ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ავანსცენაზე ისევ გამოჩნდა. როგორც „ოცნების“ წევრები ამბობენ, „ოცნების“ ყოფილი ლიდერი იძულებული გახდა, ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე განმარტებები გაეკეთებინა. თუმცა, ივანიშვილის განმარტებები ვის წისქვილზე ასხამს წყალს - „ოცნების“, რომელმაც, შესაძლოა, ექსპრემიერთან ელექტორატის გაყოფის შედეგად რიგგარეშე არჩევნებზე 43% ვერ აიღოს, რის გამოც ივანიშვილი დაბნეულ ელექტორატს უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებს და ისევ გამაერთიანებელი ლიდერის ფუნქციას ითავსებს? თუ ივანიშვილი გახარიას მოღალატედ გამოცხადებით, ოპოზიციურ ლიდერად ნათლავს, რომელმაც „ოცნებასთან“ ერთად კოალიციური მთავრობა უნდა შექმნას?
კითხვები ბევრია, რომელზეც პასუხები პოლიტიკური მოვლენების განვითარებამ უნდა გაგვცეს.
რაც შეეხება გიორგი გახარიას ტაქტიკას, იგი თავდასხმის მიუხედავად, სიმშვიდეს ინარჩუნებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ „ოცნებასთან“ ყველა ხიდის დაწვას არ ჩქარობს - რატომ უნდა შეებრძოლო შენზე ბევრად ძლიერს, როცა მოცდა და ძალების მოკრება შეგიძლია? გახარია, დიდი ალბათობით, თვითმმართველობის არჩევნებამდე ივანიშვილის მისამართით ღია თავდასხმებს არ განახორციელებს, ეს არაფერში სჭირდება, რადგან ის „ოცნების“ ელექტორატზე მუშაობს და ჭას, საიდანაც წყალს სვამს, არ დააბინძურებს. თუმცა, არაა გამორიცხული ადგილობრივ არჩევნებს დაელოდოს და ვისაც მისი საჭიროება ექნება, პოლიტიკური ტაქტიკა ამ მიმართულებით წარმართოს.
„პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არც ერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო“, - წერს ივანიშვილი.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას ქმედება „საკუთარი გუნდის ღალატი“ იყო და მას დიდი იმედგაცრუება ჰქონდა, როდესაც გახარიამ თანამდებობა დატოვა.
„თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.
ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - „ზოგი ჭირი მარგებელია“. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი“, - წერს ივანიშვილი.
გახარიას პასუხი კი ჯერჯერობით ისევ მოზომილი და რბილია. თუმცა მისი გუნდის წევრები არ გამორიცხავნ, რომ ექსპრემიერმა უფრო ვრცელი და მწვავე განცხადებები გააკეთოს. სავარაუდოდ, გახარიამ ჯერ ცხელ გულზე განცხადების გაკეთება არ ისურვა და ფიქრობს, გახსნილ ცეცხლზე ცეცხლით უპასუხოს თუ დასახულ ტაქტიკურ მანევრს მიჰყვეს.
„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“ - წერს გახარია.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ გვინდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში პოლიტიკური ლოგიკა დავინახოთ, ეს ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ივანიშვილმა გახარიას მხრიდან საფრთხე საჯარო სექტორის გახლეჩვაში დაინახა. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ იგივე პრობლემები, შესაძლოა, ძალოვან სისტემში გაჩნდეს, რადგანაც გახარია საშუალო რგოლში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი იყო, რასაც „ოცნების“ სხვა ლიდერები თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით მოკლებულები არიან. ამიტომ საჯარო სექტორი ფიქრობს, რომ თუკი ივანიშვილი წავიდა, მაშინ მათ საქმე ვიღასთან აქვთ? ამიტომ ივანიშვილმა მათზე გათვლილი განცხადება გააკეთა და უთხრა - არსად არ წასულა და გუნდის შემკვრელი ისევ ის არის.
„ოცნება“ მონოლითის შენარჩუნებას ცდილობს, რითაც არჩევნების მოგება უნდა. მათ ხომ ნატურალური ელექტორალური მასა აღარ დარჩათ და ამ ადმინისტრაციული რესურსის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ. ადმინისტრაციული რესურსის შემკვრელი პირადად ბიძინა ივანიშვილია. კობახიძე, ღარიბაშვილი და თალაკვაძე არ არიან ის ხალხი, ვინც გაჩენილ ბზარს გაამთელებენ. საშუალო დონის ჩინოვნიკების გადინების საფრთხე გაჩნდა. ამიტომ მის შეჩერებას ივანიშვილის გარეშე ვერავინ შეძლებს, მით უმეტეს ის მითოლოგია, რომ გახარია მისი პროექტია, ამ გადინების და ეროზიის პროცესს ხელს უწყობდა. ამიტომ გამოვიდა და ცალსახა განცხადება გააკეთა.
რაც შეეხება გახარიას განცხადებას, მას საკმაოდ სწორი ტონი აქვს. ის ამ იწილო-ბიწილოში არ შედის. სწორს აკეთებს, რადგან როდესაც სათამაშოდ მოედანზე პირი გეპატიჟება, რომელსაც შენზე 100-ჯერ მეტი რესურსი აქვს, რა თქმა უნდა, იქ არ უნდა მიხვიდე და შენი თამაშის წესები არ უნდა შესთავაზო. ამიტომ გახარიას მხრიდან ივანიშვილთან პოლემიკაში შესვლა არამომგებიანია. ის ახლა პოლიტიკურად ძალიან სწორ ტაქტიკას მიჰყვება. ამ ეტაპზე ჯერ ასეა საჭირო და სამომავლოდ, კი ბატონო, მას ამ პოლემიკაში შესვლა მოუწევს. თუმცა ამისთვის ჯერ დრო სჭირდება. გახარია უნდა მოძლიერდეს, რადგან თანაბარ ბრძოლაში ჩაებას. ჯერჯერობით ივანიშვილთან პოლემიკას რა აზრი აქვს?!“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან და დასძენს, რომ
ივანიშვილის ამ განცხადებამ გიორგი გახარია არა თუ დააზიანა, პირიქით, „სატოპკე“ აუწია. მან განცხადების გავრცელებით დაადასტურა, რომ ისევ ხელისუფლებაშია და პოლიტიკიდან არ წასულა და გახარია მისი პროექტი არაა.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენა მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან სრულიად მკაფიოდ თქვა, რომ ის საჯაროდ, მით უმეტეს პოლიტიკაში აღარ გამოჩნდებოდა. კაჭკაჭიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ივანიშვილს ასეთი დაპირებების დარღვევა, როგორც წესი, არ უყვარს, მაგრამ ახლა მოხდა ისეთი რამ, რის გამოც იძულებული გახდა. მან დაინახა, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნებისთვის“ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან პარტია ხმების გაყოფის საშიშროების წინაშე დგას. თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნების“ მთავარი მტერი, რომ მან 43%-ის აღება ვერ მოახერხოს, უკვე არა ოპოზიცია და „ნაციოანლური მოძრაობა“, არამედ გახარიაა.
„ივანიშვილმა დაინახა, რომ გიორგი გახარია, არა მარტო, „ოცნების“ ელექტორატის ნაწილის წართმევას ახერხებს, არამედ ის „ოცნებაზე“ განაწყენებულ ამომრჩეველზეც მუშაობს. ამიტომ მისი გამოსვლა იმ ამომრჩეველზეა გათვლილი, რომელიც პარტიის მიმართ გაცივდა, გული აიცრუა და ცალი თვალი გახარიასკენ გააპარა. ის მათ პირდაპირ მიმართავს და მათი „ოცნების“ წიაღში დაბრუნება სურს. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა რთული სათქმელია, რადგან გახარიას რეიტინგი პოლიტიკოსებს შორის, ბოლო კვლევების მიხედვით, ყველაზე მაღალია. ცხადია, ეს ივანიშვილმა იცის და შესაძლოა, ის ცდილობს, რომ ისევ გამაერთიანებელი ლიდერის როლი ითამაშოს. თუმცა ეს რამდენად გამოუვა ახლა უკვე ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ახლა გახარიას და დანარჩენი ოპოზიიცის ერთმანეთთან დაახლოვება მოხდება. ირაკლი კობახიძის თეორიას, რომ გახარია „ნაციოანლებთან“ ტანდემში მოქმედებდა, ივანიშვილიც იზიარებს და კიდევ უფრო გააქტიურდება. თუ გახარიას გუნდს გადავხედავთ, ისინი საჯარო სექტორიდან სხვადსახვა თანამდებობებზე ნამუშევარი ხალხია და მათ წინააღმდეგ გამოძიებების დაწყება რთული არ იქნება.
