კოკა გუნცაძე ქობალიას და ეზუგბაიას დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს

კოკა გუნცაძე ქობალიას და ეზუგბაიას დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს

საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კოკა გუნცაძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი დანაშაულებრივი საქმიანობით საქართველოს რკინიგზას 15 მლნ ლარის ზარალი მიადგა. გუნცაძე იმ სქემაზეც საუბრობს, რომლითაც მისი თქმით, რკინიგზას ზარალი მიაყენეს და აცხადებს, რომ მასალები შესასწავლად მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.

კოკა გუნცაძის თქმით, ამ საქმის სათავე საქართველოს რკინიგზასა და „რკინა-ბეტონის შპალის ქარხანას“ შორის 2010 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება და ამ საწარმოს პრივატიზაციასთან დაკავშირებული დეტალებია. შპს „რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა“ 2000 წლიდან „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიაა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 22 მაისის წერილით „საქართველოს რკინიგზას“ დაევალა შპალის ქარხნის საწესდებო კაპიტალის კორექტირება და საწარმოს 100%-იანი წილის სახელმწიფოსთვის გადაცემა.

გუნცაძის თქმით, ქარხნის საწესდებო კაპიტალში რკინიგზის მიერ თავისი სახსრებით შეძენილი ძირითადი საშუალებების შეტანის შემდგომ, რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის კრედიტორულმა დავალიანებამ „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ 6 მლნ 278 ათასი ლარი შეადგინა. ამის შემდეგ, 2010 წლის 20 ივლისს „საქართველოს რკინიგზამ“ ჩაატარა ტენდერი 474 000 ცალი შპალის შესყიდვაზე. ტენდერში ლოტის საერთო ღირებულება 43 702 800 შვეიცარული ფრანკით განისაზღვრა. ტენდერში მონაწილეობდა სამი კომპანია - „ნიუ ენერჯი“, „მიქსორი“ და „რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა“, რომელიც იმ მომენტისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2010 წლის 20 აგვისტოს, ტენდერის შედეგების გათვალისწინებით 474 000 ცალი შპალის შესყიდვაზე „საქართველოს რკინიგზამ“ ხელშეკრულება გაუფორმა „შპალის ქარხანას“ და კონტრაქტის საერთო ღირებულება იყო 43 307 000 შვეიცარული ფრანკი. გუნცაძის თქმით, კონტრაქტის თანახმად, შპალის საცალო ღირებულება 91.4 შვეიცარული ფრანკი იყო, რაც ვალუტის მაშინდელი კურსით 159.93 ლარს შეადგენდა. ამ დროს კი მარაბდა-ყარწახის და შემოვლითი გზის კონტრაქტორ კომპანიებს შპალები თითო 141.7 ლარად, ანუ 18 ლარით ნაკლებ ფასში მიეწოდებოდათ.

კოკა გუნცაძე ვერ განმარტავს, რა იყო მაშინ შპალების საცალო საბაზრო ფასი, რადგან მისი თქმით, „რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის“ ბაზარს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საქართველო, კერძოდ, საქართველოს რკინიგზა, მარაბდა-ყარწახის კონტრაქტორი კომპანია და შემოვლითი გზის ჩინური კომპანია, რომელიც „ბაიპასის“ პროექტში არის მთავარი კონტრაქტორი. ამიტომ შპალების საბაზრო ფასების დადგენის სხვა კრიტერიუმი და ნიშნული, გარდა ამ საწარმოებისთვის მიწოდებული პროდუქციის საცალო ფასისა, პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად, კოკა გუნცაძე აცხადებს, რომ აქ ცალსახაა - რკინა-ბეტონის ქარხანამ „საქართველოს რკინიგზას“ 18 ლარით უფრო ძვირად მიჰყიდა შპალები, ვიდრე ზემოთხსნებულ ორ კომპანიას და ამდენად, ეს ფასი ხელოვნურად იყო გაბერილი.

