შალვა პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ მეორე მოსმენაზე ამნისტიის კანონპროექტს მეტი ოპოზიციონერი დაუჭერს მხარს. უმრავლესობის წევრის შეფასებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება ამნისტიის მიღებას, არღვევენ 19 აპრილის შეთანხმებას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შედგენილი კანონპროექტი სრულად, როგორც სიტყვა-სიტყვით, ისე სულისკვეთებით, შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და მნიშვნელოვანია, ოპონენტებმა მხარი დაუჭირონ.
როგორც ცნობილია, ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის წარდგენილი, პირველი მოსმენით სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ევროპელმა სოციალისტებმა“, „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ მხარი დაუჭირეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ავტორობით წარდგენილი პროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
ფრაქცია „ლელო–პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა შალვა შავგულიძემ პროექტის ერთ–ერთ ავტორსა და ინიციატორს ანრი ოხანაშვილს 20 ივნისის ამნისტიის სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლებით შემოფარგვლა და პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესთავაზა. ფრაქციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა კი ხაზგასმით განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული პროექტით დაუსჯელობას მწვანე შუქს უნთებს.
თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგები პოლიტიკურ კეკლუცობაში დაადანაშაულა და კოლეგებს შეახსენა, რომ შარლს მიშელის დოკუმენტზე მოლაპარაკებებისას ოპოზიციას 20 ივნისს დაზარალებულები არ გახსენებია.
„ჩვენ ამნისტიის მომხრე არ ვართ და ეს ამნისტია არ გვჭირდება, მაგრამ ხელმოწერილ შეთანხმებას ვასრულებთ. ახლა ცდილობთ დაგვაბრალოთ, თითქოს, 20 ივნისის ამნისტია ჩვენ გვინდა. გეყოთ გამბედაობა და თქვით, რაზე აიღეთ პასუხისმგებლობა. ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას, ყველა პირს, ყოველგვარი წინაღობების გარეშე. რაც შეეხება თანხმობის საკითხს, სრული სპეკულაციაა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ვინმეს სთხოვს თანხმობას - ამნისტია გავრცელდეს თუ არა მასზე.
ავტომატურად გავრცელდება ამნისტია თუ პირი არ დააფიქსირებს იმას, რომ არ სურს მას მიიღოს პატიება სახელმწიფოსგან. მარტივი ლოგიკაა – როგორ შეიძლება, ადამიანი ვაიძულოთ, მიიღოს ამნისტია, თუ არ სურს მიღება. ოპოზიცია გვეუბნება, უნდა ვაიძულოთ. ავტომატურად დაიწყება ამნისტიის გავრცელება, თუ პირი მიზანმიმართულად არ დააფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას. თუ ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება პირდაპირ შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა. საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ, ამ ყველაფერს შეფასება მიეცეს, რატომ გადიან შეთანხმებიდან და რატომ არღვევენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სოზარ სუბარის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი მკაფიოდ ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული ფურცელი უნდა დაიხუროს, რაც უმრავლესობის წევრის განცხადებით ნიშნავს, რომ ამნისტია შეეხოს ყველა მონაწილეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შემუშავებული კანონპროექტი პირს უტოვებს უფლებას, უარი თქვას ამნისტიაზე.
„ყველა ადამიანს უნდა შეეხოს, ვინც მონაწილეობდა 19-20 ივნისის მოვლენებში. ზუსტად ეს არის ჩაწერილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტში, რომელიც ჩვენ მიერ არის შეთავაზებული. არავის სჭირდება არანაირი თანხმობა, ამნისტია ეხება ყველას, უბრალოდ, ადამიანებს დატოვებული აქვთ უფლება, რომ მას შემდეგ, რაც ამნისტია შეეხება, მან თქვას, რომ ძალიან გთხოვთ არ შემახოთ, ან კატეგორიულად მოითხოვოს, რომ არ შემახოთ.