რაც შეეხება გახარიას პასუხს, კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ მას „ქართულ ოცნებასთან“ მისასვლელი ყველა ხიდის დაწვა არ უნდა. მან იცის, რომ ხმების იმ დოზით მობილიზებას ვერ შეძლებს, რათა ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოვიდეს. ამიტომ, ის მაქსიმუმისთვის იბრძვის და გათვლა კოალიციურ ხელისუფლებაში მოსვლაზე აქვს. ამისთვს კი პარტნიორად „ოცნება“ სჭირდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გახარიას წინააღმდეგ გაილაშქრა, ამის უშუალო მიზანი ისაა, რომ „ოცნების“ რეპუტაცია გადაარჩინოს, ხოლო თუ ეს არ გამოუვიდა, მგონია, რომ მას პროექტი „ბ“ აქვს. ეს არის „ოცნების“ ხელისუფლებაში გახარიასთან ერთად კოალიციური მთავრობით დაბრუნება. ეს პერსპექტივა არსებობს და გახარიასაც კარგად გაცნობიერებული აქვს. რიტორიკით „ოცნებასთან“ უფრო ლოიალობას ამჟღავნებს და მათთან მისასვლელ ყველა ხიდს ბოლომდე არ წვავს, „ოცნებასთან“ ყველა დამაკავშირებელი თოკის გადაჭრა არ უნდა“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი for.ge-სთან.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ორი მნიშვნელოვანი რამ დასტურდება. ერთი, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის და მეორე -პოლიტიკიდან რეალურად ის არ წასულა. ივანიშვილი ამ ხნის განმავლობაში პროცესებს თვალს დეტალურად ადევნებს და ყველაფერი დაწვრილებით იცის. თუმცა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ივანიშვილის მიერ დაწერილი წერილი არაა. ის მის ლექსიკას და სტილს კარგად იცნობს. ამიტომ ვარაუდობს, რომ წერილი პარტიაში დაწერეს და დახმარების სახით მას ხელი მოაწერინეს. რა თქმა უნდა, ის წერილს წაიკითხავდა ჩაასწორებდა, თუმცა ეს სრულიად მისი შედგენილი არ არის. მისი აზრით, გახარიას ფიგურა „ოცნებისთვის“ უკვე იმდენად სახიფათოა, რომ მათ ზარი ახლობელთან განახორციელეს, უთხრეს, რომ შენს გარეშე დავიღუპებით და თუ დაგვეხმარები, შესაძლოა, გადავრჩეთ კიდევაცო.
„რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არაა და რომ ვთქვათ, ამ განცხადებით პირიქით, გახარიას ეხმარება. მის მიმართ თუკი ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს განცდა ჰქონდა, რომ ივანიშვილის პროექტი იყო, ამით ეს ილუზია გაიფანტა. ამიტომ ახლა გახარიას „ქართული ოცნების“ ელექტორატის გარდა ოპოზიციური ხმები მიემატება. ვიღაცა მაინც იფიქრებს, ჯანდაბას, არც „ოცნება“ მინდა და არც ეს გაუბედურებული ოპოზიცია, მოდი ხმას გახარიას მივცემ.
გახარია „ნაციონალების“ მხარდამჭერ ზვიადისტებსც კი გადაიბირებს. ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს გახარიას დაარტყამს, პირიქით, მას მიეხმარება და დასამტკიცებელი აღარ ექნება, რომ ივანიშვილის პროექტი არაა. რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ივანიშვილის მცდელობაა, რომ „ოცნების“ მერყევი და განაწყენებული ამომრჩეველი შეაჩეროს. აჩვენებს, რომ გახარია მისი პროექტი არაა და უკან დაბრუნდნენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მარტო ვასაძე ..................... თუ არ უჩათლახეს----10--15%
სხვაზე არც ვაპირებ ხმის მიცემას
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.
„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.