„ლელოს“ ახალი ფორმულა - იპოვოს უპარტიო მერობის კანდიდატი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება. თუ აქამდე პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ყველა ოპოზიციურ ძალას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიებლად უნდა მიეღო, ხაზარაძის გუნდმა ტაქტიკა მოულოდნელად შეცვალა. პოზიციები იმდენად შეიცვალა, რომ „ლელო“ კანდიდატებად არა პოლიტიკოსებს, არამედ მეწარმეებს მოიაზრებს.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ 3 კანდიდატი უნდა წარმოადგინოს და გამოკითხვის მეთოდით, დედაქალაქის მცხოვრებლებს ჰკითხონ, ამ პოსტისთვის რომელი მათგანი უფრო მისაღები იქნება. „ლელოში“ ამბობენ, ქალაქის ინტერესების გამო შეუძლიათ პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ.
ოპოზიციის დანარჩენ წევრებს კი „ლელოს“ ეს ინიციატივა მითად მიაჩნიათ და მათთვის წარმოუდგენელია, რომ ახლა ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეჯერებას შეძლებს. მათი აზრით, კანდიდატი უნდა იყოს იმ ბეგრაუნდის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება შეძლოს, მით უმეტეს გამარჯვებამდე მისასვლელი ტაქტიკა ჯერ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუმუშავებია. თუმცა ენმ-ში ამბობენ, რომ კორდინაცია აუცილებელია და მათაც ჯერჯერობით ისევ აქვთ ამბიცია, რომ ოპოზიციური კანდიდატი მათი პარტიის წევრი უნდა იყოს.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და დეპუტატი ხათუნა სამნიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს საკითხი ძალიან მიშვნელოვანია, რადგანაც მათ უნდა ეცადონ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ის აღება ვერ მოახერხოს. ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთზე თავდასხმა უნდა შეწყდეს და კორდნირებულად სამოქმედო სტრატეგია დასახონ. სამნიძე არ არის მომხრე, რომ ეს სტრატეგია საჯარო იყოს და ვარაუდებზე ისაუბრონ.
„ყველა პარტიას და ჯგუფს უფლება აქვს, ისაუბრონ რა ხედვა აქვთ. უბრალოდ, ჩემი აზრით, ეს კოორდინაციის პროცესი უფრო კოორდინირებული უნდა იყოს და ერთმანეთში გავერკვიოთ ვინ როგორ ვხედავთ. ვფიქრობ, რომ მერი ზუსტადაც ძალიან პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს. ამიტომ მას პოლიტიკური წარსული აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მერი მხოლოდ მეურნე არ არის. მას ქალაქის განვითარების პოლიტიკური ხედვა უნდა ჰქონდეს და მისი იდეოლოგია უნდა ვიცოდეთ. ამიტომ მამუკა ხაზარაძეს მთლად ასე ვერ დავეთანხმებოდი, რომ ის სრულად აპოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს. თუმცა, ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ და ჩვენს აზრს ვიტყვით.
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შანსი მაშინ ჩნდება, თუ „ოცნება“ პროპორციული არჩევნების ნაწილში 43%-ს ვერ აიღებს. ეს ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ისეთი კამპანია უნდა აწარმოოს, რომ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს. არც ერთი ოპოზიციური ამომრჩეველი სახლში არ უნდა დარჩეს. აქამდე ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი“, - ამბობს სამნიძე for.ge-სთან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი და დეპუტატი პაატა მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ კარგია ერთობა და გაერთიანებისკენ მოწოდებები, მაგრამ მეორეა ტაქტიკურად რა სჯობია. მანჯგალაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნებას“ იმ მხრიდან უნდა შეუტიონ, რომელიც გამარჯვებას მოაპოვებინებთ. მისი თქმით, ისინი 9 წლის განმავლობაში ხედავენ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური შეცდომების შედეგად „ოცნება“ ხელისუფლებას უკვე მესამე ვადით ინარჩუნებს.
„ურა პატრიოტიზმზე და ვაშაზე არ უნდა იყოს პოლიტიკური სტრატეგია დაფუძნებული. ამომრჩეველი მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე არ უნდა დავაყენოთ, რასაც პოლარიზების პიროებებში ვაკეთებდით. თუ საზოგადოებას ისევ „ოცნების“ და „ნაციონალების“ არჩევანის წინაშე დავაყენებთ, რა თქმა უნდა, ისევ იძულებულები იქნებიან ხმა მმართველ გუნდს მისცენ. ჩვენ გვინდა, რომ მრავალფეროვანი არჩევანი არსებობდეს. ეს არის ჩვენი პირობა. იმისთვის, რომ ისევ „ოცნებამ“ არ გაიმარჯვოს, ჩვენს მოსახლეობას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ. ჩვენ ხომ ვადამდელი არჩევნები გვინდა? მერი ვინ გახდება ესაა მთავარი. იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ქვეყანამ რესტარტი გააკეთოს“, - ამბობს მანჯგალაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ „ლელო“ ყოველთვის არასწორ პოლიტიკურ მესიჯებს ახმოვანებს და ეს არა ერთხელ აჩვენა. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ მათ პოლიტიკა კორპორაციის მართვა ჰგონიათ. ვერც ბადრი ჯაფარიძემ და ვერც მამუკა ხაზარაძემ ვერასდროს აჩვენეს, რომ პოლიტიკური ალღო აქვთ. მათ უამრავი თანხა დახარჯეს და დაახლოებით იმდენივე ადგილი მიიღეს პარლამენტში, რამდენიც „გირჩმა“, რომელთა წევრებმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია სოციალური ქსელით აწარმოეს.
„სამწუხაროა, რომ მამუკა ხაზარაძე ვერ ერკვევა რა არის ქალაქის არჩევითი მერი და მას რა პასუხისმგებლობა აკისრია. როდესაც პარტიის ლიდერი საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომელშიც ვერ ერკვევა, დასანანია. განსაკუთრებით სამწუხარო კი ეს „ლელოს“ ამომრჩევლისთვის არის. ხაზარაძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, ხოლო რაღაც, ხმამაღალი პოპულისტური განცხადებები რეალური პოლიტიკა არ არის. ამ პარტიის რეიტინგი არჩევნების შემდეგ, არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის გამო, კიდევ უფრო დაღმავალი გახდა.
სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ისეთი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ვერ ხვდება მის ამომრჩეველს როგორი განწყობა აქვს. თუ ხვდებიან, თავიანთ არაადეკვატურ ქცევებს მაინც აგრძელებენ. ის, რომ დედაქალაქის მერად კახი კალაძეს ვერც ერთი ოპოზიციური კანდიდატი ვერ დაუდგება, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამას ხვდება გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები. სამწუხაროდ, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ხვდება და 7-თვიანი გაუაზრებელი ქცევის შემდეგ პარლამენტში უსირცხვილოდ შედის. ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“, როგორც მერების, ასევე საკრებულოების ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. თუმცა პატარა პარტიებმა განსაკუთრებული ყურადღება საკრებულოებში გამარჯვებისკენ უნდა მიმართონ“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, რაც შეეხება ერთიან კანდიდატს, ამაზე შეთანხმებას ოპოზიცია ვერ მოახერხებს. ეს იგივე იქნება, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატზე „შეთანხმდნენ“. ხოლო ვისაც კიდევ პრაგმატული აზროვნება შერჩენია, ორიენტირი საკრებულოებზე უნდა გააკეთოს.