ქართული მედიასივრცის დაპყრობა-ათვისების პროცესში უპრეცენდენტო ფაქტიც დაფიქსირდა. აქამდე ხელისუფლებისგან დატერორებული მედიასაშუალებები, თუ ჟურნალისტები ან საერთოდ ქრებოდნენ ავანსცენიდან (მაგ: ტელეკომპანია „იბერია“), ანდა თავიდან ბოლომდე „მმართველებს“ ემორჩილებოდნენ, (მაგალითად - „იმედი“). პრესა.გე-ს ინციდენტი ქართულ მედიაისტორიაში ერთი ახალი ნიშნითაც დაიმკვიდრებს ადგილს. ის კი არ გაქრა, ანდა საბოლოოდ კი არ დაემორჩილა ვიღაცას, არამედ გაორმაგდა. ორია: ორივე პრესაგე, ორივე გიორგის ასული და ორივე ერთნაირი დომენით. ოღონდ ორ სიტყვაშია განსხვავება: ერთი ძველია, ანუ - გე, მეორე ახალია, ანუ - ტვ. შინაარსზე აღარ ვსაუბრობ, რადგან ისედაც ნათელია, რომ მთავარი განსხვავება მაინც ესაა.
ვის ხელში მოექცა ძველი პრესა.გე და ვისია ახალი პრესაგე.ტვ? ზედმეტი შესავლის გარეშე, გთავაზობთ პოლიტიკოსთა შეფასებებს, დასკვნები თქვენთვის მოგვინდია.
„თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი: „პრინციპში რაც მოხდა, ერთი რგოლია მოვლენათა ჯაჭვისა. მედია მუდმივი ზეწოლის ქვეშაა ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული დღემდე. მკაფიო და სამწუხარო მაგალითი აღმოჩნდა კიდევ ერთი გამოცემა -პრესაგე. ბატონი კაპანაძის გადმობრძანება თქვენთან უკვე ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ „რეალ-ტვის“ სტილში უნდა ემუშავა ამ ინტერნეტ-პორტალს.
მე ბატონი კაპანაძე მახსოვს, დინჯი სახით როგორ იჯდა, თათხავდა და ლანძღავდა ურცხვად ოპოზიციას. ამით იყო დაკავებული ეგ ადამიანი დილიდან საღამომდე. დემოკრატიის კუბო რომ გაასვენეს, ეგეც მახსოვს, მაგრამ ტკბილია ვანოს ფულები, დონაძის ხელით მორთმეული. ასეთი ფულის ამღებების რიგში ჩვენ უკვე ვიხილეთ ბატონი კაპანაძეც და ზოგიერთი დეპუტატიც, მათ შორის - ზოგიერთი უმცირესობის წარმომადგენელიც.
მე ღმერთმა დამიფაროს, რომ უმცირესობის წევრი ვიყო, მაგრამ იმ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, რომ თავისუფალ მედიას გვერდით დავუდგე და გავამხნევო ისინი. მიგულეთ თქვენს გვერდით ერთი რიგითი დეპუტატი ამგვარ სიტუაციებში. ის ხმები, რაც დადის სხვა პარტიებთან და „კავკასუს ონლაინის“ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით, არ მინდა, დავიჯერო, თუმცა, რთულიც არ არის ამის დაჯერება.
ანუ ქრისტიან-დემოკრატებზე საუბრობთ?
-დიახ. ამის დაჯერება ძნელი არ არის.
თქვენ როდესმე გქონიათ პრობლემა ქდმ-ის მხარდაჭერის თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობაში?
-ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდივით იყო, მათი დამოკიდებულება კონსტიტუციისადმი. იცით თქვენ, რომ ქდმ-მა, ედეპემ და საპარლამენტო ოპოზიციის სხვა შემადგენელმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს სააკაშვილის გაპრემიერებას 2013 წელს. ეს იყო აშკარა და ჩემთვის დაუჯერებელი. მე იმ დღეს ვერც სხდომათა დარბაზში და ვერც დარბაზს გარეთ უმცირესობა ვერ დავინახე. დავინახე ადამიანები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაეტოვებინათ. ეს სხდომათა დარბაზშიც ვთქვი და ეს მოისმინა ბატონმა ვეფხვაძემ, ბატონმა თარგამაძემ.
