ნაცმოძრაობასთან ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი ბორდი

ნაცმოძრაობასთან ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი ბორდი

„ქართულ ტელესივრცეში პოლიტიკა დომინანტური თემაა. როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია ცდილობს, თავის გავლენის სფეროში იქონიოს ტელეარხები და ძირითადი საშუამავლო კომპანიები, რომელთა საშუალებითაც მაუწყებლები თავიანთ აუდიტორიას აწვდენენ ხმას. ტელემაყურებელთა უმეტესობა ყველა ტელეარხს აღიქვამს, როგორც ან მთავრობის ან ოპოზიციის მომხრეს. არცერთი ის არხი, რომელიც ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებებს ამზადებს, აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ პოლიტიკურად დამოუკიდებელ ერთეულად არ აღიქმება“ - ნათქვამია „საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2012 წლის ანგარიშში.

თუნდაც ერთი, პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის არსებობა, ქვეყანაში ყოველთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა, სწორედ ამ თვალსაზრისით შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც თავად საზოგადოება გაუწევდა კონტროლს. როგორც ჩანს, მხოლოდ ფორმალურად გადაწყდა, რომ ბორდი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუწევდა ზედამხედველობას, პოლიტიკურად ნეიტრალური, საზოგადოებისთვის ცნობადი და სანდო წევრებით უნდა დაკომპლექტებულიყო. რამდენად ასრულებს ბორდი ამ ფუნქციას ამას ყველაზე უკეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გრძნობენ.

საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, რაზეა საუბარი, შეგვიძლია ბორდის ერთ-ერთი წევრის საქმიანობას გადავხედოთ.

24 საათიანი ვალდებულებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი მამუკა ფაჩუაშვილი, რომელიც ამავდროულად გაზეთ „24 საათის“ დამფუძნებელია, ვიქტორ გათიკაშვილთან და „24 საათის“ დამფუძნებელთან პაატა ვეშაპიძესთან ერთად 2004 წელს დააფუძნა შპს „მვპ“. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „მვპ“- ს წარმომადგენელს შორის 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 40 ათასი ლარის სანაცვლოდ „მვპ“-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველთვიური ჟურნალის „მაუწყებელის“ დაბეჭდვის ვალდებულება აიღო.

ხელშეკრულებას „მვპ“-ს სახელით ხელს მამუკა ფაჩუაშვილი აწერს, რომელიც იმჟამადაც და დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია. შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კონტროლი ევალება.

როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრს, რომელსაც მინიმუმ ერთი ხმა აქვს ბიუჯეტის მოსმენისას, ამავე დროს, აქვს ეკონომიკური ინტერესი, წესით, საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან, რადგან ფაჩუაშვილმა შემოსავალი აიღო იმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც თავად არის. თუმცა, როგორც ჩანს, თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმაზეც იზრუნა, რომ კანონის დარღვევის გარეშე ეკეთებინა უკანონობები.

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ საკმაოდ უცნაურად გამოიყურება ეს კომბინაცია და ალბათ, ისიც სანახავია, ტენდერი ჩატარდა თუ არა და როგორ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

„ზოგადად ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებით და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, კანონმდებლობა დასახვეწია. ხანდახან არის ისეთი სპეციფიკური სიტუაციები, გამოკვეთილი სპეციფიკური ვითარებები, რომელიც გარკვეულ ქვეყნებში განსაკუთრებით აქტუალური და პრობლემურია-ხოლმე. ალბათ, შესასწავლია ეს საკითხი და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით სხვანაირი მიდგომებია ჩამოსაყალიბებელი“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნათია კაპანაძე განმარტავს, მაუწყებლობის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერებით, ძირითადი აქცენტები დასმული იმაზე, რომ ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება მაშინ, როდესაც მეურვე მუშაობს სხვა ტელეკომპანიაში.

„ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია გამომცემლობაზე და არა სხვა ტელეკომპანიაზე, კანონის მიხედვით ინტერესთა კონფლიქტად არ განიხილება. ეს საკითხები მაუწყებლობის შესახებ კანონის 23-ე მუხლშია ასახული. შეიძლება ეს მორალური მომენტი იყოს, თუმცა კანონით ასეთი აკრძალვა არ გვაქვს“,- აცხადებს ნათია კაპანაძე.

იურისტი თამარ კორძაია კი განმარტავს, რომ ჟურნალ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დამფინანსებელი და გამომცემელი საზოგადოებრივი მაუწყებელია და ფაჩუაშვილი მათი მოთამაშეა. პირდაპირ კანონის დარღვევა არ არის, რადგან ამ ჟურნალის გამოცემისთვის საჭირო არ არის საზ.მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ზე მეტი. შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულების დადება არ საჭიროებს საბჭოს თანხმობას და ამიტომ კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ ირიბ ინტერესებზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ ტელევიზიასთან რაღაც გარიგება არსებობდა და ა.შ.“

თუმცა, ფაჩუაშვილის ვალდებულებები საზოგადოებრივი მაუწყებლის და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ამით არ ამოწურულა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, მამუკა ფაჩუაშვილი 2012 წელს შექმნილი შპს „24 საათი პრინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია პაატა ვეშაპიძესთან ერთად. ფირმამ დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში განათლების სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა, რითიც სასკოლო წიგნების დისტრიბუციის უფლება მიიღო.

გამომცემლობა „პედაგოგიკას“ ხელმძღვანელი ირინა რუხაძე, ამბობს, რომ "სახელმძღვანელოების სარეალიზაციოდ „24 საათი პრინტისთვის“ გადაცემა განათლების სამინისტროს ჩარევით მოხდა".

სახელმწიფომ ფაჩუაშვილს სხვა სასათბურე პირობებიც შეუქმნა - თბილისის საკრებულოს 2009 წლის თებერვლის გადაწყვეტილებით, ჯიქიას ქუჩაზე, სადაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ფასი 96 ლარი იყო , „24 საათის“ დამფუძნებლებს თბილისის მერიამ 1 კვ.მ ნორმატიულ ფასზე 15-ჯერ იაფად, თანაც განვადებით მიჰყიდა.

ამას გარდა, „24 საათის სტამბას“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაახლოებით 400 ათასი ლარის პროდუქციის დაბეჭდვა შეუკვეთა, მათ შორის - თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე მილიონი ბიულეტინის.

2011 წლის თებერვალსა და მარტის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაკვეთით, შპს „მვპ“-მ დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ცალი ვაუჩერი დაბეჭდა.

2012 წლის 11 ივლისს შპს „მვპ“-ს სოციალური მომსახურების სააგენტომ 840 ათასი ცალი სამუშაოს მაძიებლის აღრიცხვის ბარათი შეუკვეთა და ერთი ცალის დაბეჭდვაში 4 თეთრი გადაუხადა მაშინ, როდესაც სხვა სტამბებმა ბარათები 40%-თ იაფად დაბეჭდეს.

2006 წლის იანვარში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ტენდერების შესახებ სახელმწიფო დაწესებულებების განცხადებები მხოლოდ გაზეთ „24 საათში“ უნდა გამოქვეყნებულიყო.

შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, „მვპ“-მ 61 ათასი ლარი მიიღო „24 საათში“ სააგენტოს საქმიანობის ამსახველი საიმიჯო მასალების გამოქვეყნებაში.

განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი საქართველოში 60 მილიონ ლარს შეადგენდა, სტამბებში ამბობენ, რომ წიგნის ბეჭდვისას მოგება 15-დან 20%-მდე მერყეობს. გამოდის, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით, სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის „24 საათის“ გამომცემლებმა ბოლო 2 წელში რამდენიმე მილიონი ლარი იშოვეს.

ბორდის ტენდენციურობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც საკმაოდ აშკარაა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ, როდესაც ვახო სანაიას ორი სატელევიზიო გადაცემა დაიხურა და თავად ჟურნალისტი რამდენიმე კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს.

როგორც ჩანს, ვახო სანაია მაშინდელ ოპოზიციასთან დალაპარაკების გამო არხის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი გახდა და იმისათვის, რომ სანაია არხიდან მოეშორებინათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ საერთაშორისო ორგანიზაციასათან ურთიერთობის გაფუჭებასაც არ მოერიდა, რომლის ფარგლებშიც სანაიას გადაცემა მზადდებოდა.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" 2012 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ არც ერთი არხი (საპატრიარქოს არხის გარდა), მათ შორის არც საზოგადოებრივი მაუწყებლის არხები, არ ითვლება ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მედიაერთეულებად, რომლებიც დაბალანსებულ საინფორმაციო დაფარვას გვთავაზობენ, სადაც ორივე პოლიტიკური ბანაკი თანაბრადაა პასუხისმგებელი.

ფულისმჭამელი ბორდი

მედიაექსპერტებიცა და ჟურნალისტებიც ცალსახად თანხმდებიან იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურება.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე განმარტავს, კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამოუკიდებელი.

