ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ერთი კვირის წინ, საქართველოს მთავრობის მიერ სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით ტურისტული ნაკადი გაიზარდა. ჯერჯერობით ამას არ ეთანხმებიან სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის წარმომადგენლებიც. მეტიც, ისინი მინისტრის მოჭარბებულ ოპტიმიზმს საერთოდ არ იზიარებენ.
მინისტრმა მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წელს მთავრობა მოსალოდნელზე უკეთეს შედეგს ელოდება.
„ერთი კვირაა, რაც სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამან პირველი შედეგები სახმელეთო საზღვრების კვეთის თვალსაზრისით მომატებული ტურისტული ნაკადების სახით უკვე მოგვცა. აღდგა სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. 15 ივნისს ერევანი-ბათუმის მიმართულებით თბილისის გავლით პირველი მატარებელი დაიძრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან საქართველოს ტურისტები ტრადიციულად ესტუმრებიან.
თურქეთის რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვრით შეუფერხებელი გადაადგილება მიმდინარეობს. უკრაინიდან არის მომატებული ტურისტების რაოდენობა. მათ შეუძლიათ როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით გვესტუმრონ.
აზერბაიჯანთან მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებაზე. იმედი გვაქვს, რომ არ დააყოვნებს ეს გადაწყვეტილება და გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანის ტურისტებს“, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთლიანობაში ტურიზმის აღდგენის პროცესის გასაგრძელებლად ძალიან პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. ამიტომაც საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ განიხილავენ ქვეყანაში ტურისტების მიღების წესებს იმისთვის, რომ საზღვრის კვეთა უფრო კომფორტული იყოს.
„ჩვენი პროგნოზით, ახლა უკვე ნათელია, რომ ჩვენ შევძლებთ ტურიზმის აქტივობა აღვადგინოთ 2019 წლის, სულ მცირე, 40%-ის დონეზე, მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად, 50%-მდეც აღდგება 2019 წლის ტურიზმის დონე, ეს სრულიად შესაძლებელია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მთავრობის ოპტიმიზმი სულაც არ არის გადამდები სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისთვის. რესტორნების წარმომადგენლების უმრავლესობა პესიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია.
რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ რესტორანი ერთ წელზე მეტია დახურულია და არ მუშაობს, რადგან მისი ობიექტი ტურისტულად აქტიურ ქუჩაზეა და მომხმარებლების ძირითად ნაწილს სწორედ უცხოელი ტურისტები წარმოადგენენ. ჯერჯეობით არავინ ჩანს და ამიტომ ტრაპაიძე ფიქრობს, რომ მინისტრის მოლოდინი გადაჭარბებულია და ტურიზმი წელს ვერ აღდგება.
„ნათია თურნავას მოლოდინი გადაჭარბებულია, ქვეყანაში ტურისტები არ არიან და არც ზაფხულის სეზონზე ველოდებით. რესტორანი ტურისტულად დატვირთულ ადგილას გვაქვს, პუშკინის ქუჩაზე, მაგრამ აქ მუშაობას აზრი არ აქვს, ამიტომ ერთ წელზე მეტია დახურულები ვართ და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში არც გავიხსნებით. კომუნალურები 50%-ით გაგვიძვირდა, იჯარაც გაიზარდა, მინიმუმ 50 000 ლარია საჭირო, რომ რესტორანმა მუშაობა განაახლოს, კრედიტის აღებაც გართულდა, ამიტომ ახლა უფრო ვართ ჩიხში შესული“, - განაცხადა ტრაპაიძემ.
რესტორნების ქსელ მაჭახელაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ობიექტების მხოლოდ ნაწილი მუშაობს და ჯერჯერობით სრულად გახსნა ტურისტების არარსებობის გამო არ იგეგმება.
„ბევრი ობიექტი დავხურეთ და დაახლოებით 50-60% მუშაობს, ჯერჯერობით ყველა შიდა სივრცის გახსნასაც არ ვგეგმავთ, რადგან არც ადგილობრივების მხრიდან არის მოთხოვნა და არც ტურისტები ჩანან. ის მოლოდინი რაც მთავრობას აქვს, ვფიქრობ, არც ამ ზაფხულს გამართლდება, ამიტომ სრულად ყველა ფილილის და ყველა სივრცის გახსნისგან თავს ვიკავებთ. ვიმედოვნებ, სახმელეთო საზღვრების გახსნა გაზრდის ტურისტების რაოდენობას, თუმცა 2019 წლის შედეგთან ახლოსაც ვერც მოვალთ“, - აღნიშნა რესტორნის წარმომადგენელმა ქეთი გილიამ.