ვადაგასული კვერცხები ქართულ ბიზნესში

ვადაგასული კვერცხები ქართულ ბიზნესში

კვერცხის წარმოებაში და რეალიზაციაში დიდმა პრობლემებმა იჩინა თავი. მეწარმეები რთულ პირობებს უჩივიან, მომხმარეებლები - ხარისხს. ამ ყველაფრის მიზეზი ერთი და იგივეა, საქართველოში სარეალიზაციოდ ვადაგასული და უხარისხო კვერცხი შემოდის, რომელიც მეწარმეებს და უბრალო მოქალაქეებსაც ერთნაირად აზარალებს.

კვერცხის მწარმოებელი ქართული კომპანიები აცხადებენ, რომ გაკოტრების პირას არიან. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამის მიზეზად, ქართულ ბაზარზე კვერცხის უკონტროლო იმპორტს ასახელებს.

როგორც იგი ამბობს, ახალი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, კვერცხის იმპორტის განხორციელების პროცედურები გამარტივდა.

“მეზობელ ქვეყნებში მეფრინველეობის ეს მიმართულება სუბსიდირებულია, ხშირად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან არაკეთილსაიმედო პროდუქცია შემოდის. სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აღმოაჩინა ვადაგასული მოლდოვური კვერცხი, ასევე აღმოჩენილია თურქული წარმოების არაკეთილსაიმედო კვერცხი ქართული წარწერით, რაც ბუნებრივია ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლისთვის პრობლემებს ქმნის”, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

მეწარმეების პრეტენზია უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც დაადასტურა ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფომარცია.

სააგენტოს თანამშრომლებმა “ნუგეშის” მაღაზიათა ქსელიდან დიდი რაოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ვადაგასული კვერცხი ამოიღეს. 200 ათას ცალამდე (5535 ყუთი) მოლდავური წარმოშობის პროდუქტი შპს “ნუგეშის” საწყობში დაილუქა და აიკრძალა მისი შემდგომი რეალიზება.

მოქმედი კანონმდებლობით ვადაგასული სურსათი ექვემდებარება განადგურებას ან უტილიზაციას ტექნიკური გადამუშავების გზით მხოლოდ აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარულ-სანიტარიული და სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზის საფუძველზე. საბოლოო გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტო იღებს.

სურსათის დისტრიბუტორი (ანუ მაღაზია) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის სავაჭრო ტერიტორიაზე განთავსებული ნაწარმი ეტიკეტირებული იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებელს გამოშვების და ვარგისიანობის თარიღები ერთმანეთში რომ არ აერიოს, კანონისვე მიხედვით ვარგისიანობის თარიღის მითითებისას უნდა გაკეთდეს წარწერა: “ვარგისია ...მდე”. გარდა ამისა, აუცილებელია ეტიკეტზე გამოშვების თარიღისა და სურსათის მწარმოებლი ფირმის მითითება.

ვადაგასული კვერცხი ადგილობრივი სავაჭრო ქსელების ერთადერთი პრობლემა არ არის. ბოლო დროს ზედიზედ ვრცელდება ინფორმაცია საკვებად უვარგისი პროდუქტების შესახებ.

“სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასურსათო ბაზრისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს. მონიტორინგის განხორციელებისას საქართველოს სხვადასხვა რაიონების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტები”, - აცხადებენ სააგენტოში.

სახელმწიფო კონტროლის-მონიტორინგის განხორციელებისას ვეტერინარული მოწმობა-ფორმა N2-ს გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 43 ბიზნესოპერატორი. განადგურდა დიდი რაოდენობით დაავადებული ცხენის ხორცი.

ასევე მონიტორინგის განხორციელებისას სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” აღმოჩნდა ვადაგასული სხვადასხვა სახეობის სურსათი (მარილიანი თხილი, სხვადასხვა სახის ორცხობილა, შოკოლადის ბატონები, ნამცხვრები, დაფასოებული ფარში). აღნიშნული სურსათი განადგურდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს “ვეჯინის” სუპერმარკეტში არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა და განადგურდა ასევე ვადაგასული სურსათი - სხვადასხვა დასახელების შოკოლადის ფილები, მარგარინი და კარაქი.

რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი კვლავაც გაგრძელდება, რადგან სავაჭრო ობიექტები საკვებად გამოყენებელი პროდუქტებით არის გაჯერებული.