საპარლამენტო არჩევნებიდან 7 თვე გავიდა. ამ 7 თვეში ქართველმა ამომრჩეველმა კანონპროექტების განხილვის ნაცვლად, ოპოზიციის ბოიკოტი, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა, მის მეირ შედგენილი დოკუმენტი და შემდგომ, ამ დოკუმენტზე ხელისმოწერის საზეიმო ღონისძიება იხილა.
თუმცა, საპარლამენტო „თეატრი“ ამით არ სრულდება. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, ოპოზიცია ბოიკოტს ნაწილ-ნაწილ წყვეტდა და ასე ეტაპობრივად შედიოდა საკანონმდებლო ორგანოში. ბოლოს რადიკალ „ნაციონალ მოძრაობასაც“ გაუჩნდა სურვილი პარლამენტში მუშაობის, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში „გირჩის“ წევრები საბავშვო საწუწაო თოფებით შეეგებნენ.
For.ge დაინტერესდა, როგორ დაამახსოვრდა პარლამენტის მუშაობა ექსპერტებს. ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს აინტერესებს ბოიკოტის 7 თვის განმავლობაში ოპოზიცია ხელფასს იღებდა თუ არა. ანდა თუ აიღეს ქველმოქმედებას ხომ არ მოახმარეს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ 7-თვიანი ბოიკოტის განმავლობაში, ოპოზიციის სახელფასო ფონდი დაახლოებით 2 მილიონი ლარია და გადასახადების გადამხდელთა თანხაა.
„ამ 7 თვის განმავლობაში ფაქტიურად ლომის წილი საპარლამენტო მუშაობის „ქართული ოცნების“ პარტიაზე
გადავიდა. „ოცნებას“ პატარა რყევაც ჰქონდა, ჩვენ ვიცით, რომ ამ პარტიას 6 დეპუტატი გამოეყო და იმ კანონპროექტებთან მიმართებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიცირებული იყო, ამ 6 დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა.
გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გაწერილი და რომელიც ეხებოდა კანონშემოქმედებით საქმიანობას, ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებით, როგორიც არის საარჩევნო კოდექსი და როგორიც არის სასამართლო სისტემის გაუმჯობესება. ასევე, „ოცნებამ“ მოასწრო და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა იმ ადმინისტრაციულ კოდექსში, რომელიც ფაქტობრივად ედუარდ შევარდნაძის დროიდან არ შეცვლილა და რომლითაც სამართალდამცველი სისტემის წარმომადგენლები ზარალდებოდნენ, მათ მიმართ არამართებული, არაკანონზომიერი გამოხტომების გამო.
ასევე, არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც მეც მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებასაც აინტერესებს - ამ დეპუტატებს, რომლებიც 7 თვის განმავლობაში უაზრო ბოიკოტით იყვნენ დაკავებულები, მაგრამ დღეს უკვე პარლამენტში შევიდნენ, ამ 7 თვის განმავლობაში ხელფასი ერიცხებოდათ? რომ დავაჯამოთ მათი ხელფასები, ძალიან კოლოსალურ თანხებზე გავალთ. თუ არ ვცდები 2 მილიონამდეა ჩარიცხული ამ ადამიანების ანგარიშებზე, რომლებმაც გადასახადების გადამხდელთა ფული შეიტყაპუნეს და ხელფასები არაფერში აიღეს. ამ ფაქტს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალიან ხშირად სჩვევიათ საბიუჯეტო ფულზე წუხილი, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გადამეტებული ზრუნვა. ამ შემთხვევაში მაინტერესებს, რომელიმე მათგანმა არაკუთვნილი ხელფასიდან ჩარიცხა თუნდაც რომელიმე ბავშვთა სახლის ანგარიშზე, ან ქველმოქმედების სახე მისცა? თუ მე ვცდები და ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, ასეთ ნებისმიერ ოპოზიციის დეპუტატს მივესალმები“, - გვითხრა ექსპერტმა.