მე პირდაპირ ვამბობ ყველაფერს და ფეხქვეშ ვერავის მივუგდებ ჩემს ქვეყანას. მე ვამბობდი კონსტიტუციის მიღების დროს, რომ ხმის მიცემა ამ ახალ ცვლილებებზე დანაშაული იყო ერის წინაშე და მეუბნებოდნენ, ამას რატომ ამბობო. არავის დავინდობ, როცა დავინახავ, რომ უკუღმართ საქმეს ემსახურება. ეს მარტო ქდმ-ს არ ეხება, ნებისმიერს ეხება.
ჯერ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქდმ-ს გადასცეს არჩევნების წინ „კავკასუს ონლაინის“ მედიასაშუალებები და ახლა მეორე ჭორი გაჩნდა, რომ ახალი პრესაგე.ტვ ალასანიამ იყიდა. რა გაცინებთ?
-ეს, რა თქმა უნდა, პირველის საპირწონედ არის გავრცელებული. არ არის გამორიცხული, თავად ქრისტიან-დემოკრატების მიერ იყოს გავრცელებული.
„არ ვიცი“ ვინ ხართ „მეპატრონე“, მაგრამ ჩემთვის - ერთი ჟურნალისტისთვის, ორივე მხარე ხართ დაჯგუფება მანამდე, ვიდრე არ შეცვლით სიტუაციას საქართველოში...
-ჩემო კარგო, მე არ ვარ დაჯგუფების წევრი. მე ვარ ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის. უბრალოდ, ყველას თავისი ბრძოლის ხერხები და გზა აქვს. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ და ამას ყველა ხედავთ, მაგრამ მაინტერესებს სხვები რას აკეთებენ. რასაც ვუყურებ, ამ ვაკხანალიას, რაც ტივტივებს ოპოზიციის ზედაპირზე, ამაზრზენია და შემაშფოთებელია, როგორც პარლამენტში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.
თქვენ ჩვენი არ ხართ. თქვენ ეკუთვნით თავისუფალ სიტყვას. თქვენ ეკუთვნით ქართველხალხს და თქვენ ხართ ჟურნალისტები. მიყიდული ჟურნალისტი კი -როსკიპზე უფრო უარესია, როსკიპზე უფრო როსკიპი, ქალიან-კაციანად“.
როგორც ყოფილი ჟურნალისტი, რა შეფასებას მისცემთ პრესა.გე-ს ინციდენტს? იყო თუ არა ეს ყველაფერი მართული კამპანია ხელისუფლების მხრიდან...
„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე: „ბუნებრივია, როდესაც ინტერნეტში არის გავლენიანი მედიასაშუალება და გვყავს მტაცებელი ხელისუფლება, ერთი აუცილებლად მოინდომებდა მეორის დასაკუთრებას. ის ისედაც ფლობს ყველა მედიასაშუალებას და მით უმეტეს, მოინდომებდა ინტერნეტგამოცემის ხელში ჩაგდებასაც. ინტერნეტი მზარდი საკომუნიკაციო რესურსია და მით უმეტეს - მზარდი მედიარესურსი.
თუ მომავალზე ხარ ორიენტირებული, შენ ცდილობ, აკონტროლო ყველაფერი, მათ შორის - ინტერნეტშიც. სურვილი, ბუნებრივია გაგიჩნდება. მცდელობა იყო, მაგრამ ზუსტად როგორ მოხდა პრესა.გე-ზე ასეთი ინციდენტი, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ პრესა.გე-ს დამფუძვნებლებმა დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა თავის დროზე და პასუხისმგებლობა მათაც უნდა გაიზიარონ იმაზე, რაც მოხდა.
მაშინ ამაზე არ ფიქრობდნენ, უბრალოდ...
-როცა შენ რაღაცა გადაწყვეტილებას იღებ და რაღაცა ჰოლდინგში შედიხარ, უნდა გაითვალისწინო, ხვალ რა მოხდება და ზეგ რა მოხდება, მით უმეტეს - ამ ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ 90% არის იმ ადამიანებზე, რომლებმაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ეს მედიასაშუალება ხელში ჩაიგდეს, მაგრამ 10%-ის პასუხისმგებლობა გაინაწილონ იმათმა, რომლებმაც, ასე ვთქვათ, თავისი დაუდევრობით მეორე მხარეს აჩუქეს პრესა.გე. სისხლის სამართალში პირადპირ წერია, ადამიანმა შეიძლება, დანაშაული ჩაიდინოს თუნდაც იმიტომ, ვერ ითვალისწინებდა რომ შედეგი შეიძლება დამდგარიყო და ქარფშუტული მეთოდებით ცდილობდა აერიდებინა ეს შედეგი თავიდან. ეს არის აქ პრობლემა, მეტი არაფერი.
თავად გავრცელებულ ინფორმაციაზე - ქდმ-თვის ამ ინტერნეტ-მედიასაშუალებების გადაცემის თაობაზე - რას იტყოდით?
-მე იმდენად მომწონდა ეს საიტი, სიამოვნებით ვიქნებოდი მფლობელი, რომ მქონდეს ამის რესურსი და შესაძლებლობა. ვინმე რომ მოსულიყო ჩემთან და ეთქვა - აჰა, შენ, პრესა.გე, უარს ნამდვილად არ ვეტყოდი, არც იაკობაშვილს და არც არავის. მარკ ტვენისა არ იყოს, რომლის ნეკროლოგი წინასწარ დაწერეს და მან უპასუხა - ამბავი ჩემი გარდაცვალების შესახებ ნაადრევიაო, ზუსტად ამ სტილში გიპასუხებთ „ამბავი ჩვენი მფლობელობისა ზედმეტად გადაჭარბებულია“. .
ეს ინფორმაცია არ არის ახალი. ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობს და ამბობენ, რომ არჩევნების წინ გადმოგცათ ხელისუფლებამ ეს მედიასაშუალებები...
-ხელისუფლებამ მე მედიასაშუალება გადმომცა? ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება მალე დაამთავრებს თავის არსებობას. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ასე რომ იყოს ეს ხელისუფლება, მალე წავიდოდა. ხელისუფლება ძალიან მყარად ზის და არსად აპირებს წასვლას, შესაბამისად, არავის დაუთმობს არცერთ მედიასაშუალებას. ძალიან მარტივი არითმეტიკაა და ვინც ამ „შეთქმულების თეორიას“ იზიარებს, მან ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს პოლიტიკიდან. მას პოლიტიკის არაფერი ესმის...
მაგალითად გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა კონსტიტუციის ახალ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რაც ერის ღალატს ნიშნავს, და ძნელი დასაჯერებელიც აღარაა გავრცელებული ინფორმაცია მედიამფლობელობის შესახებ...
-ეს ნიშნავს, რომ გიორგი ცაგარეიშვილმა პოლიტიკა არ იცის, სამწუხაროდ. ცაგარეიშვილმა თქვა ჩვენზე კონსტიტუციასთან დაკავშირებით? ეს რაღაც ახალია. მან სჯობს, იმ პრობლემებზე ისაუბროს, რაც მის საკუთარ პარტიაშია. აშენონ პარტია, თუ აშენებენ, იმიტომ, რომ გაცილებით საინტერესო თემებია მათ პარტიაში შიგნით, ვიდრე - გარეთ“.
დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ის რაც პრესა.გე-ს გარშემო ხდება, იმ ბოლო თავისუფლების კუნძულის ხელყოფის მცდელობაა, რომელიც თქვენი ინტერნეტ-გაზეთის სახით არსებობს მედიასივრცეში. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე ნებისმიერი სპეციალური ანგარიშის მწარმოებელი ორგანიზაციის მიერ - ეს იქნება საერთაშორისო, თუ ჩვენი ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ხოლმე ანგარიშებს მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით.
პრესა.გე აღარ არის, უკვე პრესაგე.ტვ-ია, რასაც ჩვენ ვქმნით. ძველ საიტზე სხვები მოღვაწეობენ..
-ეს არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ თავისუფლების კიდევ ერთი რუპორი ჩაახშონ. პრესაგე.ტვ-ზე არ არსებობს ტაბუირებული თემები, პირიქით, აქ ნებისმიერი სფეროა გაშუქებული და როგორც ჩანს, ცენზურას, რომელიც ქვეყანაში ღია სახით არსებობს, უკვე მიზანშუწონლად მიაჩნია ასეთი ინტერნეტგვერდის არსებობა. ამიტომ გამოგიცხადეს ღია ბრძოლა. ეს ღია ბრძოლა ფაქტობრივად, პირველად ინტერნეტტელევიზიაზე დაიწყო, როცა მთლიანად შეიცვალა მენეჯმენტი.
