ევროკავშირი მოსკოვის სასამართლოს მიერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებად გამოცხადებას დამოუკიდებელი პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.
„მოსკოვის სასამართლოს გუშინდელი განჩინება რუსეთის მთავრობის სერიოზულ ძალისხმევას წარმოადგენს დამოუკიდებელი პოლიტიკური ოპოზიციისა და ანტიკორუფციული გამოძიების ჩახშობისა და არჩევნების წინ ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ორგანიზაციების გავლენის აღმოფხვრის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებას შორსმიმავალი შედეგები ექნება რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და კრიტიკულ ხმებზე.
„მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, სრულად დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ევროკავშირი კვლავ მოითხოვს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსეთის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო.