ქართველი გლეხების დამაქცევარი ჰიბრიდული პროგრამა ოფიციალურად შეწყდა

ქართველი გლეხების დამაქცევარი ჰიბრიდული პროგრამა ოფიციალურად შეწყდა

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა აღარ გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის კორპორაციაში ადასტურებენ, რომ პროექტზე ხელისუფლებამ  უარი თქვა და ამ ეტაპზე ყველა ჰიბრიდული პროექტი შეჩერებულია. 

საქართველოში აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო და იქ 30 ათასზე მეტი გლეხი მონაწილეობდა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პროგრამა წარუმატებელია და მასში მონაწილე გლეხების დიდი ნაწილი დაზარალდა. როგორც ფერმერები პირად საუბარში აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში მათ აძალებდნენ ჰიბრიდული თესლის შეძენას და შემდეგ დათესვას. შესაბამისად, მათ ბანკების წინაში დიდი ოდენობით ვალი დაუგროვდათ, რომლის გადახდა ვეღარ შეძლეს.

მოგვიანებით, ახალი ხელისუფლების სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, რომ ჰიბრიდული გენმოდიფიცირებულს არ ნიშნავდა და ესაა გარკვეული მიზნისთვის გამოყვანილი თესლი.

"ჰიბრიდული თესლი დღესაც იყიდება კერძო სექტორში. უბრალოდ, საჭიროა გლეხებს ავუხსნათ, რომ არის ადგილები, სადაც ამის გაკეთება არ ღირს. ჰიბრიდული თესლის გამოყენებისას აუცილებელია გონივრული დაგეგმარება, რადგან შეიძლება ჰიბრიდულმა თესლმა ჩვეულებრივი ჯიშის ნათესს პრობლემა შეუქმნას. ერთი და იმავე ჯიშის თესლი ერთნაირ მოსავალს ვერ მოგვცემს ხობსა და კახეთში", - განაცხადა დავით კირვალიძემ.

თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები. მათი აზრით, ჰიბრიდული ნათესი საკმაოდ პრობლემურია.

„ეს ჰიბრიდული ჯიში გენმოდიფიცირებულზე არანაკლებ საშიშია, რადგანაც მიღებული ნაყოფი სათესლედ არ ვარგა. ჩემი აზრით, სამუდამოდ დავკარგავთ ენდემურ ჯიშებს, როდესაც ქართველ გლეხს არ ექნება საკუთარი სათესლე ჯიში, ის ვალდებული გახდება ნებისმიერ ფასად იყიდოს თესლი, რომელიც შესაძლოა, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან საშიში იყოს", - ამბობს სოფლის მეურნეობის ექსპერტი შოთა ბერიკელაშვილი.

სოფლის მეურნეობის კორპორაცია აქამდე პროგრამას წარმატებულად აფასებდა, თუმცა ამჯერად რადიო “კომერსანტს” დაუდასტურა, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროექტი შეწყვეტილია.

სულ რაღაც ერთი თვის წინ კი კირვალიძის უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა წელსაც გაგრძელდებოდა. მინისტრის პირველი მოადგილე, კონსტანტინე კობახიძე აცხადებდა, რომ უწყებას 2011 წელს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ახალი გეგმა ჰქონდა.

“ეს არის რეგიონებში ექსტენციისა და სერვის ცენტრების შექმნა. პირველში ფერმები შეძლებენ კონსულტაცია გაიარონ, რა, როგორ და რანაირად მოიყვანონ. ექსტენციის ცენტრშივე მოხდება სხვადასხვა ჯიშების გამოცდა და რაიონების მიხედვით დახარისხება. რაც შეეხება სერვის ცენტრებს, იქიდან გლეხები უშუალოდ მექანიზაციის მომსახურების სერვისს მიიღებენ. ეს პროგრამის განხორციელებას გაცილებით უფრო გააუმჯობესებს, რადგან როგორც გამოჩნდა, პრობლემატური საკითხები სწორედ თესვის ნორმებთან და აგროკალენდრის დაცვასთან იყო დაკავშირებული", - ასეთი მოსაზრება საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში..

არადა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართული სიმინდის ჯიშები, თუ სათესლე-სანაშენე საქმე განვითარდა, გაცილებით უკეთეს მოსავალს მოუტანს მოსახლეობას, ვიდრე ჰიბრიდული ჯიში.

"არაჩვეულებრივი აჯამეთის თეთრი, აჯამეთის ყვითელი, გეგუთის თეთრი, აბაშის ყვითელი - ეს უნიკალური ქართული სიმინდის ჯიშებია. სწორი აგროტექნიკისა და მინერალური სასუქების რაციონალური დოზით გამოყენების შემთხვევაში, ისინი ჰექტარზე 120-150 ცენტნერ სიმინდს იძლევიან. ქართული სიმინდის ჯიშები, შესაბამისი გაუმჯობესების შემდეგ, გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემენ, ვიდრე ეს ჰიბრიდული ჯიშები. ეს აქსიომაა”, - ამბობს შოთა ბერიკელაშვილი.