ხუსეინ შაჰინი არჩილ ხაბაძეს ბათუმში მეჩეთის ასაშენებელი ადგილის გამოყოფას სთხოვს

ხუსეინ შაჰინი არჩილ ხაბაძეს ბათუმში მეჩეთის ასაშენებელი ადგილის გამოყოფას სთხოვს

ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს თურქეთის ხელისუფლება ბათუმში მეჩეთის ასაშენებელი ადგილის გამოყოფას სთხოვს - ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც აჭარის მთავრობის ვებგვერდზე 14 მარტს გამოქვეყნდა და ამ მისამართზე http://www.ajara.gov.ge/geo/?page=show&id=2672  შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ჩვენი აზრით, დღეის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ წევრებს ძალიან გაუჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება ქართველი მუსლიმების ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება და აჭარაში არსებულ ორასამდე მეჩეთს კიდევ ერთი თუ მიემატება, ამით არაფერი დაშავდება.

აჭარის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე იგეგმება - არჩილ ხაბაძეს ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ადგილის გამოყოფა სთხოვა საქართველო-თურქეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ხუსეინ შაჰინმა.

"აჭარის ა/რ. სამთავრობო დელეგაცია არჩილ ხაბაძის მეთაურობით თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მთავრობის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა ანკარაში თურქეთის მეჯლისში გამართა. იგი საქართველო-თურქეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა. არჩილ ხაბაძემ და ხუსეინ შაჰინმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო აჭარაში მეჩეთის მშენებლობას. პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძეს მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფა სთხოვა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების გზით იქნება მიღებული“, - ესაა აჭარის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობა.

საქართველო-თურქეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარისა და არჩილ ხაბაძის შეხვედრას ქართველი ტელეჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, ოღონდ ჩვენთვის უცნობია საქართველო-თურქეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ხუსეინ შაჰინის განცხადება ბათუმში მეჩეთის ასაშენებელი ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაღებულია თუ არა ვიდეოკამერით.

რა შინაარსის საუბარი შედგა არჩილ ხაბაძესა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, ეს ჩვენთვის უცნობია, რადგან შეხვედრა დახურულ კარს გაიმართა. არც ის ვიცით, რა კონკრეტული მოთხოვნები აქვს თურქეთის კულტურის მინისტრს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსულმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ საუბარი ანკარაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ დაიწყეს. 14 თებერვალს ანკარაში ერდოღანი-ივანიშვილის ერთობლივ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საქართველოში ოშკი და იშხანი აღსდგება, ხოლო ბათუმში მეჩეთი აშენდება.

საქართველოს მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება სალოცავი სივრცის უკმარისობითაა გამოწვეული და რომ მეჩეთი არ შენდება ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ. საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წევრს არ აქვს დასაბუთებული და ლოგიკური პასუხი იმაზე, თუ მეჩეთის ქართველ მუსლიმებს სჭირდებათ, ამ საკითხს თურქეთის მთავრობასთან რატომ ათანხმებენ.