„გიორგი გახარიამ თუკი საკუთარი თავი დააფიქსირა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციურმა მოკავშირემ, ეს მაინცდამაინც მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს იმ ელექტორატზე, რომელზეც ის ნადირობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება“, - ამბობს ირაკლი კობახიძე და განმარტავს, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა პოლიტიკაში. საინტერესოა, თუკი ასეთი თავგადაკლული „ნაცი“ ჰყავდა ბუდეში „ქართულ ოცნებას“, მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს? თუ გახარია მას შემდეგ „გაიშიფრა“, რაც მან პოლიტიკიდან ჩამოშორების შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლა ისევ გაბედა, რის გამოც სამი თვის დაგვიანებით გაუხსენეს კომპრომატი „უპრეცედენტო ღალატის“ შესახებ?
- ვერ გეტყვით, ამის გარკვევა, ცოტა არ იყოს, რთულია. შიგნით რა იხარშებოდა, „ქართული ოცნების“ ოფისში, მე არ ვარ გაცნობილი შიდა პარტიულ სამზარეულოს, მაგრამ მახსენდება სააკაშვილის ნათქვამი, „სიურპრიზებს ელოდეთო“. შეიძლება თუ არა განვიხილოთ გახარია, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ მომზადებული ერთ-ერთი სიურპრიზი სააკაშვილის მიერ, ამას სამომავლოდ დავინახავთ, მაგრამ ფაქტი ერთია, დღეს გახარია თავისი პარტიით გადაიქცა ოპოზიციის მაშველ რგოლად იმ კუთხით, რომ მხოლოდ მას შეუძლია „ქართულ ოცნებას“ თეორიულად წაართვას ხმების ის რაოდენობა, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს 43%, „ნაცმოძრაობამ“ მიაღწიოს თავის მიზანს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამაშია გიორგი გახარიას „ფასეულობა“ ოპოზიციისთვის. კი, შეუძლიათ ახლა გამოვიდნენ, ლანძღონ, აგინონ გახარია, უძახონ ბიძინა ივანიშვილის პროექტი, „ქართული ოცნება 2“, რასაც აკეთებენ პატარ-პატარა პარტიები, რადგან მათ ეშინიათ, გახარიამ მათი ხმებიც არ წაიღოს. თვითონ გიორგი გახარიას რა უნდა და რისკენ მიილტვის, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე. ის ზოგადი ფრაზები, რაც მან გაახმაურა თავის საჯარო გამოსვლებში, ჩემთვის დამაჯერებელი მაინცდამაინც არ არის. მისი განცხადებები კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, თუკი ეს ყველაფერი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის წიაღში და გახარია ამას თვალყურს ადევნებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას ხომ შეეძლო, ცოტა უფრო ადრე გამოსულიყო და ეთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია და მე მივდივარ. მან კი ამის თაობაზე გაიხსენა მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადადგა და ოპოზიციაში წავიდა. ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ბოლომდე გულწრფელი არ იყო თავის შეფასებებში.
რამ შეიძლება გვაფიქრებინოს სააკაშვილ-გახარიას ალიანსის თაობაზე, მხოლოდ იმან, რომ სააკაშვილს გახარია პიროვნულად არ ეხება პოლიტიკაში ხელმეორედ შემოსვლისას? ამას ემატება ისიც, რომ მელიას გამო წავიდა თანამდებობიდან, თუმცა მოგვიანებით არ დაადასტურა, რომ მელია იყო ის წყალგამყოფი, რის გამოც ხმაურიანად დატოვა პოსტი. სხვა არგუმენტი არსებობს სააკაშვილთან გახარიას კავშირების თაობაზე?
- დღეს გახარია შემოდის პოლიტიკურ ველზე სლოგანით „არავის წინააღმდეგ“, ეს რას ნიშნავს? აღარ მიიჩნევს თავის ოპონენტად „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც დასრულებას ჰპირდებოდა? რაღაცნაირად არათანმიმდევრულობას ავლენს, ანუ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი, თანაც, იმდენად მიუღებელი, რომ დასრულებას იმსახურებდა, ახლა უცებ შეიძლება გახდეს პოტენციური პარტნიორი?! შესაძლოა, ამ მესიჯში „არავის წინააღმდეგ“ გახარია გარკვეულ მოსაზრებას დებს, მაგრამ საზოგადოებისთვის მისი ეს მესიჯი გაუგებარი და, გარკვეულწილად, მიუღებელი აღმოჩნდა.
