ქვეყანა უკვე მივიდა იმ ზღვარზე, რომ ბიზნესისთვის და ზოგადად, მთელი მოსახლეობისათვის შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი უნდა დადგეს. ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამით გადაადგილების შეზღუდვისა და პირბადის ტარების ღია სივრცვეში გაუქმება. პირველ მათგანზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მალე მიიღებს, პირბადის საკითხი კი, სავარაუდოდ, გაჭიანურდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ ის მიმართულებაა, რასაც დადებითად გადაწყვეტა სჭირდება. გადაადგილების შეზღუდვა კომპანიების გამართულ მუშაობას აფერხებს, ამიტომ შეძლებისთანავე ეს საკითხი განხილული იქნება.
„მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს კერძო სექტორთან. რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას მათგან, რომ „კომენდანტის საათი“ ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, რომელიც კოვიდ-19-ის პერიოდში გადაადგილებას აფერხებს. მოგეხსენებათ, შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში იყო, მოიხსნა და გადაადგილების შეზღუდვა არის ერთ-ერთი შეზღუდვა, რომელიც რჩება.
მნიშვნელოვანია, დინამიკას შევხედოთ, რომელიც სახმელეთო საზღვრების გახსნისა და საჰაერო მიმოსვლების ზრდის პარალელურად იზრდება. იმედს ვიტოვებთ, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სამომავლოდ მოგვცემს შესაძლებლობას, ეს საკითხი კიდევ ერთხელ დადგეს და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით გადაწყდეს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ზუსტად იმავე პოზიციას იმეორებენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე შედარებით კონკრეტულ ვადას ასახელებს გადაწყვეტილების მისაღებად.
„იყო მსჯელობა ამ საკითხზე, ღამის კარანტინთან მიმართებაში, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, ორი კვირა ეპიდსიტუაციას და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება.
პრემიერთან, ალბათ, კიდევ იქნება შეხვედრა მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში, რომ გარკვეული შეღავათები, ვთქვათ კომენდანტის საათთან, იგივე სამასპინძლო დაწესებულებებთან ან პირბადესთან მიმართებაში, ამოქმედდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
თამარ გაბუნია კი, ამბობს, რომ ეპიდვითარებასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელობა მიენიჭება ვაქცინაციის ტემპსაც.
„ვაქცინირებულთა რაოდენობა იზრდება და ეს ბალანსი მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რამდენად გვექნება რესურსი, ღამით მოქმედი შეზღუდვის მოსახსნელად. ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვნახოთ, როდის გვექნება ინფიცირების შემთხვევების სტაბილური, ცოტა უფრო აქტიური კლება“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ზოგადად კი, ქვეყანაში ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგულაციების ნაადრევად შემსუბუქების წინააღმდეგი არიან ეპიდემიოლოგები. მათი შეფასებით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ პანდემიის მართვა გააუარესოს.
თუმცა არის სასიამოვნო სიახლე ვაქცინირებულთათვის. სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან ორჯერადად აცრილი პირებისთვის მოიხსნება ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა. აგრეთვე, ისინი გათავისუფლდებიან პირბადის ტარების ვალდებულებისგანაც.
პარალელურად, ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს. ინფექციონისტების მტკიცებით, თუ მოსახლეობა არ აიცრება და არ დაიცავს რეგულაციებს, შეიძლება, მეოთხე ტალღა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იყოს.