„ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი, საკუთარი ქვეყანა გაყიდა - „ოცნება - გირჩი“, „ოცნება-ბანკირები“ და „ოცნება-სტრატეგია“ - ეს ივანიშვილის თამაშია“

„ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი, საკუთარი ქვეყანა გაყიდა - „ოცნება - გირჩი“, „ოცნება-ბანკირები“ და „ოცნება-სტრატეგია“ - ეს ივანიშვილის თამაშია“

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი თითქმის ბოლომდე შეივსო - ოპოზიციამ პარლამენტში საკუთარი ადგილები დაიკავა, თუმცა, მათ ნაწილს კვლავ არ უერთდება „ლეიბორისტული პარტია“. შალვა ნათელაშვილი და მისი თანაგუნდელები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

„ლეიბორისტი“ გიორგი გუგავა, რომელიც ახლაც ვერ მოვიდა, ოპოზიციას, „ქარვასლის ვაჭრებს“ უწოდებს.

ბატონო გიორგი პარლამენტში ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ გარეშეა წარმოდგენილი. რატომ არ მოაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და რატომ უცხადებთ პარლამენტს ბოიკოტს?

- პოლიტიკოსი საკუთარი სიტყვისა და პრინციპების პატრონი უნდა იყოს. საკუთარ ამომრჩეველს არ უნდა უღალატო და ცრუ დაპირება არ უნდა მისცე. სამწუხაროდ, ყველა ვინც პარლამენტში შევიდა, ისინი ივანიშვილის თამაშში ჩაერთვნენ და ეს ნიშნავს ასევე, მის „ბუტკაში“ შესვლას. ზოგი შეცდომით, ზოგი განზრახ, ზოგიც ანგარების გამო შევიდა.

კონკრეტულად ვის გულისხმობთ შეცდომით და ანგარებით შესულებში?

- ამას საზოგადოება გაარჩევს, ახლა მე ვერ დავიწყებ მათ ჩამოთვლას. ეს ყველაფერი ღიად ჩანს, მით უმეტეს, როდესაც ბოიკოტს ეფექტური სახე ჰქონდა და ამ ბოიკოტს შეეძლო ივანიშვილის რეჟიმი საბოლოოდ დაესრულებინა. სამწუხაროა, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი, საკუთარი ქვეყანა გაყიდა და არსებული რეჟიმის შეცვლა გადაიდო.

ბოლოს ბოიკოტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეწყვიტა და თქვენ ხშირად ერთ აზრზე იყავით. რამდენად მოულოდნელი იყო მათი მხრიდან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება?

- ბოლოს ცხადი იყო, რომ ისინიც შესვლას აპირებდნენ. ეს ძალიან ცუდია. იმასაც გეტყვით, რომ თავიდან ვიცოდით, რომ ბევრს თავიდანვე უნდოდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ვაჩერებდით. ბევრ ხერხს ვიყენებდით, რომ ბოიკოტი გაგრძელებულიყო. თუმცა, კაცი სულს რომ წაიწყმიდავს, იმას რაღა უნდა უთხრა.

დღესაც ფიქრობთ, რომ ბოიკოტით ვადამდელ არჩევნების ჩატარებას მიაღწევდით?

- რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა და დღეს, უკვე არჩევნების ჩატარების თარიღი გვეცოდინებოდა. საქართველოში ერთპარტიულ პარლამენტს არავინ შეეგუებოდა. დღეს კი „ქართული ოცნება“ პარლამენტში მრავალფეროვანი გახდა. შეგვიძლია ასე ვთქვათ - „ოცნება - გირჩი“, „ოცნება-ბანკირები“ და „ოცნება-სტრატეგია“, რეალურად ეს ივანიშვილის თამაშია.

თუმცა, ოპოზიცია პარლამენტშია და არ ფიქრობთ, რომ მათ აღიარეს - არჩევნები არ გაყალბებულა?

- ყოველ შემთხვევაში გაყალბებული წესით ფორმირებული პარლამენტი წევრი როდესაც ხდები, მაშინ თავისთავად არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებ. თუმცა, ეს თავისთავად ფაქტს არ ცვლის, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. როდესაც შენ ამომრჩეველს ეუბნები - არ შევდივარ იმიტომ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მე შენთან ერთად ვიბრძოლებ, რამდენიმე თვეში „პლასტინკა“ არ უნდა შეცვალო. შენს ამომრჩეველს იმედი არ უნდა გაუცრუო, რადგან მას აუცილებლად დაკარგავ. საერთოდ, პოლიტიკა იდეების ჭიდილია და არა „ქარვასლა“, სადაც ივაჭრებ. საერთოდ, ღირებულ იდეებს შეუქმნია მსოფლიო ისტორია, მათ შორის საქართველოს ისტორიაც. ვისაც იდეა ამოწურული აქვს და საკუთარ ამომრჩეველს აბაიბურებს, ის პოლიტიკური ვაჭარია. სამწუხაროდ, დღეს ქართული პოლიტიკა ასეთი ვაჭრებით სავსეა.