ფიქრობთ, გიორგი გახარია პოლიტიკურად უკვე დაბნეულია?
- ჩემი აზრით, ის ბევრ შეცდომას უშვებს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კომუნიკაციის დროს. გამოუცდელ ადამიანს მას ვერ დავარქმევთ, არის ხალხი, ვისაც მოსწონს გახარია, როგორც პერსონა, რაღაც ქარიზმა შეიძლება მას ჰქონდეს და, ალბათ, არჩევნებში მონაწილეობის დროს ის რაღაც პროცენტებს წაიღებს კიდეც.
გუბაზ სანიკიძე ტროცკისტულ-გახარიასტულ ამბოხად მიიჩნევს გახარიას დადანაშაულებას სააკაშვილთან ერთად გადატრიალების მცდელობაში; რომან გოცირიძე ფიქრობს, როგორც დედამიწა ვერ მოწყდება მზის ორბიტას, ისე გახარია ბიძინა ივანიშვილს ვერ მოშორდება. თუმცა „ნაციონალების“ ლიდერთა ამ მესიჯების მიღმა როგორია „ნაცი“ ამომრჩევლის განწყობა? მათ შეიძლება ერთ დღესაც გახარიას მისცენ ხმა? შეიძლება დაავიწყდეთ გახარიას ნათქვამი მათი პარტიის მიმართ - „მე თქვენ დაგასრულებთ“?
- გუბაზ სანიკიძე დღეს „ნაციონალების“ სიითაა შესული პარლამენტში, ასე რომ, ასეთი ალიანსები უკვე ეთნო-ფსიქოლოგიური და ეთნო-კულტურული თავისებურებებითაა განპირობებული, ასეთი პარადოქსული ალიანსები უკვე ექსპერტულ ახსნასაც აღარ ექვემდებარება. ამის შემდეგ აღარ უნდა გაგვიკვირდეს არაფერი. გახარიამ თუკი საკუთარი თავი დააფიქსირა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციურმა მოკავშირემ, მე მგონი, ეს მაინცდამაინც მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს იმ ელექტორატზე, რომელზეც ის ნადირობს. ბიძინა ივანიშვილის წერილი სწორედ ამის დაზღვევას ემსახურებოდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ ყოფილიყო განცდა, თითქოს გახარია არის „ოცნება 2“ და მის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, რომ ივანიშვილის ხათრით არ მიეცათ გახარიასთვის ხმები.
ეს ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ კოალიციურ პარტნიორად არ განიხილავთ?
- ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა, ესეც არ ვიცით.
როგორ გგონიათ, კობახიძის „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის „ქართული ოცნება“ სხვადასხვაა გიორგი გახარიას თვალსაწიერში? რადგან ის კობახიძეს უპირისპირდება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კი სულგრძელობას ინარჩუნებს. ამას რით ახსნით?
- ჩემი დაკვირვებით, გახარიას არ სურს ივანიშვილთან ურთიერთობის გაფუჭება. გახარიას შეიძლება აქვს წყენა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან, ირაკლი კობახიძესთან და სხვებთან მიმართებით, მაგრამ მას არ სურს ბიძინა ივანიშვილთან ხიდების ბოლომდე დაწვა.
დავაკონკრეტებ, ვფიქრობ ასეთი შეტევით გახარია დარჩება მოგებული და არა ქოც-ნაც+არასტები!
გახარიამ, როცა თავის პრინციპებზე ღალატი მოსთხოვეს (დაფიქრდა ?), თქვა არა. თავისით წავიდა და გაჩუმდა...რაღაც პერიოდი მაინც. ...და ახლა რომ არგუმენტად შიდა სამზარეულოს დეტალების გამომზეურება მოუწია, აქაც გაცილებით დახვეწილად გააკეთა ეს, ვიდრე კობახიძე-მდინარაძემ და ა.შ. ასე რომ ამ წუთში გახარია გაცილებით მეტ მომგებიან პოზიციაზეა, ვიდრე მთელი ოცნება.
პ.ს კი მაგრამ გახარიას რომ არ ეთქვა მოვბრუნდიო, ოცნება ჩვენთვის არც აპირებდა იმის გამხელას, რომ გახარია თურმე სააკაშვილის სასარგებლოდ თამაშობდა?!
მე მგონია გახარია აიღებს 43%-ზე მეტს!