„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ გახარია იყო „ოცნების“ ყულაბაში ერთ-ერთი ბევრი ხმის მიმტანი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ამიტომაცაა რომ კობახიძეს დაქვემდებარებული პროპაგანდისტული მანქანა ებრძვის გახარიას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წამოცდენები ჰქონდათ პოლიტიკოსებს (უგულავას, ცისკარიშვილს), რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ გახარიაზე იმედს ამყარებენ. რამდენად გააძლიერებს გიორგი გახარიას ის ფაქტი, რომ პოლიტიკაში მისი შემოსვლით არც ერთი მხარე არაა კმაყოფილი, თითქმის ყველა პოლიტიკოსი აკრიტიკებს მას, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ძლიერი მეტოქეა ყოფილი პრემიერი?
- სიმართლე გითხრათ, ოპოზიციის მხრიდან გახარიასთან მიმართებით პრეტენზიები მეტ-ნაკლებად გასაგებია, რადგან იყო მართლაც გამაღიზიანებელი ქმედებები და განცხადებები გახარიას წარსულთან დაკავშირებით. პირდაპირ ვთქვათ, არავის დავიწყებია 20 ივნისი, მოუგვარებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა მძიმედ აწევს ქვეყანას. თანაც, ვინც „ქართულ ოცნებაში“ იყო, მათ კარგად იციან, რომ, ერთი პერიოდი, გახარიას საკმაოდ სერიოზული კარტ-ბლანში ჰქონდა ბიძინა ივანიშვილისგან. აქედან გამომდინარე, როდესაც იცი, რომ ადამიანს ჰქონდა ბევრი რამის გაკეთების საშუალება და მან არ გააკეთა, ეს უკვე დღევანდელი გადასახედიდან ეჭვებს და კითხვებს იწვევს, რას გააკეთებს ის მომავალში. გარდა ამისა, ოპოზიცია ფიქრობს, რომ გახარიამ საკმაოდ ცუდი ნაბიჯები გადადგა 20 ივნისთან დაკავშირებით და დღესაც ღიად არ საუბრობს ამ ფაქტის შესახებ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხრიდან გახარიას მისამართით შეტევას, ესეც ბუნებრივია, რადგან „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ გახარია იყო „ოცნების“ ყულაბაში ერთ-ერთი ბევრი ხმის მომტანი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და დღეს მისი გასვლა კობახიძისთვის კატასტროფის ტოლფასია. ამიტომაცაა, რომ მთელი „ქართული ოცნების“, ანუ კობახიძეს დაქვემდებარებული პროპაგანდისტული მანქანა ებრძვის გახარიას, რის გამოც ის ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. თუმცა ვფიქრობ, თუ სიკეთე გვინდა, ნაკლებად უნდა აკრიტიკოს ოპოზიციამ გახარია და უფრო მეტად უნდა ვაკრიტიკოთ „ქართული ოცნება“, რადგან 43%-იანი ბარიერი, რომელიც დაწესებულია, გადალახვადია. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ხმები უნდა დაგროვდეს.
სავარაუდოდ, გიორგი გახარია მარტოსული მებრძოლი არ იქნება. როგორ გგონიათ, ვინ დგას მის უკან?
- სხვათა შორის, გადაჭარბებულად მიმაჩნია, როცა ამბობენ, რომ გახარია მალე გავა პოლიტიკიდან, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები ცალმხრივად არ მიიღება. გარკვეულწილად, რაღაც კონსულტაციები მიმდინარეობს, გარკვეული გეგმებიც აქვთ და ეს ჩანს კიდევაც. ის ტენდენცია, რომ „ქართული ოცნების“ პარტიას ტოვებენ ადამიანები და გახარიასთან გადადიან, უბრალოდ სპონტანური მოვლენა არ მგონია. ალბათ, გარკვეული სამსახურები თვითონ „ქართული ოცნებიდანაც“ ეხმარებიან გახარიას გაძლიერებაში. ვფიქრობ, იგივე ხალხი დაეხმარება კალაძესაც.
