აშშ-მა ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის მთავრობის გარკვეული წარმომადგენლებისა და სხვა პირების ქმედებები და პოლიტიკა კვლავ საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის.
ჯო ბაიდენის თქმით, აღნიშნული ქმედებები ბელარუსში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს ძირს უთხრის.
„ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ადამიანების დაკავებასა და გაუჩინარებას, ასევე კორუფციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.