„არალეგიტიმური, დემოკრატიის პროცესის იმიტაცია, თოჯინების თეატრი“ - ასე მოიხსენიებდნენ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები საკანონმდებლო ორგანოს. გუშინ, კი „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სრული შემადგენლობით გამოცხადდა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამომრჩეველს, რომელსაც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, სწორედ ამ ამომრჩევლის სირცხვილის დერეფანს თავი აარიდეს და პარლამენტში უკანა კარიდან შევიდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ საკანონმდებლო ორგანოში პირველივე დღეს „შატალოს“ მოწყობა უნებლიედ მაინც მოუხდათ და პირველივე სესიაზე დააგვიანდათ, უფრო სწორედ უკვე დასრულებულზე მივიდნენ.
რას ელიან დეპუტატები პარლამენტში შესული „ნაციონალური მოძრაობისგან“ და რა ფუნქცია მოვალეობა ექნებათ შარ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე, for.ge-ს კითხვებს, მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პასუხობს.
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა პარლამენტის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე მათი ყოფნა დესტრუქციაზე ორიენტირებული იქნება. ეს, საბოლოო ჯამში, ისევ მათ საზიანოდ იმუშავებს. ადრე თუ გვიან, „ნაციონალებს“ მაინც მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა. ამასაც გარკვეული დრო სჭირდება იმის გასააზრებლად, რომ მათი გაძალიანება უაზრობაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯეობით ჯიუტობს და ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს, როგორ ფიქრობთ ის დესტრუქცია, რომელსაც ქუჩაში ყოფნის დროს აწყობდნენ, ახლა პარლამენტში ხომ არ გადმოიტანენ?
- საერთოდ, ის დამანგრეველი აზრი, რაც მათ ჰქონდათ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოეხდინათ, ეს საბოლოოდ ჩაიფუშა. აქ საუბარია იმაზე, რომ ახლა ისინი ცდილობენ ელემენტარულად, დესტრუქციული დღის წესრიგი პარლამენტში ჰქონდეთ. ამის იქით მათი მცდელობა ვერ გავა. ასე რომ ვთქვათ, ამით შემოიფარგლება „ნაციონალების“ პოლიტიკური შესაძლებლობები - დესტრუქცია და ხმაური.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ აქციებზე გამოსვლისკენ, დღეს კი, როდესაც პარლამენტში შემოვიდნენ, სწორედ საკუთარ ამომრჩევლებს დაემალნენ და საკანონმდებლო ორგანოში უკანა კარიდან შემოვიდნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცნენ ასე?
- მათი პოლიტიკური ფსიქოლოგია ძალიან დაზიანებულია. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ, ჩვენ ამ პარლამენტს დავანგრევთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ და პარლამენტის უკანა შესასვლელიდან ჩუმ-ჩუმად შემოვიდნენ. ეს ცალსახად მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში არიან.
ნიკა მელია, რომელსაც პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყვიტა და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა, დღეს კვლავ პარლამენტის წევრია. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მან მმართველი გუნდის წევრებზე „ჯავრი იყაროს“?
- ნიკა მელიას რა რადიკალური ქმედებები უნდა ჰქონდეს, შეიძლება რაღაც განცხადება გააკეთოს, მაგრამ ვერანაირი რადიკალური ქმედებები ვერ ექნება. მათი დღის წესრიგი იქნება, პარლამენტში კამერების წინ ხმაურისა და დესტრუქციის წარმოდგენა. ამით შემოიფარგლება მათი საპარლამენტო ცხოვრება.
ამნისტიის კანონის განხილვა გადადეთ, რადგან სესიას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრებოდა. რა ფორმით მიიღება აღნიშნული კანონი და ოპოზიცია რამდენად დათანხმდება მმართველი გუნდის მიერ შედგენილ ამინისტიის კანონს?
- ჩვენ გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამნისტიის კანონის შესახებ თავისი აზრი გამოთქვას, რათა შემდეგ არ თქვან, რომ კანონი ისე მიიღეს, ჩვენ იქ არ ვიყავითო. გვინდა, რომ ისინი დარბაზში იყვნენ. თუმცა, ისიც ვიცით, რომ წინააღმდეგნი იქნებიან. ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტს თანმიმდევრობით შევასრულებთ.
აუცილებლად უნდა შევეხოთ ექს-პრემიერი გიორგი გახარიას ოპოზიციაში დაბრუნებას. მის დაბრუნებას ბიძინა ივანიშვილი განცხადებით გამოეხმაურა. რას იტყვით, ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე და ასევე, როგორ ფიქრობთ რამდენად იყო გახარია ინფორმირებული, რომ სახელმწიფოს გადატრიალება იგეგმებოდა?
- ზოგადად ვიტყვი, რომ გახარიას ქმედება აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, იმიტომ, რომ გუნდთან შეხვედრის დროს სხვა რამეს ამბობდა, ხოლო როდესაც საქმე აღსრულებაზე მიდგა, მან მოულოდნელად უკან დაიხია და თანამდებობა დატოვა. მარტო გუნდი კი არა, მთელი ქვეყანა მძიმე განსაცდელის წინაშე დააყენა. რა თქმა უნდა, მის ასეთ ქმედებას გამართლება არ აქვს.
როგორ ფიქრობთ, თუ გიორგი გახარიას ინფორმაცია ჰქონდა, რომ იგეგმებოდა სახელმწიფოს გადატრიალება, გუნდთან რატომ დამალა, რატომ არ გაიარა კონსულტაცია და რატომ არჩია გადადგომა?
- ვფიქრობ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. შეიძლება ადგილი რაღაც გარიგებასაც ჰქონდეს. ამავდროულად, მგონია, რომ მაინც მას შიში დაეუფლა.
რის შიში დაეუფლა?
- პასუხისმგებლობის აღების შიში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეზონანსული განცხადების შემდეგ, გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა მის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს...
- მათ რომ კონკრეტული პასუხი არ გააჩნდათ, იფიქრეს, პროკურატურას ავკიდოთ ამ საკითხის გარკვევის ტვირთიო. ამ დროს, აქ პროკურატურა არაფერ შუაშია, იმიტომ, რომ გახარიას ქმედება იყო პოლიტიკური და მიიღო ამასთან დაკავშირებით შესაბამისი შეფასება „ქართული ოცნებისგანაც“ და ბიძინა ივანიშვილისგანაც.
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.
„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.