თქვენ კი ამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც გაარკვევს გაყალბდა თუ არა არჩევნები...

- ასეთი სისულელეების ვის სჯერა?! ეს დაახლოებით იგივეა, რომ მგელი მოსამართლე გახდეს და დაიწყოს გამოკვლევა, თუ რამდენი ცხვარი შეჭამა მისმა ჯილაგმა. რას გამოიკვლევენ, როდესაც ბიულეტინებიც და ოქმებიც შეცვლილია, ყველაფერი გასუფთავებულია. თავიანთ დანაშაულს გამოიკვლევენ?! ასეთი ზღაპრების პრეცედენტი მსოფლიოს არ ჰქონია.

მაგრამ, თქვენგან განსხვავებით ოპოზიცია კომისიის შექმნის მომხრე იყო და ახლა დასკვნას ელოდებიან...

- ეს ოპოზიცია ივანიშვილის ნავშია ჩაგორებული.

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლას როგორ შეაფასებდით?

- მისი ოპოზიციონერობა რაში გამოიხატება? მასსა და „ოცნებას“ შორის რა განსხვავება? - არაფერი, ერთი ბუდიდან აღმოცენებულია, რომელიც ახლა ვითომ კონკურენციას გაუწევს ყოფილ გუნდს. ივანიშვილი ახლა ან ორივე გუნდს დაეყრდნობა, ან როგორც სჩვევია, ერთმანეთს დააჭმევინებს. ამავდროულად გახარიას ფაქტორიც იმაში მდგომარეობს, რომ ის რუსეთმა გაააქტიურა. ის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელია. ივანიშვილის ფაქტორი ნელ-ნელა იწევს, მას ქართულ პოლიტიკაში დასაყრდენი სჭირდება და ამიტომ გააქტიურდა გვარამიაც და ვასაძეც.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებს არ ენდობა?

- ისინი საკუთარ თავს წურავენ, დისკრედიტაცია განიცადეს. ამიტომ, ივანიშვილმა სარეზერვო მექანიზმი აამუშავა. მთელი ფილოსოფია ეს არის.

თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ გადალახა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. თქვენ მიიღებთ მონაწილეობას და რა პროგნოზს გააკეთებდით?

- არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენს გადაწყვეტილებას საზოგადოებას მალე გავაცნობთ. რაც შეეხება პროგნოზებს, ექსპერტი არ ვარ, მაგრამ როდესაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ასეთ ღალატს ჩადის, ისინი შეგვიძლია, რომ ოპოზიციად აღარ მოვიხსენიოთ. ვფიქრობ, რომ ხალხმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. ჩვენ რომ გვქონოდა იმდენი მანდატი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვეცოდინებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნების დრო. ჩვენ ბოლომდე პრინციპულები ვიქნებოდით, როგორც ახლა ვართ. ხალხის ერთგულებას ბოლომდე შევინარჩუნებდით. ახლაც, დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას მერობის საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს?

- ჯერ ის უნდა განვსაზღვროთ ოპოზიცია ვინ არის, ვინ არის ხალხის ერთგული, ვინ რეჟიმს ებრძვის და ვინ არის მოთამაშე-ვაჭარი, ჯერ ეს უნდა გავარჩიოთ. ვისთან უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკება? „სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო“, ვის უნდა მოველაპარაკოთ, როდესაც ერთ დღეს ერთს ლაპარაკობენ, მეორე დღეს სხვას ფიქრობენ და მესამე დღეს სხვას ეკვრებიან - ასეთებთან რა საერთო უნდა გვქონდეს?!

თუ არ გამართავთ მოლაპარაკებას, აბა მაშინ როგორ უნდა გაარკვიოთ ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია?

- ჩვენ ოპოზიციის გამაერთიანებლები ვიყავით, მაგრამ „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, - მაგათგან არაფერი გამოვიდა. სხვათა შორის, ჩვენ დავზარალდით, იმიტომ რომ ბევრი რამ დავივიწყეთ, რათა ერთიანები ვყოფილიყავით. საბოლოოდ კი, მათი სახე გამოჩნდა.