ITV დაემსგავსა „პირველ არხს“ და მისი დანამატი გახდა. ეს იგრძნობოდა სიუჟეტებში, რაც საიტზე იდო. მე პირადად, ამ ინტერნეტტელევიზიას ვაძლევდი ხოლმე კომენტარებს, შემდგომ ველოდებოდი გაშუქების ფორმატს და ზუსტად ვგრძნობდი, რომ „რუსთავი-2“-, „იმედსა“ თუ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ცენზურის ჩარჩოებში ექცეოდა. უკვე გასაგები იყო, რომ ამ ინტერნეტტელევიზიის თავისუფლების ხელყოფა მოხდა.
პრესა.გე- ს, ანუ ახალ პრესაგე.ტვ-ს რაც შეეხება, რომელიც ამ ჰოლდინგის შემადგენელი ნაწილი იყო, მისი აქტიური მომხმარებელი ვარ, როგორც რესპონდენტი და ასევე, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც დახარბებულია მართალ სიტყვას და ობიექტური ინფორმაციის მიღებას. ის ამბები, რაც ატყდა ამ საიტის გარშემო, აღმაშფოთებელია. როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ჩემს პირდაპირ მოვალეობად მიმაჩნია, გვერდით დაგიდგეთ იმ გულანთებულ ჟურნალისტებს, რომლებიც მიუხედავად მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისა, არ აპირებთ უკანდახევას.
თქვენთან ურთიერთშეთანხმებით შევეცდები, მოგეცეთ საშუალება, რათა პარლამენტის ტრიბუნაც იყოს თქვენთვის დათმობილი. რა თქმა უნდა, აუცილებლად ავღნიშნავ ყველა ფორმატში, მათ შორის - უცხოელებთან შეხვედრის დროს, რომ თქვენზე ზეწოლას ახორციელებენ სამთავრობო შტოებიდან წარმოგზავნილი პირები, რომლებიც ახალ მენეჯმენტს უდგებიან სათავეში, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა - პრესა.გე-ს გარდაქმნას მორჩილ გამოცემად“.
„ქართული პარტიის“ ლიდერი სოზარ სუბარი: „მე გულზე მაქვს წარწერა -„მე ვარ დევნილი“. იგივე წარწერა გაქვთ თქვენც. მარტო სოლიდარობისთვის და თანადგომისთვის არ გვაქვს ეს წარწერა, ხომ? მართლა დევნილებად ვიქეცით საკუთარ ქვეყანაში. როცა კაცი ტელეფონზე ვერ ლაპარაკობს, დევნილი ხარ, აბა, რა ხარ? პატიმარი ხარ, აბა, რა ხარ? ამ დევნას ტალღური ხასიათი აქვს: ხან მეწარმეებს დევნიან, ხან დევნილებს, ხან მასწავლებლებს, ხან მოსწავლეებს, ანდა ყველას ერთად. ეს დევნა არ გაჩერდება, რადგან ამ ხელისუფლების ბუნებაა ასეთი. კალაპოტი რომელიც თავიდანვე გაიჭრა, იმდენად ღრმაა უკვე, ამ კალპოტს ვერ შეცვლიან, ვერ ამოხტებიან იქიდან.
არ შეცვლიან, თუ ვერ შეცვლიან?
-არა, არ შეუძლიათ. როცა ხელისუფლება ძალადობრივი გზით აწარმოებს თავის პოლიტიკას, დათმობა ამ ძალადობრივი სისტემის დაშლას და ლპობას იწვევს. ამას ვერ დაუშვებენ, რადგან ,იმდენად მალე მოხვდებიან ციხეში, ვერც კი წარმოიდგენთ. ეს თვითონ კარგად იციან და ამიტომ ასეთივე ხისტ პოლიტიკას გააგრძელებენ. იცით, რა იქნება დათმობის შემთხვევაში? ერთ წამში ჩამოენგრევათ ყველაფერი ისე, როგორც მოხდა საბჭოთა კავშირის შემთხვევაში. მისი გარდაქმნა და დემოკრატიზაცია იყო შეუძლებელი იმდენი წინააღმდეგობა არსებობდა იმ ქვეყანაში. ასეა ამ შემთხვევაშიც.
პრესა.გე-ს შემთხვევა არის ნათელი მაგალითი ამ ხელისუფლების პოლიტიკის: მას უნდა ყველაფერი გააკონტროლოს ზოგადად და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც სიტყვის თავისუფლებაა და სადაც ადამიანების თავისუფლება იჭედება. თქვენს შემთხვევაშიც, ხელისუფლებას არ უნდა, დაუშვას ნათელი სიტყვის გამოვლინება“.