"ქართულ ოცნებას" ნაციონალების გადამკიდე, სატელეფონო პრეფიქსი "5"-ც ნერვებს უშლის

კომისია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის („კოალიცია „ქართული ოცნება“ სატელეფონო ინდექს „5“–ის შეცვლას გეგმავს“) შესახებ განმარტებებს ავრცელებს.

შეგახსენებთ, “საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ” N355 დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 18 ნოემბერს მიიღო. დოკუმენტის საჯარო განხილვის პროცესში ჩართული იყო, როგორც დარგის მოთამაშეები, ასევე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ნუმერაციის ახალ გეგმაზე გადასვლით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცე შესაბამისობაში მოვიდა ევროპის ჰარმონიზებულ ნუმერაციის სისტემასთან.

იმისთვის, რომ საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი ქვემოთ, მოკლედ განვმარტავთ თუ რა ცვლილებები განხორციელდა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაში.

ეროვნული პრეფიქსი - 8 შეიცვალა ეროვნული პრეფიქსი -0-ით (და არა - 8 სატელეფონო ინდექს „5“-ით როგორც ეს განცხადებაში იყო ნათქვამი). გარდა პოსტ საბჭოთა სივრცისა, თითქმის ყველა ქვეყანაში ეროვნული პრეფიქსი არის - 0 და საერთაშორისო პრეფიქსი კი – 00.

დებულების შესაბამისად, შემოღებული იქნა 1-ან იდექსზე საგანგებო-ექსტრემალური სამსახურებისა და სპეციალური ნომერი. მაგალითად: 112 და 11808 ან 11809. ევროპის ყველა ქვეყანაში საგანგებო სამსახურის ნომერი არის –112.

2–იანზე დაწყებული ნუმერაცია ამჟამად რეზერვშია, ანუ თავისუფალია, თუმცა ნუმერაციის ახალ ეროვნულ გეგმაზე გადასვლის პროცესში 2–ან ინდექსზე დაწყებული ნუმერაცია დაკავებული იყო, შესაბამისად 2–ზე დაწყებული ნუმერაციის გამოყენება შეუძლებელი იყო.

3–ანი და 4–ანი ინდექსები გამოყენებული იქნა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიულ კოდებად. მაგალითისთვის: ქ. რუსთავის გეოგრაფიული კოდია – 341. ქ. ქუთაისის გეოგრაფიული კოდი – 431.

5–ან ინდექსზე ამაჟამად იწყება მობილური სატელეფონო კავშირისთვის გათვლილი ნუმერაციის რესურსი. 599... 577... (რესურსის გაზრდის მიზნით მობილური სატელეფონო კავშირისთვის განკუთვნილი ნუმერაციის რესურსის (99 XX XX XX) სიგრძე გაიზარდა (გახდა 599 XX XX XX)]

6–ანი ინდექსი თავისუფალია.

7–ანზე დაწყებული ნუმერაციის რესურსი ფიქსირებული უსადენო ქსელის და IP ტექნოლოგიით სატელეფონო მომსახურებისთვის არის გათვლილი. მაგალითად: 790... 791...

8–იან ინდექსზე იწყება ინტელექტუალური ქსელებით უფასო სატელეფონო მომსახურების ნუმერაცია. 800...

9–იანზე კი ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების სატელეფონო მომსახურების ნუმერაცია იწყება. 900...

ნუმერაციის რესურსის მომსახურების სახეებზე განაწილების ეს მოდელი იდენტურია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნუმერაციის სისტემასთან.

აქედან გამომდინარე, “საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ” მთავრობის დადგენილების პროექტზე მუშაობის მომენტისთვის მობილური სატელეფონო მომსახურებისთვის ნუმერაციის თავისუფალი რესურსი იყო მხოლოდ 5–ზე ან 6–ზე დაწყებული ნუმერაცია. ამ ორ ციფრს შორის არჩევანი თავად მობილურმა ოპერატორებმა გააკეთეს.

ნუმერაციის ახალ ეროვნულ გეგმაზე გადასვლით საქართველომ, ევროკავშირის დირექტივა შეასრულა.