საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა ცალკეული შემთხვევაა, რომლის გაზვიადებაც არ ღირს.
„ყველაფერი კარგადაა. ნუ გავაზვიადებთ ამ ინციდენტს. ვფიქრობ, ეს ცალკეული შემთხვევაა. ამ ინციდენტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას ეხება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი უარესდება.
„ნუ დავუშვებთ იმას, რომ ცალკეულმა ინციდენტებმა და ძალადობის მომხრე პირებმა საზოგადოებრივი დებატები დაიპყრონ: ისინი ამას არ იმსახურებენ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, დღევანდელი ინციდენტის მიუხედავად, ის განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრას.
„ინციდენტის შემდეგ, შეხვედრა გავაგრძელე და იმ ხალხს მივესალმე, ვინც იმ მამაკაცის გვერდით იდგა. მათთან ერთად სურათები გადავიღე. გავაგრძელებ ამის გაკეთებას. ვერაფერი შემაჩერებს“, - აღნიშნა მან.
დრომის დეპარტამენტში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სილა გააწნა. პოლიციამ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.