ისრაელის პარლამენტი ახლად ფორმირებულ სამთავრობო კოალიციას კენჭს 13 ივნისს უყრის. ამის შესახებ ქნესეთის თავმჯდომარემ განაცხადა.
თუ მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტული და არაბული პარტიების კოალიცია პარლამენტის ნდობას მოიპოვებს, ახალი მთავრობა ფიცს იმავე დღეს დადებს, რითაც ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდება.
3 ივნისს პარტია „იეშ ათიდის“ ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ისრაელის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს აცნობა, რომ სამთავრობო კოალიცია შექმნა. სამთავრობო კოალიციის დამტკიცების შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდება. სამთავრობო კოალიციაში შემდეგი პარტიები შედიან: „იეშ ათიდი“, „იამინა“, „ავოდა“, „ჩვენი სახლი ისრაელი“, „ახალი იმედი“, „მერეცი“ და „რაამი“.
შეთანხმების თანახმად, როტაციული პრინციპის გათვალისწინებით, პარტია „იამინას“ ლიდერი, ნაფტალი ბენეტი პრემიერ-მინისტრი გახდება, რომელსაც ორ წელიწადში პარტია „იეშ ათიდის“ ლიდერი, იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს.