 დეპუტატი ჰყავს, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდონ. თუმცა, თუ ამ პროცესებში ჩაერთვება გიორგი გახარიას ექვსეული, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სერიოზული პრობლემა შეექმნება. ეს კიდევ ერთი დარღვევა იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის და, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვისაც იმედი აქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ გვექნება დაბალი საარჩევნო ბარიერი“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას, ანალიტიკოსების შეფასება კი არა, არამედ სერიოზული ფსიქიატრების შეფასება სჭირდება“, - ასე აფასებს ექსპერტი დავით ქართველიშვილი for.ge-თან „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს პარლამენტში.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და პარლამენტის სიყალბეზე ამით მოარულ ჭორებს და აკვიატებულ აზრებს წერტილი დაუსვეს. საკუთარ შეურაცხადობას კიდევ უფრო მაგრად გაუსვეს ხაზი. იმდენად ალოგიკურები არიან თავის გადაწყვეტილებებში, რომ შემოდიან პარლამენტში, ერთვებიან იმ მატერიალურ დაკმაყოფილების სივრცეში, რასაც ჰქვია ხელფასი, რასაც ჰქვია სადეპუტატო პრივილეგიები, რომელსაც არალეგიტიმურად არ თვლიან. იმ დარიცხულ ხელფასს გაყალბებული კუპიურებით არ იღებენ, მაგრამ პარლამენტი, რომლის წევრებიც არიან და რომლის მუშაობაშიც იღებენ მონაწილეობას, მათთვის ლეგიტიმური ჯერ კიდევ არ არის. ეს არის აბსოლუტურად შეურაცხადი პოზიცია, რომელსაც სჭირდება არა ანალიტიკოსების, არამედ სერიოზული ფსიქიატრების დასკვნა.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამნისტიის კანონის მიღება, ძალიან ბევრ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც არ მოსწონს, მაგრამ მოწონება-არმოწონებაზე უფრო მაღლა დგას „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ის აღქმა, როგორც სახელმწიფოებრივად საჭირო და გადასადგამი ნაბიჯი, როგორც კომპრომისი, რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ კომპრომისი არასდროს არაა იდეალური. კომპრომისი რაღაცის დათმობას ეწოდება, მაგრამ თუ ეს პროცესი პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებდა და „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამის მზაობა გამოხატა ევროკავშირის პრეზიდენტის წინაშე, მაშინ ეს დოკუმენტი ხელმოსაწერიც არის და მასში გაწერილი პუნქტებიც შესასრულებელია, თუკი შენ, როგორც პარტია თვლი თავს პროდასავლურ ორბიტაზე მყოფ პარტიად, პროდასავლურ და პროევროპულ ფასეულობებს მისდევ და პატივს სცემ.
მაგრამ ამნისტიის შესახებ კანონი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია შემდეგ ნაირად - მე მინდა, რომ ამ კანონით სრული სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური ამნისტირება მოხდეს მხოლოდ ჩემს მხარეს. ამნისტირება შეეხოს ნიკანორ მელიას და მათ აქტივისტებს. თუმცა, აი, თქვენს მხარეს, რომ არიან დაზარალებულები, მათ შორის სამართალდამცველები, უბრალო მოქალაქეები, ანუ ყველა ის მხარე, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოადგენს, მე არ მსურს, რომ ამნისტირება შეგეხოთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველ წამს სჭირდება ხელისუფლებისათვის შეხსენება, რომ თითქოს იმ დღეებში არა საკუთარი ბრალეულობა გამოვლინდა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის კუთხით, არამედ გაამახვილონ ყურადღება სახელმწიფოს ინსტიტუტების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე. მაშინ, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტი და „ქართული ოცნების“ მიდგომაც არის შემდეგნაირი, რომ აქეთ მხარესაც იყო გადაცდომა და მეორე მხარესაც იყო დანაშაული ჩადენილი. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ჩვენ ეს ისტორიის ფურცელი უნდა გადავშალოთ. „ნაციონალურ მოძრაობა“ კი, თვლის, რომ მათ ნაწილში ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს, მაგრამ „ოცნების“ ნაწილში ღია დარჩეს, რათა მუდმივად ჰქონდეთ პოლიტიკური აპელირების საშუალება, თურმე რა ცუდია ხელისუფლება, რა ცუდად მოექცა მოსახლეობას“, - გვითხრა ექსპერტმა.