საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სიღატაკის ზღვარის მიჯნაზე. ერთის მხრივ უმუშევრობა და მეორეს მხრივ, პროფესიონალი კადრების სიმწირე თითქოს ჩაკეტილ წრეს ქმნის, რომლის გარღვევაც ვერა და ვერ ხერხდება. ბოლო 20 წლის მანძილზე განვითარებულმა პოლიტ–ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე ფიქრი მეორე პლანის ამოცანად აქცია. თუმცა, ხვალინდელ და ზეგინდელ დღეზე ზრუნვა დღეს, ახლა, ამ წამსვე ფიქრით და მოქმედებით იწყება.
აქვს თუ არა ქვეყანას პერსპექტივა, იქცეს რეგიონის საფინანსო ცენტრად და საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეკონომიკის ტრადიციებიდან უმტკივნეულოდ გადავიდეს ცივილიზებული, დასავლური ეკონომიკის პრინციპებზე. ამ თემებზე ,,ბ&" საკონსულტაციო კომპანიის ,,ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები" პარტნიორი ეფრემ ურუმაშვილი ესაუბრა.
ბატონო ეფრემ, დღევანდელი გადასახედიდან, რა რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ საქრთველო ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრი?
ეს რეალური შესაძლებლობაა, თუმცა, როგორც ყველა შესაძლებლობას, მასაც გამოყენება უნდა. რა უნდა მოხდეს საქართველოში, რა სტრუქტურული და რაც მთავარია, მენტალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, რომ საქართველო 21 საუკუნის გლობალური გამოწვევების ფონზე გახდეს კავაკასიის რეალური საფინანსო ცენტრი? ვფიქრობ, საამისო წინაპირებები უკვე არსებობს. კერძოდ, უწინარესად, ვგულისხმობ, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით საგადასახადო გარემო მართლაც მიმზიდველია. აქ ორი მიმართულებაა მთავარი გამარტივებული ადმინისტრირება და მცირე გადასახადები. თავის დადებით როლს ასრულებს ასევე კორუფციის დაბალი დონე, მისი პრაქტიკულად არარსებობა საგადასახადო სივრცეში.
ეს არის მთავარი ბაზა, რამაც ბუნებრივად უნდა განაპირობოს რეგიონის ფინანსურ ლიდერად საქართველოს ჩამოყალიბება. მაგრამ, ცხადია, მხოლოდ ზემოთაღნიშნული ფაქტორები საამისოდ საკმარისი ვერ იქნება. ჩნდება კითხვა რა არის კიდევ საჭირო და აუცილებელი, რათა ქვეყანამ რეგიონის ფინანსური ცენტრის ფუნქცია იტვირთოს. ანუ რა უნდა შევთავაზოთ ახალი ჩვენს მეზობლებს რომ დავაინტერესოთ ქართულ საფინანსო ბაზარზე შემოსვლით.
უპირველესყოვლისა ამდაგვარი ფუნქციის ასაღებად პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და შევქმნათ განვითარებული საფოდო ბირჟა.
საფონდო ბირჟა საქართველოში დიდი ხანია არსებობს, მაგრამ რამდენიმე საქმეში ჩახედული პროფესიონალის გარდა ალბათ ვერავინ იტყვის, რას საქმიანობს და საერთოდ საქმიანობს თუ არა.
საქმეც ესაა. სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, რაც საქართველოს ბანკი გავიდა თბილისის საფონდო ბირჟიდან (ლონდონის ბირჟაზე გასვლის გამო) აქტივობის მაჩვენებელი და ბირჟის კაპიტალიზაცია თითქმის ნულს გაუტოლდა. რეალური ვითარება ცხადად რომ დავინახოთ, ერთი შედარებაც კმარა , მაგალითისთვის ესტონეთში (1,2 მილ მოსახლეობით), რომელიც ჩვენს მსგავსად არ გამოირჩევა მდიდარი რესურსებით, საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია 5 მილიარდ ევროზე მეტია... აქ სიტყვები ზედმეტია, აქ ძალიან ბევრი სამუშაოა და ამ კუთხით მოქმედება დაუყოვნებლივ არის დასაწყები.
თქვენ ამბობთ, რომ საფონდო ბირჟის, საფონდო ბაზრის განვითარებამ საქართველოში უპატიებლად დაიგვიანა. რა უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება გამოსწორებისკენ წავიდეს?
მოცემულ მაჩვენებელს ოდნავ მაინც რომ მივუახლოვდეთ, საამისო პირველ ნაბიჯად მე მესახება საპენსიო ფონდების შესახებ კანონის შემუშავება და მიღება. ამის გარკვეული მცდელობა წინა ხელისუფლების დროს იყო. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ბიზნესი ბიზნესმენთა ასოციაციის ეგიდით, კერძოდ მუშავდებოდა საპენსიო ფონდების მოდელის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი გაჩერდა. საჭიროა მისი დაუყოვნებლივ განახლება. საფონდო ბირჟის განვითარების გარეშე XXI საუკუნის გლობალიზაციის ფონზე რაიმე ხელშესახები ეკონომიკური წამატების მიღწევა შეუძლებელია. მით უფრო მაშინ, როცა ქვეყნის განვითარების კურსი ევროკავშირში ინტეგრაციისკენაა მიმართული,.
საპენსიო ფონდების შექმნა და ამუშავება ქვეყანაში გააჩენს ფულის დაგროვების გრძელვადიან წინაპირობას და ბანკებსაც გაუჩნდებათ გრძელი ფულის მოზიდვის წყარო ქვეყნის შიგნით.