„მეორეა, ვის აირჩევენ ბორდის წევრებად, რომელიც მერე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ნიშნავს. კანონმდებლობით და სამართლებრივად ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ე.წ. ფორმალური ბალანსი, რომელიუც საზმაუწყებელს ჰქონდა, სხვა რამეზე მეტყველებს - კერძოდ სხვა მაუწყებლებთან შედარებით დაბალანსებული იყო, მაგრამ როდესაც სენსიტიური პოლიტიკური საკითხი წამოიწეოდა წინ, მაშინ სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლებისათვის მისაღებ ინფორმაციას ამჟღავნებდა“, - აცხადებს ანდღულაძე.

ეს ყველაფერი "საერთასორისო გამჭვირვალობის" ანგარიშშიც არის ასახული, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული ტელეარხები - „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი ახალი ამბების გამოშვებებში ძირითადად არსებული მთავრობის მიღწევებსა და რეფორმებს აშუქებენ. როგორც თემები, ისე რეპორტაჟების თანმიმდევრობა სამივე ეროვნულ არხზე ხშირად მსგავსია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში, ახალი ამბები სამ არხს შორის აშკარად კოორდინირებულია.

როდესაც მარტში საქართველოს მოქალაქე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გარდაიცვალა, სამმა ნაციონალურმა არხმა ამ შემთხვევას, თითქმის, იდენტური სიუჟეტები მიუძღვნა, სადაც ერთი და იგივე სიტყვებით ჰყვებოდნენ, რომ ოპოზიცია ცდილობდა პოლიტიკური ელფერი მიეცა ამ ტრაგიკული შემთხვევისათვის და გარდაცვლილის ნათესავებზე ზეწოლას ახდენდა.

ბორდი საკმაოდ ფართო უფლებებით არის აღჭურვილი და როგორც II არხის მთავარი პროდუსერი დოდო შონავა განმარტავს, სამეურვეო საბჭოს ძალიან ბევრი რამის განსაზღვრა და გადაჭრა ხელეწიფება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სანდოობის ხარისხზე პასუხისმგებელია სწორედ სამეურვეო საბჭო, რადგან ეს არის საზოგადოების წარმომადგენლობა, რომელიც მართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგენს პრიორიტეტებს და ზედამხედველობს მის შესრულებას, ასევე ხელს აწერს იმ ხარჯებს, რომელიც საზ.მაუწყებლის ხარჯების 1%-ზე მეტს შეადგენს. მეტი რაღა უნდა განსაზღვროს სამეურვეო საბჭომ, იგი ნიშნავს გენერალურ დირექტორს და მასვე აქვს უფლება დაითხოვოს და მეტი რა ბერკეტი უნდა ჰქონდეს ხელში“? - აცხადებს დოდო შონავა.

ცალსახაა, რომ ბორდი, რომელიც მართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ძირითადად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს და ამისი მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ბორდის წევრთა ანგარიშვალდებულება ყოფილი ხელისუფლების მიმართ.

„ჯერ ერთი, ბორდის წევრების უმრავლესობა საზოგადოებისთვის უცნობია, მეორე - მოთხოვნაა, რომ ბორდის წევრები ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებიც საკუთარ პოფესიაში წარმატებულები, პროფესიონალები არიან და სარგებლობენ საზოგადოებაში ნდობის მაღალი ხარისხით. რომელს დამისახელებთ ასეთს? ცნობადობით ზუმბაა ცნობადი და ვიცით, რომ არ მალავდა თავის მხარდაჭერას „ნაციონალური მოძრაობისადმი“, იგივე გიორგი მელაძე, ვიცით რომ "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი იყო, იგივე მამუკა ფაჩუაშვილი და ა.შ.“, - აცხადებს დოდო შონავა.

მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი მიიჩნევს, რომ ბორდის ტენდენციურობა სრულიად ნათლად ჩანს:

„ჩვენ კი გვეუბნებიან, დადეთ ფაქტებიო, მაგრამ გამოვიდეთ იქიდან, რომ ყველამ ყველაფერი იცის საქართველოში, ეს ყველაფერი ვნახეთ კიდეც და თუ საჭირო გახდა, ფაქტებსაც დავდებთ. ბორდის არჩევნებიდან რომ დავიწყოთ, შეგვიძლია ვთქვათ, ეს ადამიანები სწორედ იმიტომ იყვნენ არჩეული ბორდის წევრებად, რომ ლოიალურები იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. ბორდი რომ ანგარიშვალდებული იქნებოდა და ვალშიც იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს მაშინაც ნათელი იყო. ახლაც ბორდის ქცევა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მხოლოდ ვალში კი არ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ, მეტიც. ერთია, როდესაც რაღაცის გამო იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო - თავის დროზე დაგეხმარნენ, რაღაც გაგაკეთებინეს. მაგრამ მეორეა, როდესაც გაცილებით მეტად ხარ ჩაბმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ალბათ, ამ ადამიანებს მხოლოდ ადამიანური ვალი კი არ აქვთ მოსახდელი, არამედ საკუთარ ბიზნესებთან და საქმიანობასთანაც ასოცირდება“.

