გეგმავდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას ყოფილი პრემიერი? – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დადანაშაულებული გიორგი გახარია ამ დრომდე განცხადებას არ აკეთებს. პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებაზე, რომელმაც ყოფილ პრემიერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობაზე ისაუბრა.
კახაბერ ქემოკლიძის თქმით, კობახიძის „ასეთი აბსურდული განცხადებების“ რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. ქემოკლიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ არაადეკვატური განცხადებებით და პრიმიტიული ტყუილებით კიდევ ერთხელ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა „საქართველოს“ მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.
„მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის უკვე აღარ არსებობს „წითელი ხაზი“, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო იმ დროისთვის მოქმედ პრემიერ–მინისტრს, დღესაც მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში, გადატრიალების მომზადებაში რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მას, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიაწოდეს.
კობახიძემ თქვა, რომ 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ–მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც საქართველოს თავდაცვისა და პოლიციის რიგებში მსახურობენ. შესაბამისად, მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ“, – აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას დაგეგმილი ჰქონდა ალტერნატიული მთავრობის შექმნა. ალტერნატიული მთავრობის გამოცხადების შემდეგ კი, 19 თებერვალს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოქმედ პრემიერს კიევიდენ მიღებული ეს ინფორმაცია არ გაუმხილეს, რადგან მასზე ჰქონდათ ეჭვი, რომ, შესაძლოა, გახარია ჩართული ყოფილიყო ამ გეგმაში.
მისი თქმით, მათ ჰქონდათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შს სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობაში, მთავრობის დაქვემდებარებაში და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. კობახიძის თქმით, ამ სცენარის შემდეგი გაგრძელება იყო იმიტაცია ძალოვან სტრუქტურებში და ეს უნდა მომხდარიყო 18–19 თებერვალს.
„იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. რაც იყო წმინდა იმიტაცია, მაგრამ ამას ეფექტი არ ექნებოდა. ანუ ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაშიც, ძალოვან სტრუქტურებში გადადიან შსს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ თხუთმეტი კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. გეგმის შემდეგი ნაწილი იყო, 18 თებერვლისთვის, სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში, სადაც უნდა დახვედროდნენ და შემოეცილებინათ.
რაოდენობებზე იყო საუბარი და ეს ინფორმაცია ჩვენთვის არის ცნობილი, თუმცა, გვარები ჩვენ არ ვიცით. რაც შეეხება, სარფში შემოსვლას, ეს იყო უკრაინული სცენარი, რაც თავის დროზე ჰქონდა გათამაშებული სააკაშვილს - ხვდებიან აქტივისტები და ის შემოდის. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ და მართლა ააყირავებდნენ ხელისუფლებას. ჩვენ გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მით უმეტეს იმ ფონზე, თუ 19 თებერვალს სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად, დამატებით, პრემიერი გადადგებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციურ სცენარს შორის საეჭვო კავშირზე საუბრობენ მმართველი გუნდის წევრები და აცხადებენ, რომ გახარიას გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით უარგუმენტო იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, რომ პროცესების რადიკალიზაცია და ამ გზით ხელისუფლების დამხობაა, ამას პარტია თავად ადასტურებს, მაგრამ იყო თუ არა ამ გეგმის მთავარი მოქმედი პირი გიორგი გახარია, ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
კობახიძის ბრალდებას ეჭვით უყურებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, უმძიმესი ბარალდებების მიუხედავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს. პოლიტოლოგის განცხადებით, ბარლადება ნამდვილად ხმაურიანია, მაგრამ არა შემთხვევითი, არამედ შეგნებული.
„დავუშვათ, რომ ყოფილი პრემიერი დაინდეს იმიტომ, რომ პრემიერია, მაგრამ გადავხედოთ მსოფლიოს მაგალითებს – ყოფილი პრეზიდენტებისა და პრემიერების მიმართ იწყება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და შემდეგ უკვე, სამართალდამცავი სისტემა იწყებს მუშაობას. დავუშვათ, დაინდეს გახარია, მაგრამ რითი არის განპირობებული, რომ იქ მოხსენიებული პოლიციელები და ჯარისკაცები, რომლებიც კობახიძის ვარაუდით გადადიოდნენ აჯანყებულთა მხარეს, ანუ მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მათ მიმართ არც გამოძიება წარმოებულა და არც სასჯელი დადგენილა? ეს მაშინ, როცა „ოცნების“ ახალი შემადგენლობა ნამდვილად არ არის განწყობილი კოჰაბიტაციურად, ანუ შემრიგებლურად იმის მიმართ, როცა მათ ემუქრებათ საფრთხე. გავიხსენოთ კობახიძის რეაქცია კონსერვატორიის დიდ დარბაზში, როცა ახალგაზრდებმა ხმაური წამოიწყეს. ეს საკმაოდ მკვეთრი შეფასების ხალხია და ამის ფონზეა გაუგებარი, რატომ აქამდე არ დაიწყო გამოძიება. მაგრამ, იყო კი, რეალურად ასე? თუ ეს არჩევნების წინ მოფიქრებული ვარიანტია, რაც არაერთხელ გვინახია ქართულ პოლიტიკაში და არამარტო ქართულში, სასურველია, რომ უფრო დალაგებული ვერსია იყოს შემოთავაზებული, რომ ასეთი კითხვის ნიშნები არ არსებობდეს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ სჩვევია საფრთხის გაზვიადება. ფიქრობს, რომ ანალოგიური ხდება დღესაც და გამოიყენეს ძველი ფორმულა – თუ გახარიას დააკავშირებ ნაციონალებთან, მაშინ მიუღებელი იქნება ამომრჩევლისთვის.