ეს ნიშნავს, რომ მათ უკან ივანიშვილია?
- თუკი დავაკვირდებით, რომ გახარიას რიტორიკა ივანიშვილთან მიმართებით აბსოლუტურად ლოიალურია და მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვის დაბომბვა ხდება გახარიას მხრიდან, ეს იგივე შიდა ბრძოლის ნაწილია, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ყოველთვის იყო, ყველა ებრძოდა ერთმანეთს ივანიშვილის კარზე, უბრალოდ, ახლა ეს ბრძოლა გარეთაა გამოტანილი. ეს ბრძოლა ღია დაპირისპირებაში გადავიდა.
გახარიას უარყოფით მხარეებზე როცა საუბრობენ, ნამახვანთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებას ახსენებენ. თქვენ, როგორც პროფესიით ჰიდროტექნიკოსი, რას იტყვით მსგავსი სიმძლავრის ჰესებთან დაკავშირებით?
- რიონის მცველთა პროტესტმა საკმაოდ ბევრი რამ გამოაჩინა ამ ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა რიონის მცველთა სოლიდარობის ნიშნად დატოვეს თავიანთი სამსახურები, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში პატრიოტული განწყობები არსებობს. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ადამიანებს უყვართ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. დღეს გაიცემა ძალადობრივი დავალებები, რათა რიონის ხეობის მცველები შეავიწროვონ, ეს კიდევ უფრო მეტ პროტესტს იწვევს. ჩემში დიდ კითხვებს იწვევს ე.წ. ღირებულება, რომელიც გაჟღერებულია, თითქოს 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. თანაც, ეს ძველი ფასებია, დღეს ყველაფერი ხუთმაგად ძვირია. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა ვალდებულებებს ვიკიდებთ? ეს ჩვენს ენერგოღირებულებას როგორ დააწვება? ჩვენ ვიცით, რომ ყველა ასეთი ინვესტიცია შემდგომში ჩვენს ტარიფებზე აისახება. მე არ მინახავს, ახალმა ენერგოგენერაციის ობიექტმა ამ ქვეყანაში რამე გააიაფოს, ყველაფერს გვიძვირებენ. გაძვირებული ელექტროენერგიის პირობებში კი ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაც მოიკოჭლებს და ჩვენი ეკონომიკაც ვერ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ჰიდროტექნიკოსი ვარ და თავის დროზე მაგიტომ ჩავაბარე ამ მიმართულებით, რომ ჰესები მეშენებინა, მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირი სიმპათია გამაჩნია ჰესების მიმართ პროფესიიდან გამომდინარე, ვიცი, რა არის ჰესების მნიშვნელობა, მისი უპირატესობა ელექტროენერგიის სხვა გამომამუშავებელ ობიექტებთან შედარებით, დღეს მე ვხედავ ხელების გადაგრეხვით საუბარს, სახელმწიფო სისტემის არა სახელმწიფო ინტერესებზე მორგებას, არამედ კონკრეტულად ვიღაც ერთი ინვესტორის სასიკეთოდ. ინვესტორი იქნება, თუ არაინვესტორი, ადამიანებს ეს სიტყვა არ უნდა შევაძულოთ.
ქართველს რომ აეშენებინა ეს ობიექტი, რამეს შეცვლიდა?
- ვინც არ უნდა იყოს, ეროვნების მიუხედავად, ყველამ გახსნილად უნდა ილაპარაკოს. აქ კი ყველაფერი კულუარულად მოხდა. გახარიამ რა გვითხრა? იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა ამბობს, არ ვიცი, არ ვიყავი ჩართული, არც წამიკითხავს, ხელი ისე მოვაწერეო. ამ ადამიანის შს მინისტრობის პერიოდში, როდესაც თურნავა დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, ყველას გვახსოვს, პანკისის ხეობაში როგორი დაპირისპირებაც მოხდა. თუკი ამ დაპირისპირების შემდეგ ეს ადამიანი ასე ზერელედ უყურებდა ჰესის მშენებლობას, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა არ გაითვალისწინა, არაფერი არ შეისწავლა და ისე მოაწერა ხელი წამგებიან დოკუმენტს, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის ფორმალური პრემიერ-მინისტრი იყო.
