ცოტა რამ თუშურ სამზარეულოზე

ცოტა რამ თუშურ სამზარეულოზე

თუშური სამზარეულო განსხვავებულია არამხოლოდ დასავლეთ საქართველოს სამზარეულოსაგან, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეების კულინარიისაგანაც კი. ამის მიზეზად რამდენიმე რამ სახელდება: თუშეთის განცალკევებული მდებარეობა სხვა კუთხეებისაგან, ადგილობრივი კლიმატისა თუ ფლორა–ფაუნის ორიგინალურობა, ისტორიული კავშირი როგორც ქართულ, ასევე ჩრდილოკავკასიურ ტომებთან.

 

თუშური  საჭმელებიდან ლეგენდარული თუშური ყველის გარდა,  განთქმულია:  ხინკალი, ხორცის  გულიან  მოხარშული  კვერები, (შენელებული  წყლის  ქონდარით  – “კვლიავით“). მოწონებით  სარგებლობს “კოტორი” –  ყველისგან  ან  სპეციალურად  მომზადებული კალტისაგან  (ხაჭოსაგან)  დამზადებული  ხაჭაპური. დათხური – ერბოში მოდუღებული ხაჭო და გორდილა.

 

გორდილა განსაკუთრებით პოპულარულია მწყემსებში, რადგან ადვილი მოსამზადებელია და ამასთან ერთად  – ნოყიერიც. გორდილა სულ უმარტივესად მზადდება: სახინკლე ტიპის ცომს  ზელენ სოდით.  მისგან ამზადებენ პატარა  გუნდებს და ადუღებულ წყალში  ყრიან. 15 წუთის შემდეგ  ამოალაგებენ უკვე  მოხარშულ  გორდილებს  და პურის  მაგივრად  ერბოში ჩაწობით მიირთმევენ. გორდილასთან ისე არაფერი მიდის, როგორც კარგი ხილის არაყი.

 

ასევე საინტერესოა, თუშური საჭმელი – ყვა. ყვას ძირითადად ბავშვებს აჭმევდნენ, რადგან საკმაოდ ბევრ ვიტამინს შეიცავს და ფრიად მარგებელია. ყვას თუშები შედეგნაირად ამზადებენ: ქერის  და  ხორბლის მარცვლებს  შუშავენ,  ფქვავენ და  შემდეგ მისი  ფქვილისაგან (ქუმელი) ზელენ ცომს ერბოსთან ერთად. უმატებენ ხაჭოს ან  ყველს  და ურევენ. სულ ბოლოს კი ამ მასას პატარ-პატარა გუნდებად ჰყოფენ.    

  

ასევე თუშური საჭმელია ყაღი; მზეზე გამხმარი  დაუმარილებელი ცხვრის ხორცი.  მიირთმევენ ლუდთან ერთად, ან  ლუდში ხარშავენ და ამზადებენ ყაღის წვნიანს.         

  

ფოტოზე: თუშური ყველი, კალტი  (ხაჭოს კვერი) და ბოკალში ალუდი (თუშური ლუდი). ფოტოს ავტორია ავთო კობახიძე.