“მორგანის სტელა” ნაციონალებისთვის

“მორგანის სტელა” ნაციონალებისთვის

ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები როგორც არ უნდა წარიმართოს, პროგნოზები ყოველთვის განსხვავებული იქნება. მით უფრო, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობაა, წინ მორიგი არჩევნებია და ძველი ხელისუფლებისგან საბოტაჟის ნიშნები აშკარად შეიმჩნევა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პროგნოზებიც ძალიან ზერელე გამოდის და წლის ბოლოს ქვეყანა სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე.

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი “მორგან სტენლი” ქართული ეკონომიკის სტაბილურ ზრდას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5 პროცენტამდე ამცირებს. ამ დასკვნის საფუძველს “მორგან სტენლის” დეკემბერ-იანვრის მაჩვენებლები აძლევს.

დასკვნის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი დაგეგმილ შემოსავლებს ეხება. “მორგან სტენლის” შეფასებით, ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ დაგეგმილი შემოსავლები ვერ შეგროვდება და დეფიციტი 2,8-ის ნაცვლად 3,5 პროცენტი იქნება.

ამავე შეფასების მიხედვით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეამცირებს. მზარდი ფისკალური დეფიციტი და საპროცენტო განაკვეთის შემცირება კი მოვლენების განვითარების პოპულისტურ სცენარზე მიანიშნებს. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, “მორგანი” არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ოპტიმისტი და წლიური პროგნოზი 5,6%-დან 5%-მდე ჩამოიყვანა.

ამგვარმა პროგნოზმა, პირველ რიგში, ნაცმოძრაობის მიმდევრების გულები გაახარა და მათი ლიდერი ვანო მერაბიშვილმაც მსწრაფლ “ამოიდგა ენა”. მან მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მიერ გამოთქმული “შემაშფოთებელი პროგნოზების” ფონზე კიდევ ერთხელ მოუწოდა მთვარობას, მიიღოს საგანგებო ზომები ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით.

“თუ ახლანდელი ნეგატიური ტენდენციები კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდა, საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეების კითილდღეობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება”, - აღნიშნა მერაბიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრს კი “მორგან სტენლისგან” განსხვავებული პროგნოზები აქვს. ნოდარ ხადური აცხადებს, რომ სამინისტრო საკუთარ პროგნოზებს “მორგან სტენლიზე” არანაკლებ საიმედო ორგანიზაციების დასკვნების შეჯამებით აქვეყნებს და ამაში უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებს გულისხმობს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო იმით, რომ ქვეყანაში არის საბიუჯეტი კრიზისი, მერე სტაგნაცია და ახლა აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 5% გვექნება. “მორგან სტენლის” გარდა ძალიან ბევრი ინსტიტუტი აქვეყნებს პროგნოზებს მათ შორის პროგნოზებს, რომელსაც ემყარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროც, საკუთარ გათვლებთან ერთად.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება და ბიუჯეტის დეფიციტი არ გადააჭარბებს 2,8%-ს”, - განმარტავს ნოდარ ხადური.

“მორგან სტენლის” დასკვნას არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც. დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან ვარდნა 1%-ზე ნაკლებია, ეს ქართული ეკონომიკის სტაბილურ ზრდას საფრთხეს ვერ შეუქმნის. ონოფრიშვილი მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი შემოსავლების შეუგროვებლობის წინაპირობასაც ვერ ხედავს.