„რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება“ - გახარია „ოცნებას“ საბოტაჟით აშინებს?

„რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება“ - გახარია „ოცნებას“ საბოტაჟით აშინებს?

„რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება!“ - რა იცის გახარიამ ისეთი რომ ის დარწმუნებულია „ქართულ ოცნებას“ მიუხედავად 43%-ის აღებისა, ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაციის პრობლემა შეექმნება? შესაძლოა, ღალატში დადანაშაულებული გახარია საბოტაჟს გეგმავდეს და „ოცნების“ შიგნით პარტიის წევრების თუ დეპუტატების გადაბირაბაზე მუშაობდეს? რა არის მისი პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზანი და სურს თუ არა მას ხელისუფლებაში ისევ მოსვლა? გახარია კარტების გახსნას ჯერ არ აპირებს და მხოლოდ მცირე ულუფებით შემოიფარგლება. რა არის მისი თამაშის ლოგიკა? - ჯერჯერობით არ დაუპირისპირდეს თავისზე ბევრად ძლიერს და ძალების მოსაკრებად დრო გაწელოს? რაში სჭირდება ეს დრო და რატომ აფრთხილებს „ოცნების“ მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს, რომ მათი ამჟამინდელი ლიდერები მათ ატყუებენ და „ოცნება“ გუშინდელი დღეა?

ტელეკომპანია „პირველის “ გადაცემა „რეაქციაში “ გახარიას მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი საბაბი მისცა იმისათვის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან გარიგებაში დაედანაშაულებინა.

გახარიამ წინა განცხადებებისგან განსხვავებით „ტვ პირველზე“ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ბევრი ისაუბრა „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე და აღიარა, რომ თანამდებობიდან წამოსვლის მიზეზი პარტიასთან უთანხმოება გახდა. თუმცა ამაში უხილავ ხელს ხედავს, მაგრამ არ აკონკრეტებს არის თუ არა ეს უხილავი ხელი ბიძინა ივანიშვილი. ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ დღეს „ოცნების“ რესურსი ამოწურულია.

„დღეს „ქართული ოცნების“ რესურსი ამოწურულია, როგორც ინტელექტუალური, ასევე მორალური“, - ამბობს ის „რეაქციაში“.

მისი თქმით, დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას მასთან და მის გუნდთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არა აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური.

„სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. არ ვსაუბრობ ყველაზე, ბევრი ღირსეული ადამიანია იქ, ხელმძღვანელობაშიც, არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ეს შეშინებული კაცის ბოდვაა, მეტი არაფერი“, - ასე პასუხობს გახარია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგების შესახებ.

გახარიამ თებერვლის მოვლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე „ოცნების“ წევრებს არწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ. მისი პოზიცია იყო, რომ მელია სასამართლოს წინაშე ისე წარმსდგარიყო, რომ ის ძალადობრივი მეთოდებით არ დაეკავებინათ. გახარია ამბობს, რომ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, მან განკარგულება გასცა, ყველა ღონისძიება, მელიას დასაკავებლად გაცემული, გაეჩერებინათ.

ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზარი ბიძინა ივანიშვილთან გადადგომის წინ მართლაც განახორციელა, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა.

„მქონდა მცდელობა დაკავშირების. სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასდროს ამას ვერ გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, მქონდა მცდელობა დაკავშირების, იმისთვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდგომ მე დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება, რომელიც გავაკეთე“, - აცხადებს გახარია.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილზე საუბარს თავს არიდებდა. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, იყო თუ არა მისი გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილის გაპრემიერება ივანიშვილის გადაწყვეტილება, გახარია, ამბობს რომ არ იცის.

„მე ვიცი, რომ ვიღაცა კობახიძე ჩემს მინისტრებზე გავლენას ვერ მოახდენდა, მაშინ როცა მე ვცადე კონტაქტი დამემყარებინა და პასუხი ვერ მივიღე, ეს ჩემთვის პასუხი იყო და გადავდგი ის ნაბიჯი, რაც გადავდგი. ვინ დანიშნა ღარიბაშვილი, წარმოდგენა არ მაქვს...

მე ვთვლიდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა ბევრად უფრო კარგი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა ვიდრე შს მინისტრი და ვთვლი, რომ მართალი გამოვდექი. ირაკლი უფრო ენერგიული, დინამიური, ეროვნული ადამიანია და ვთვლი, რომ ის ჯარს ჭირდებოდა“, - ამბობს გახარია.

გახარიამ ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილი არასოდეს ჩარეულა მის საქმეებში და იქვე აკონკრეტებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს „არ აღმერთებდა“, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პატივისცემა ჰქონდა.

„ჩემთვის არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი... არ ვაღმერთებდი და მე თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემს მიერ აღიარებული პატივისცემა იყო“, - თქვა გახარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს პასუხობს და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დესტაბილიზაციის მცდელობაში ბრალს სდებს.

„მან ასეთი რამ თქვა - რომც აიღოს 43%-ზე მეტი შეიძლება მაინც ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა. აქ პირდაპირ ემთხვევა გახარიასა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა. გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას და ეს მცდელობა ჩვენ დავასრულეთ ძალიან მარტივად და პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თავდაპირველად „ღამის კურიერის“ ეთერში გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ყოფილი პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სავარაუდო პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. გიორგი გახარიას გუნდი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას განსკუთრებული არაფერი უთქვამს. ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილებაა. „ოცნება“ მას უტევს, შეთქმულების თეორიებს თხზავს და ცდილობენ საპასუხო დარტყმებზე გამოიწვიონ.