გუნცაძე ამბობს, რომ რკინა-ბეტონის ქარხანასთან საქართველოს რკინიგზის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად ხუთ დღეში, 2010 წლის 25 აგვისტოს, ეკონომიკის სამინისტროს წერილების და საქართველოს მთავრობის იმავე წლის და იმავე დღის N34 ოქმის საფუძველზე, რკინიგზასა და შპალის ქარხანას შორის გაფორმდა ვალის პატიების შეთანხმება, რომლითაც შპალის ქარხანას რკინიგზის ვალი 6 278 012 ლარის ოდენობით, ეპატია. კოკა გუნცაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ექვსმილიონიანი ვალის პატიების დროს, შპალის ქარხანა 43 მლნ შვეიცარული ფრანკის ღირებულების კონტრაქტს ფლობდა.

და ბოლოს, კოკა გუნცაძე აცხადებს, რომ ვალის პატიების შეთანხმების გაფორმებიდან ზუსტად ორ კვირაში, 2010 წლის 9 სექტემბერს შპალის ქარხნის პრივატიზება მოხდა და იგი კომპანია „მიქსორმა“ შეიძინა. აღნიშნული კომპანია კი მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის ძმის, ლაშა ჩოჩელის მიერ არის დაფუძნებული. შპალის ქარხნის საპრივატიზაციო ღირებულება კი 6 850 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

„გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და შპალის ქარხანას შორის დადებული 43 მლნ ფრანკის ღირებულების კონტრაქტის გაფორმებიდან 5 დღის შემდეგ რკინიგზამ შპალის ქარხანასთან ვალის პატიების შეთანხმება გააფორმა და მას 6 278 012 ლარი აპატია, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ორ კვირაში შპალის ქარხანა დაპრივატდა მის ხელთ არსებული 43 მლნ ფრანკის ღირებულების კონტრაქტით, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი შპალის ღირებულება 18 ლარით აღემატებოდა სხვა კონტრაქტორი კომპანიებისთვის მისაწოდებელი ერთეულის საფასურს, აშკარაა და ნათელია, რომ სახეზეა ფინანსური სქემა, ეკონომიკის სამინისტროს, რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობის და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. ამ სქემის შედეგად საქართველოს რკინიგზას დაახლოებით 15 მლნ ლარის ოდენობით ზარალი მიადგა“, - აცხადებს კოკა გუნცაძე.

მისი თქმით, აქვს ეჭვი, რომ ამ გარიგების უკან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები დგანან. აქვე გუნცაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში იყო როგორც შპალის ქარხანა, ასევე ქვის ღორღის ქარხანა და რელსშემდუღებელი ქარხანა. გუნცაძის თქმით, სამივე ქარხნის ასივე პროცენტი დაახლოებით ერთდროულად რკინიგზისგან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, რის შემდეგაც მათი პრივატიზება მოხდა. ამ ეტაპზე დანარჩენი ორი ქარხნის პრივატიზაციის დეტალებზე გუნცაძე ვერ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ თუკი ამ პროცესშიც დარღვევები გამოვლინდა, ამის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება. რაც შეეხება შპალის ქარხნის პრივატიზებას, კოკა გუნცაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ ქარხანას 43 მილიონიანი აქტივი გააჩნდა და მიუხედავად ამისა, სულ რაღაც 6 მილიონად გაიყიდა.

„ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს საქართველოს რკინიგზის წერილი (რომელიც 2007 წლით თარიღდება), რომლითაც რკინიგზა ეკონომიკის სამინისტროს წერს, რომ შპალის ქარხნის პრივატიზების შემთხვევაში სამინისტრომ გაითვალისწინოს ის ვალი, რომელიც ქარხანას რკინიგზის მიმართ გააჩნია. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს იყო ზეწოლა და რკინიგზამ სამი წლის შემდეგ ქარხანას ვალის პატიების შესახებ შეთნახმება გაუფორმა. ეს იყო ერთიანი სქემა, სადაც ყველა კომპონენტს თავისი ფუნქცია და როლი აქვს“, - ამბობს კოკა გუნცაძე.

მართალია, იგი იმ მაღალჩინოსნების ვინაობას არ ასახელებს, რომლებიც მისი განცხადებით დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ვალის პატიების შეთანხმების გაფორმებისა და ქარხნის პრივატიზების პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო ვერა ქობალია, ხოლო რკინიგზის გენერალური დირექტორი - ირაკლი ეზუგბაია. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმეზე გამოძიების ჩატარების შემდეგ საგამოძიებო ორგანოებს ამ ადამიანების მიმართ გაუჩნდებათ კითხვები.