დოდო შონავა თვლის, რომ ბორდმა თავისი ბოლო გადაწყვეტილებით საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია მოახდინა.

„დავუშვათ, რომ გიორგი ბარათაშვილი მართლაც დამნაშავე იყო, მაგრამ რა საჭირო ოყო ასე სწრაფად მისი გათავისუფლება და მაინც და მაინც ხათუნა ბერძენიშვილის და სხვა ვიღაცეების პერსონასთან რატომ გამოიხატა ანგარიშვალდებულება? იმ სხვა ვიღაცეებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რომ ნახოთ ხათუნა ბერძენიშვილის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ბორდთან - მათ ესაუბრება როგორც კლანური დაჯგუფების ხელმძღვანელი. თან რამდენიმე პოლიტიკურ განცხადებასაც აკეთებს და ამბობს, რომ მხარს არ უჭერს ამ ხელისუფლებას“, - აცხადებს დოდო შონავა.

ბორდი რომ მიკერძოებულია და ხელოვნურად ქმნის კრიზისს, ისიც ადასტურებს, რომ ხათუნა ბერძენიშვილამდე ტელევიზიიდან 143 კაცი დაითხოვეს, რეაქცია კი მხოლოდ ბერძენიშვილის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

ლელა კურდღელაშვილი რომელიც უშუალოდ ესწრებოდა სხდომას, როდესაც ტელეკომპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვდნენ ბორდის წარმომადგენლებს, რომ გაერკვიათ, რის გამო გადაირჩიეს ბარათაშვილი, ამბობს რომ ბორდის წევრთა პასუხებიდან ნათლად ჩანდა, რასთან გვაქვს საქმე.

„5-6 კაცის პასუხი აბსოლუტურად იდენტური იყო - „მე კი არ ვიცი, ტელევიზია რა არის, მაგრამ მე მომჩვენა, რომ..." ლევან გახელაძის პასუხი იყო: „დამრჩა განცდა, რომ..." უკაცრავად, მაგრამ რაღაც რომ მოგეჩვენა და განცდა დაგრჩა, ეს არგუმენტია და ამის გამო შეუძლიათ გადაირჩიონ დირექტორი? ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბარათაშვილი ის დირექტორია, რომელიც სასურველი იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელად მეხილა. იმიტომ ვამბობ, რომ ფორმა იყო სასაცილო და შეურაცხმყოფელი. კანონში კი წერია, რა შემთხვევაში შეიძლება ბორდის დათხოვნა, მაგრამ ხომ შეიძლება, სწორედ ასე მოეჩვენოს საზოგადოებასაც, რომ ბორდი ვერ იქცევა ისე, როგორც საჭიროა, თუნდაც კომპეტენციის თვალსაზრისით. ასევე გვეჩვენება, რომ დავალებულები არიან "ნაციონალური მოძრაობისგან", პოლიტიკურად შეკრულები არიან ამ პარტიასთან და არა მარტო პოლიტიკურად, ფინანსურადაც და შეგვიძლია ჩვენც ზუსტად ასევე გამოვუცხადოთ უნდობლობა“,- აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.

გაუმაძღარნი

საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმაოდ გაურკვევლად ხარჯავდა ფინანსებსაც. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დავალიანებებზე და სამეურვეო საბჭოს ყოფილ ხელისუფლების სიახლოვეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია გვერდი აუარო ტელეკომპანია „პიკის“ თემას, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშშიც აისახა.