როგორ გესახებათ ამ პროცესის განვითარება?
პირველი ნაბიჯი სახელმწიფომ უნდა გადადგას და სტიმულირება მისცეს საპენსიო ფონდების შესახებ კანონის შექმნას. ეს კანონი უნდა დაეყრდნოს ,,პირველი შენატანის სტიმულირების პრინციპს სახელმწიფოს მხრიდან და ვფიქრობ, აქ საგადასახადო შეღავათები გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი. ჩემის აზრით დაუბეგრავი მინიმუმი, რაც დღეს შეღავათის სახით არსებობს, უნდა შეიცალოს და დაწესდეს 2 ძირითადი შეღავათი, საშემოსავლო გადასახადის ნაწილი 1 ან 2 % (სადისკუსიო საკითხია) უნდა მიმართლ იქნას დამქირავებლის მიერ საპენსიო ფონდში დაქირავებულის სასარგებლოდ. ანუ, დასაბეგრი განაკვეთი შემცირდეს 18% მდე ხოლო 2% მიმართულ იქნეს საპენსიო ფონდში. ეს ვალდებულების სახით უნდა განესაზღვროს დამქირავებელს კანონში გაწერილი შესაბამისი ფორმულის მიხედვით. ამ ფულის დროზე ადრე გამოტანა ფონდიდან (15 წელი და მეტი პერიოდი საპენსიო სქემაში მონაწილეობის მინიმალური ვადა უნდა იყოს) უნდა სრულად დაიბეგროს გამოყენებისთანავე საშემოსავლო გადასახადით, ანუ ბენეფიციარმა, ამ შემთხვევაში, ვეღარ უნდა ისარგებლოს შეღავათის უფლებით.
ამგვარი საგადასახადო შეღავათით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სახელმწიფო პრეცედენტს შექმნის და ყოველწლიურად, უხეში გათვლებით, 300-400 მილიონი ლარის გრძელვადიან რესურსს გააჩენს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეალურად გამოვიყენოთ ის დამატებითი შეღავათი, რომლითაც იდეაში დღესაც სარგებლობენ ის კომპანიები, რომლებიც საფონდო ბირჟაზე არიან დარეგისტრირებულები. (თუმცა, რეალურად ამით ვერავინ სარგებლობს კოდექსში არსებული რედაქციის აბსოლუტური ბუნდოვანების გამო) მათთვის თავისუფალი ბრუნვის 25%_ანი მაჩვენებელი 15–20 %_მდე უნდა შემცირდეს, რაც ქართულ კომპანიებს მათი აქციების რეგისტრაციის და ვაჭრობის დამატებით სტიმულებს გაუჩენს.
ცხადია, საპენსიო ფონდებში მოზიდული სახსრების განთავსების ერთადერთი ინსტრუმენტი ვერ იქნება საბანკო დეპოზიტები. ამიტომ, მოცემული შეღავათების ერთობლიობა დამტებით სტიმულს მისცემს ქართული კომპანიების ინტეგრაციას საფონდო ბირჟაზე.
ეს პირველი ნაბიჯები. შემდგომში როგორ გესახებათ ქართული საფინანსო ბაზრით მეზობლების დაინტერესება?
შემდეგი ეტაპი უნდა გახდეს მეზობელი ქვეყნებში მოქმედი კომპანიებს შემოყვანა ქართულ საფონდო ბირჟაზე. ამას თავისთავად განაპირობებს ის ფაქტი, რომ ჩვენი საფონდო ბაზარი იქნება რეალური,ეფექტიანი და ქმედუნარიანი. ცხადია, ამას თან უნდა დაერთოს დროში კარგად გაწერილი და პროფესიულად დაგეგმილი შესაბამისი მარკეტინგული კამპანია.
აქ შემოდის, ჩემი აზრით კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი. პირველი, ქართულმა კანონმდებლობამ მკაფიოდ უნდა უზრუნველყოს ჩვენს საფინანსო სივრცეში მეზობელი ქვეყნების კომპანიების დარეგისტრირების სამართლებრივი ასპექტები. კანონმდებლობა უნდა იყოს მარტივი და მკაფიო და იმავდროულად არ უნდა შეიცავდეს რისკებს ბაზრით დაინტერესებული უცხოური კომპანიებისთვის. და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი, ცხადია, ეკონომიკურ ასპექტთან ერთად ინვესტორებისთვის აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა. ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თანამდევი ტენდენციაა დავების წარმოშობა. ამ დავების წარმოების პროცესიც დარეგულირებული უნდა იყოს ერთობლივი ინტერესების პრინციპებზე. ვფიქრობ, საუკეთესო მოდელი იქნება, თუკი ამიერკავკასიის ქვეყნების სავაჭრო ან/და ბიზნეს ფედერაციების მონაწილეობით დაფუძნდება არბიტრაჟი, რომლის კომპეტენციაც სრულად და სავსებით იქნება მისაღები ბაზრის ყველა ფიგურანტისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობა მიმაჩნია, რომ ერთგვარი გარანტია იქნება საქართველოში განვითარებული საფონდო ბირჟის ჩამოსაყალიბებლად, რაც თავის მხრივ, გარანტირებულად მოიტანს მეტ სიკეთეს ქვეყნის ეკონომიკაში, რეალურად აქცევს მას დასავლურ ბაზრებზე ორიენტირებულად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლებას და საქართველოს აქცევს რეგიონის საფინანსო ცენტრად.