„ძალიან მინდა ვცდებოდე და ჩავთვალო, რომ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში რაღაცა შეიცვალა იმასთან მიმართებაში, რასაც კანონიერება ჰქვია, რასაც ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემა, რასაც ჰქვია კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ჩვენ წინა პარლამენტებიდან არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისი, რომ უკვე სხდომათა დარბაზში „ნაციონალების“ მხრიდან დესტრუქცია, ბოიკოტი, სხდომების ჩაშლა სისტემატურად მიმდინარეობდა. არ ვიცი, რამ შეიძლება შეცვალოს ამ ადამიანების ცნობიერებაში საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულება. საკმაოდ სოლიდურ ხელფასს იღებენ და ამომრჩევლის საკმაოდ დიდი არმია უჭერთ მხარს. სწორედ იმისთვის აირჩიეს, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო გაეკეთებინათ. თუ მე ვცდები და ისინი გამოსწორდებიან, ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ“. - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს ამ 7 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ბოიკოტი, ნიკა მელიას დაკავება, შარლ მიშელის დოკუმენტი და შემდეგ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა დაამახსოვრდა. თუმცა, დასძენს, რომ ახლა უფრო უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 2-3 თვის წინ იყო.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის პროცესები, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებს უკავშირდებოდა და რომელიც იმართებოდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელზეც საბოლოოდ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ სხვადასხვა დროს ხელი მოაწერეს. მას შემდეგ რაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნა, ისინი პარლამენტში შევიდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წინ ვითარების დაძაბვა უსწრებდა, ვგულისხმობ მელიას დაპატიმრებას. ბუნებრივია, ეს ნეგატიურად აისახებოდა საქართველოს ურთიერთობაზე დასავლეთთან, მათ შორის დემოკრატიულ სამყაროსთან. ჩემი აზრით, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ დათმობისკენ ნაბიჯები გადადგეს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე 2-3 თვის წინ იყო.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, პარლამენტმა გარკვეული კანონპროექტები განიხილა, როგორიცაა თუნდაც საგადასახადო ცვლილებები. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის საკითხი, რადგან ამ საკითხთან დაკავშრებით დაძაბული ვითარებაა. ვფიქრობ, ხელისუფლებას ვალდებულება მართებს, რომ საზოგადოებას აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა განუმარტოს. ესეც ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ბევრი თემა შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ ძირითად საკითხებზე ვამახვილებ ყურადღებას. ეს არის არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება, საპროტესტო აქციები, მელიას დაკავება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, პარლამენტის მიერ რამდენიმე კანონპროექტის განხილვა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
კითხვაზე რას მოელის მე-10 მოწვევის უკვე სრულყოფილი პარლამენტისგან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრებმა ერთმანეთის შეუარაცხყოფისგან და შავი პიარისგან თავი შეიკავონ და კანონპროექტების განხილვას მიხედონ. ასევე ნიკა ჩიტაძე აზრით, შესაძლოა „ქართული ოცნება“ კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს და მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაკარგოს.
„ძალიან საინტერესოა პარლამენტში ძალები როგორ გადანაწილდება. არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. თუ აღნიშნული განვითარდა, მაშინ არსებობს ალბათობა, რომ „ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს. ოპოზიციას ექნება იმის საფუძველი, რომ მთავრობა გადააყენოს - უნდობლობა გამოუცხადოს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღებს თუ არა 43%-ს. განსხვავებულ სიტუაციაში წარიმართება საპარლამენტო საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. თუ პარლამენტი 2024 წლამდე მუშაობას გააგრძელებს, უფრო მეტი ფოკუსირება მოხდება კონკრეტული კანონპროექტების განხილვაზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მწვავე დებატებიც მოჰყვება.
რას ვისურვებდი პარლამენტისგან? - ვისურვებდი, რომ ერთმანეთის ლანძღვით არ იყვნენ დაკავებულნი, არ აკეთონ შავი პიარი, უნდა მუშაობდნენ კონკრეტულ კანონპროექტებზე“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.