გასული წლის იანვარში რუსულენოვანი "რეგიონ TV"–ის კომპანიას, შპს "ალანიას" საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი საინფორმაციო არხის "პიკ"–ის ერთი წლით მართვის უფლება მიეცა. რამდენიმე კვირის შემდეგ, თებერვალში "რეგიონ TV"–მ ტრანსლაცია შეწყვიტა. შპს "ალანიას" დირექტორი ალექსანდრე ფარულავა რამდენიმე ტელეარხზე მუშაობდა, მათ შორის „მზეზე“ და „პიკ“–ზე. მისი მეუღლე, ნინო შუბლაძე, "რუსთავი 2"–ის საინფორმაციოს უფროსია. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაგზავნილი დოკუმენტის თანახმად, შპს „ალანიას“ ოფიციალურად ფლობენ: მამუკა ტატოშვილი (55%), გიორგი აღდგომელაძე, (15%), თამაზ გუდაძე (15%) და ნიკოლოზ ტაბიძე (15%). "ალანია"-"რეგიონ TV"–ის ყოფილი დირექტორი ტატოშვილი ასევე არის საკაბელო ოპერატორის GMC–ის მფლობელი. პიკ–მა ახალი პროგრამები ეთერში 2011 წელს გაუშვა. არხი ძირითადად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა. ერთი წლის განმავლობაში „პიკს“ კომპანია K-1 მართავდა. ეს კომპანია დააარსეს რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ (ოპოზიციური რუსული რადიოსადგური) თბილისის რეპორტიორმა ეკატერინე კოტრიკაძემ და ბრიტანელმა ჟურნალისტმა რობერტ პარსონსმა. იგი „პიკიდან“ "France 24"–ზე გადავიდა სამუშაოდ. პარსონსის მიერ „პიკის“ დატოვებამ ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა „პიკი“ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. "რეგიონ TV"–ის ოპერატორი შპს „ალანია“ „პიკის“ მართვის ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. 2012 წელს „ალანიამ“ „პიკის“ მართვისთვის 14 მილიონი ლარი მიიღო. „რეგიონ TV–ს“ და მის წინამორბედ „ალანიას“ პოლიტიკურ იარაღად ყოფნის მემკვიდრეობა ერგოთ. „ალანია“ 2005 წელს გავიდა ეთერში. თბილისში მდებარე ეს ტელესადგური რუსულენოვანი საინფორმაციო გამოშვებებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე იყო გამიზნული.

გია ჭანტურია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო, რამდენიმე წელი „ალანიაში“ მუშაობდა. მაშინდელმა დამკვირვებლებმა „ალანიას“ „პრო–თბილისური“ არხი უწოდეს და საქართველოს მთავრობის „შინაური ცხოველი“ (pet project) შეარქვეს, ჩათვალეს რა მთავრობასთან ძლიერ დაახლოებულად. 2008 წლამდე, სადგური ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, მისი მფლობელობა და ფინანსები „საიდუმლოს საბურველში იყო გახვეული“, როგორც IREX–ის 2009 წლის ანგარიშში იყო აღნიშნული. როცა „პიკის“ წარუმატებელი წინამორბედი „პირველი კავკასიური“ ეთერში გავიდა 2010 წლის დასაწყისში, „ალანია TV“-მ განიცადა რებრენდინგი და გახდა „რეგიონ TV.“.

ლელა კურდღელაშვილი ვარაუდობს, რომ „პიკის“ თემა მაინც ფინანსებს უკავშირდება.

„ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ასევე საზ.მაუწყებლის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მეორე არხი, რადიო და ჟურნალსაც უშვებდნენ. თუმცა, ყველაზე დიდი წილი დაფინანსებისა მიდიოდა „პიკზე“ და იყო წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები. მაშინ როცა რეალურად, პირველ არხზე ტექნიკაც კი არ იყო რაიმე სერიოზული პროექტის განხორციელებისათვის. პასუხი იყო ასეთი - ფული არ არის და თუ მოიტან საიდანმე, კი ბატონო. ფული არ იყო მაშინ, როდესაც პიკის თანამშრომლებს ოთხნულიანი ხელფასები ჰქონდათ?

რამდენადაც ვიცი, როდესაც დავალიანების საკითხი წამოიჭრა და ტელევიზიას მისი გასტუმრების შანსი არ ჰქონდა, მგონია, რომ ჭანტურია იმაზე წავიდა, რომ რამენაირად დავალიანების საკითხი მოეგვარებინა და უბრალოდ, "პიკის" მოცილება გადაწყვიტა“ - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა ტელეკომპანია „პიკის“ თანამშრომელთა მოთხოვნას, უნდობლობა გამოეცხადებინა 1 არხის გენერალური დირექტორ გია ჭანტურიასთვის მისი განცხადებების გამო.

„პიკის“ კოლექტივმა ჭანტურიას განცხადება, თითქოსდა „პიკმა“ შიდა ურთიერთობის გასარკვევად და შიდა ინტერესებისთვის გამოიყენა საეთერო დრო, ცენზურად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნია.

აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერეოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკაში და ფაჩუაშვილის მსგავსად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვალდებულებაში მყოფი პირები და მათი საშუალებით ახორციელებდა კონტროლს.

ბორდის ბოლო, კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება იყო, როდესაც წევრთა 2/3-მა, ანუ 10 ადამიანის ნაცვლად, თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებას 9 წევრმა დაუჭირა მხარი.