ნიკა მელიას განცხადებები გულისხმობს, რომ პარლამენტი იყო არალეგიტიმური, მაგრამ შემოდის არალეგიტიმურ პარლამენტში. ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, მაგრამ გადაახდევინა და ციხიდან გამოვიდა. ამბობდა, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდა და ვინც ოპოზიციიდან შევიდა, ბიძინას მონები არიანო, მაგრამ თავად შემოვიდნენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არანაირი შანსი არ არის, რომ პოზიციები დაახლოვდეს, რადგან უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის დაუსჯელობის კანონი, რომლითაც მმართველი გუნდი მწვანე შუქს უნთებს დაუსჯელობას.
„ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ სწორედ 20 ივნისის შემდეგ თითქმის ყველა აქციაზე, სადაც აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები ძალიან მწვავე თემებს ვაპროტესტებდით, ჩვენ გვახსოვს უკანონო დაკავებები, მათ შორის, ძალის გამოყენების ფაქტები. გუშინაც მოხდა ასეთი ფაქტი, რომ ორ აქტივისტს მოტეხეს ხელი.
ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ სადამსჯელო ღონისძიებისა, რომელიც 20 ივნისს დაიწყო და სწორედ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულება, როდესაც პოლიცია თავს გრძნობს აბსოლუტურად შეუზღუდავად და იციან, რომ აქტივისტების დევნაზე, დაკავებაზე, ცემაზე მათ პასუხი სამართლებრივად არ მოეთხოვებათ და ეს არის აქ ერთ–ერთი მთავარი პრობლემა. ის, რაც წერია „ქართული ოცნების“ კანონპროექტში, რომ სრული ამნისტირება მომხდარიყო, გათეთრება და გარეცხვა 20 ივნისის, არასდროს არავის ამაზე თანხმობა არ მიუცია,“ – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
„ლელოს“ პოზიციას არ იზიარებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე, რომლის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ იგივე სულისკვეთება ექნება ხელისუფლებას, როგორც საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დროს, პოზიციები დაახლოვდება.
„პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა საინტერესო წინადადება, რომ შევხვედრილიყავით ხელისუფლება და ოპოზიციის წარმომადგენლები, რათა მომხდარიყო პოზიციების დაახლოება. ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, ველოდებით პარლამენტის თავმჯდომარეს და მე როგორც ვიცი, ორშაბათამდე იქნება ეს შეხვედრა, რათა პოზიციები დაახლოვდეს. თუ იგივე სულისკვეთება ექნება ხელისუფლებას, რომელსაც ამჟღავნებდა საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დროს, პოზიციები დაახლოვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ცალ–ცალკე კანონპროექტები“, – ამბობს პაატა მანჯგალაძე.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს უჭერს „გირჩი“. როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნების“ ვერსია ამნისტიის კანონპროექტზე უფრო ახლოს არის შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის. როგორც მან ჟურნალისტებთან ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია კანონპროექტი ისეთი იყოს, რომ მას პარლამენტში შემოსულმა მთელმა ოპოზიციამ დაუჭიროს მხარი.
„იმედი გვაქვს, მეორე მოსმენაზე გვექნება დისკუსიები, ვეცდებით, რომ ან აქეთ დაგვარწმუნოს ვიღაცამ, ან იქეთ დავარწმუნოთ - ეს არის პროცესი. მე კომპრომისის იმედი მაქვს, არამხოლოდ „გირჩთან“ დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი ისეთი იყოს, რომ მას პარლამენტში შემოსულმა მთელმა ოპოზიციამ დაუჭიროს მხარი.
ჩვენ ახლა ორი დოკუმენტი გვაქვს, შეიძლება არც ერთი არ მიმაჩნდეს ზუსტად ისეთად, როგორიც შარლ მიშელის დოკუმენტშია მითითებული, მაგრამ ჩემი აზრით, ამ დოკუმენტთან უფრო ახლოს არის „ქართული ოცნების“ ვერსია, ვიდრე ოპოზიციის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.