ქვეყანაში განსაკუთრებული ეკონომიკური წინსვლა ან უკუსვლა არ შეინიშნება, მაგრამ დღემუდამ ისმის კითხვა - რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა? როგორც მოსალოდნელია პასუხები დიამეტრალურად განსხვავებულია: ხელისუფლება თავის პოზიციას იცავს, ოპოზიცია - ოპოზიციურს, ხოლო ექსპერტები, ჯერჯერობით გამაფრთხილებელ სიგნალებს აგზავნიან. მათი აზრით, საგანგაშო არაფერია, თუმცა პრობლემების დაძლევას უფორ მეტი ძალისხმევა სჭირდება.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი გადასახედიდან საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ წითელი ნათურებია ანთებული. წითელი ნათურები კი ახალი ხელისუფლებისთვის იმის მანიშნებელია, რომ ის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირებული უნდა იყოს.
“საშიშია არა ბიუჯეტის მდგომარეობა, არამედ ყურადღებას ეკონომიკის მდგომარეობა მოითხოვს. დღეისათვის ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაბალია. ეს იმპორტის შემცირებასა და წარმოების მაჩვენებლებს ეტყობა”, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
მისი თქმით, ძალიან დაბალია მსხვილი კომპანიების აქტივობა, რადგან მათ არ იციან, როდის დაიჭერენ. ლაპარაკია მონოპოლისტ კომპანიებზე.
“მათ სუფთა მოგების სახით დაახლოებით 7 მილიარდ ლარი დარჩათ. აქედან ეკონომიკაში ერთი ლარიც არ შემობრუნებულა. ე.ი. მსხვილი კომპანიები გაურკვევლობაში არიან. არ იციან, როდის დაიჭერენ, ამიტომ მათი აქტივობა ძალიან დაბალია”, - აღნიშნა გიორხელიძემ.
მისი თქმით, კვლავაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში რჩება მცირე და საშუალო ბიზნესი. მათთვის კვლავ მძიმედ და პრობლემურად რჩება საბანკო სისტემა. “საბანკო სისტემა ჩაკეტილია და თავის შვილობილ კომპანიებს, ახლობლებს აფინანსებს. ამის გამო ბიზნესისათვის კრედიტები მიუწვდომელია. თან ეს სესხები მაღალია”, - აღნიშნა გიორხელიძემ და დასძინა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ახალმა მთავრობამ ჯერ ნაბიჯები ვერ გადადგა.
ეკონომიკის ექსპერტი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი უმუშევარია.
საპირისპიროს ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი პროგნოზით საქართველოში ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6 პროცენტი იქნება და ბიუჯეტის დეფიციტი არ გადააჭარბებს 2,8 პროცენტს. ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვს პროგნოზი, რომ ინვესტიციები მინიმუმ ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე 2012 წელს და დაახლოებით ორ მილიარდს შეადგენს.
“2012 წლის მეორე კვარტლიდან საქართველოში დაიწყო უცხოური ინვესტიციების საქართველოში შემოდინების შემცირება, ეს არ მომხდარა მეოთხე კვარტალში. თავისთავად ცხადია, არჩევნები და ის პოლიტიკური წნეხი, რომელსაც ბიზნესი განიცდიდა წინა ხელისუფლების მიმართ იყო განმსაზღვრელი”, - აღნიშნა ხადურმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში 100-ზე მეტი კომპანია პრივილეგიებით სარგებლობდა და შემოსავლების სამსახურის მიერ არ მოწმდებოდა. აქვე მინისტრმა აღნიშნული კომპანიების ჩამოთვლისაგან თავი შეიკავა. მთავარი ამოცანა არის არა ქართულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობა. “ანტიმონოპოლიური სამსახური დღეს არის დასუსტებული და მიზერულ ფუნქციებს ასრულებს, პრაქტიკულად, გაჩერებულია. საქართველოს პარლამენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე. ამ ინსტიტუციური პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, ვფიქრობ, წინსვლა კიდევ უფრო დიდი იქნება”, - დასძინა ხადურმა.