რას უქადის ეს პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას?
- ამ პროექტმა დღეს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა მიიღო, ეს იქნება ან ქართველი ხალხის ინტერესების დამარცხება, ან გამარჯვება. აქ ეკონომიკაზე საუბარი აღარ არის. ინვესტორის ფაქტორიც მეორე პლანზეა, აქ მთავარია, ჩვენი ხელისუფლება გახდება თუ არა სახალხო და გაჩნდება თუ არა მაგალითი ამ ქვეყანაში, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ ხალხის ინტერესები გაითვალისწინოს. დიდი ჰესების მიმართ მთელ მსოფლიოში დამოკიდებულება შეცვლილია. ჩვენ გვაქვს მცირე ჰესების საკმაოდ დიდი რესურსი, დაახლოებით 18 მილიარდ კილოვატ საათი შეგვიძლია გამოვიმუშაოთ მცირე ჰესებით. ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, ოღონდ აქ გვხვდება მეორე წინააღმდეგობა, რომ მცირე ჰესებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდება ცენტრებამდე საკმაოდ ძვირია, რამდენი ხაზი უნდა გააკეთო, რომ ელექტროენერგია თბილისამდე მიიტანოს? არადა, არც ეკოლოგიის პრობლემა გვექნებოდა, არც ხალხის პროტესტი იქნებოდა, მცირე ჰესები ელექტროენერგიას ადგილზე რომ ხარჯავდეს, ადგილობრივ მრეწველობას რომ ავითარებდეს, ამით ჩვენი ეკონომიკა თბილისიდან გავიდოდა და გადამამუშავებელი ფაბრიკები, ქარხნები გვექნებოდა, სოფლის მეურნეობა განვითარდებოდა, მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდებოდა, ელექტროენერგია ადგილზევე დაიხარჯებოდა. მით უმეტეს, მომავალი ციფრული ეკონომიკის პირობებში ელექტროენერგია ყველგან დიდი რაოდენობით საჭირო იქნება, სამუშაო ადგილების ხასიათიც კი შეიცვლება, რადგან ციფრულ ეკონომიკას ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება. ამიტომ ელენერგია უნდა გამოიმუშავოს ქვეყანამ ადგილზე და იმ ადგილზე განავითაროს ეკონომიკა. მაშინ აღარ იქნება ასეთი თავკომბალა დედაქალაქი, როცა ყველა მოემართება დიდი ქალაქებისკენ და ადგილებზე არ არის სამუშაო. სამწუხაროდ, თვითონ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა არ უწყობს ხელს მცირე ჰესების განვითარებას. თუ ჩვენ ეკონომიკას და მცირე ჰესებს ერთმანეთს დავუქვემდებარებთ, აბსოლუტურად სხვა რეალობას და სხვანაირად განვითარებულ ქვეყანას მივიღებთ. დიდი ჰესები ყოველთვის დიდ ზიანს აყენებენ ეკოლოგიას, ისინი გავლენას ახდენენ, როგორც მიწისქვეშა გრუნტის წყლებზე, დიდი დაწოლა იწვევს მათ დაკარგვას, მათი მიმართულების ცვლილებას, რაც შემდეგ ზედაპირზეც აისახება, წყლის ბალანსი ირღვევა როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწის ქვეშ. დიდი ხანია, ამაზე მსოფლიომ უარი თქვა.
მარტო ვასაძე ..................... თუ არ უჩათლახეს----10--15%
სხვაზე მაინც არ ვაპირებ ხმის მიცემას