„ამ პრინციპით მიდის ბრძოლა, მაგრამ მაინც გასარკვევია, რადგან კითხვის ნიშნები ახლავს გახარიას გადადგომას, ისევე როგორც კობახიძის განცხადებას. როგორც კობახიძე ამბობს, წყარო ნაციონალებიდან მოდიოდაო, ესეც აჩენს კითხვას, რატომ არის ამგვარი წყარო სანდო? თან ისეთ ვერსიაში, რომელიც დიდი ხანია ყავლგასულია და რატომ მიეცა ამ ყავლგასულ ვერსიას ამხელა მნიშვნელობა, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. ამ კითხვების კორიანტელში კარგ გადაწყვეტილებად მიმაჩნია დაიწყოს გამოძიება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
„ქართული ოცნების“ თავჯდომარის მიერ გახმაურებული სახელმწიფო გადატრიალების ვერსიას არ იზიარებს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, თუკი არსებობს გადატრიალების გეგმა და აქვთ ფაქტები, რა უფლებით მალავს სახელმწიფო ამ ფაქტებს?
„როცა გამოდის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ამბობს, რომ პრემიერ–მინისტრი, რომლის წვლილი საკმაოდ დიდი იყო იმაში, რომ „ოცნებამ“ წარმატებას მიაღწია არჩევნებში, თურმე ფულს იღებს სააკაშვილისგან და საერთოდ, არსებობს რაღაცა შეთქმულება, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო გადატრიალებას, ზოგაგად, ეს ნორმალურ შთაბეჭდილებას არ ახდენს.
როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარია შეიძლება დაკავშირებული იყოს სააკაშვილთან და ამასთან შეიძლება დაკავშირებული იყო 15–20 ძალოვანი, რა შეიძლება ითქვას, გარდა იმისა, რომ არასერიოზულია, მისი სტატუსისთვის შეუფერებელი განცხადებაა. მუდმივად ეშლებათ, რომ სახელმწიფოს სათავეში არიან“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული პრობლემები და როცა ხელისუფლებას უჩნდება ასეთი პრობლემები, ანალიტიკოსის განცხადებით კარგავს კონტროლს, ოპოზიციას ეძახის რუსეთის აგენტს და შეთქმულებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამ დროს ყველა ხელისუფალი უშვებდა საბედისწერო შეცდომებს.
„გითხრათ, რომ კობახიძის ეს განცხადება ძალიან გამიკვირდა, არა, არ გამკვირვებია. გახარიას მიმართ ეს დამოკიდებულება სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ არის მეორე ნაწილი, რაზეც ლაპარაკობს კობახიძე – გახარია იყო სააკაშვილთან ერთად, დავუშვათ ასეა და ერთად გეგმავდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, მაგრამ გახარიას რა უნდა მიეღო აქედან, რა მოტივი ჰქონდა? – სააკაშვილი ძალიან უყვარდა და ამიტომ უნდოდა მისი ხელისუფლებაში დაბრუნება?
პრემიერ–მინისტრი იყო, ქვეყნის პირველი კაცი იყო, თუკი ნაციონალები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, რა იქნებოდა მაშინ? თუ დიდი ფული აიღო და ამიტომ დაუდგა სააკაშვილს გვერდით? გახარიას ინტერესი რაშია, რატომ უნდოდა ხელისუფლების დამხობა, ეს შეიძლება ვინმემ აგვიხსნას? როცა ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ მან უნდა თქვას მოტივი და არა ზღაპარი მოჰყვეს.
მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობდი რასაც გახარია, რომ არასწორი იყო „ქართული ოცნების“ მიერ გადადმული ნაბიჯი, მათ უნდა მოეცადათ ერთი კვირა, ან ერთი თვე და შემდეგ მომხდარიყო მელიას დაპატიმრება, ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. გარწმუნებთ, სააკაშვილთან არანაირი მოლაპარაკება არ მქონია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ან ერთი მხარე უნდა ნახოს დასჯილი ხალხმა, ან მეორე!
მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს ობიექტურად (Sic!)? "ოცნებაში" პორტირებულმა და დაწინაურებულმა ადეიშვილის კადრებმა?! ისინი მიშას დროს შეკერილი საქმეების სასამართლომდე მითრევაზე მუშაობენ ჯერ კიდევ, თორემ ასეთ საქმეებს ნამდვილად არ გამოიძიებენ!..
მე უფრო დავრწმუნდი გახარიას მხარდაჭერის აუცილებლობაში.