„გახარიას ახლა დროის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ ცოტა მოძლიერდეს. გარდა ამის მოწინააღმდეგესთან მას არათანაბარი რესურსები აქვს და მცირე კოზირები, ამიტომ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენოს. ტყუილად ხომ არ უნდა გაისროლოს. ახლა ყველაფერი ერთნაირად რომ ამოალაგოს, მერე რა ქნას? მეორე მხარეს ულევი რესურსია. ამიტომ მან ეს კოზირები უნდა შეინახოს და ნელ-ნელა გახსნას.

რაც შეეხება თემას - არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, მე მგონი ამაში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ გახარია დამოუკიდებელი მოთამაშეა. ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ და მეორე აზრი არაა, რომ გახარიას თავიდან მოიშორებდა. მას საარჩევნოდ შავი საქმე ჩაატარებინა და მისი მოშორება უკვე დაგეგმილი იყო. გახარიამ მითოლოგია ჩამოანგრია, რომ ბიძინაა ერთადერთი და დანარჩენი მრევლია. გახარიამ საკუთარი მრევლი გაიჩინა. პოლიტიკური წონა შეიძინა და მთელ ამ რელიგიურ მითოლოგიას ანგრევს. ბუნებრივია, ის მოსაშორებელი იყო. რა ფორმით და როგორ, ეს უკვე სხვა საკითხია“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია „ნაციონალების“ ოფისში იმიტომ უნდა ჩატარებულიყო, რომ გახარია კომპრომატირებული და გაფუჭებული ამ საქმეს საბოლოოდ უნდა გადაყოლოდა. ექსპრემიერმა დაინახა, რომ ხაფანგში ხვდებოდა და საბოლოოდ თავის გაფუჭებას გადადგომა და პოლიტიკური წონის შენარჩუნება არჩია.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი კი ფიქრობს, რომ სამთავრობო კრიზისი შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებამდეც შეიქმნას და არჩევნების შემდეგაც. მას გახარიას სიტყვები აეჭვებს და ფიქრობს, რომ ეს გარკვეული გზავნილი იყო, რომელიც მას ასე მოულოდნელად და უბრალოდ არ გაუსვრია. ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ გახარიას აქვს გარკვეული ინფორმაციები და არ გამორიცახვს, რომ „ოცნების“ სხვა დეპუტატების გადაბირებაზეც მუშაობდეს. ამიტომ ეს ექსპრემიერისგან ერთგვარ გაფრთხილებას ჰგავდა.

„არ არის გამორიცხული, რომ ის შესაძლოა, რეალურ ინფორმაციას ფლობდეს „ქართული ოცნებიდან“ სხვა დეპუტატების გამოყოფის შესახებ ან მათ გადაბირებას თავად ცდილობდეს. ის „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყო და არჩევნებზე პასუხისმგებელი პირი. ადამიანმა, რომელიც არსაიდან და არავისგან უცბად გამოჩნდა და ამდენი შეძლო, ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის. დიდი ინფორმაციის მქონე პირია და რასაც ამბობს, ყველაფერი გააზრებული აქვს. კარგად იცის, საარჩევნო სია როგორ კომპლექტებოდა და ვინ რომელი დაჯგუფების წარმომადგენელი იყო, რა ხდებოდა ამ დაჯგუფებებს შორის და ვინ ვისთან არის დაპირისპირებული. შესაძლოა, რომელიმე დაჯგუფება მასთანაც არ წავიდეს და უბრალოდ, პარტიიდან წავიდნენ. გამორიცხული არაფერია, ამიტომ მან ერთგვარი გაფრთხილება გააკეთა და ეს სრულიად გააზრებული ჰქონდა“, - აცხადებს ალაფიშვილი for.ge-სთან.

კ ა ხ ე ლ ი გახარია თვალთხარია კი არა, ქვეშაჯვია, ანუ ყაყა-ყრია ყოფილა.
3 წლის უკან
Serapina მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში პოლიტიკა სუფთა ხელებით არ კეთდება... მითუმეტეს, საქართველოს კატეგორიის ქვეყანაში, ეს გამორიცხულია! მე, გახარიას საუბრის გარკევულ ნაწილს მოვუსმინე (*პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე) და სხვაზე ნაკლებად ბინძური ჩანს...თანაც ბევრად ნაკლებად.
ჩემი გადასახედიდან ასე ჩანს.
...თუ, ვინმე საწინააღმდეგოს არგუმენტირებულად ამიხსნით, მადლობელი დაგრჩებით. ნეპოტიზმზე არგუმენტი არ გვინდა... აქ, ოცნებამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ახლა ამას, ყველაფერს გახარიას არ და ვერ ავკიდებთ... ჰო, ეშმაკი სულ დეტალებში იმალება... თანაც ზომა-წონის დეტალებში, განსაკუთრებით წარმატებულად.
3 წლის უკან
Maverick ბრავო სერაფინა!

გეთანხმები!

ქოცნების ქოცარასტული ფრთა "მაგრად" ბობოქრობს, ეს კი ჩხუბის შემდგომ მუშტების ქნევის ტოლფასია...

რაც შეეხება ბატონ კობახიძეს, მის მიერ "სახალხოდ" განხილული და მიღებული კონსტუტუციის შემდეგ მისი არაფერი მჯერა!
3 წლის უკან
Maverick აქვე დავძენ, ყველას საყურადღებოდ, გ. გახარიას, ისევე როგორც ბ. ივანიშვილს მათ მიერ გაკეთებული მედებებით ვაფასებ და და არ ვაღმერთებ!
3 წლის უკან