„ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ მიუთითებს ხაზარაძის არაკვალიფიციურობაზე და ადასტურებს, რომ გაგებაში არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით“

„ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ მიუთითებს ხაზარაძის არაკვალიფიციურობაზე და ადასტურებს, რომ გაგებაში არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით“

მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს აჩვენონ, როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა ჰქონდეთ. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებით, ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე, რადგან ხაზარაძეს მიაჩნია, რომ თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.

„ლელოს“ ლიდერის ინიციატივას არ იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი და აცხადებს, რომ ეს ინიციატივა ადასტურდებს ხაზარაძის არაკვალიფიციურობას.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. არაპოლიტიკოსის მერად წარდგენის ლოგიკაში ხაზარაძეს არ მიჰყვება უმრავლესობა. თუ გახსენდებათ მეურნე მერი, რომელიც პოლიტიკასთან არ იყო კავშირში და რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ინიციატივა?

დავით ზარდიაშვილი: მისაღები კი არ არის, არამედ ეს ადასტურებს საარაკო არაკვალიფიციურობას იმიტომ, რომ ხაზარაძეს, საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს რას ეპოტინება, არჩევნების მოგება უნდა, მაგრამ ფუნქციურად რა არის ქალაქის მერი, წარმოდგენა არ აქვს. პოლიტიკოსი, ქალაქის ხელმძღვანელი გახლვათ ადგილობრივი თვითმმართველობის მეთაური. იმთავითვე ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ფიგურაა და ის პასუხს აგებს არამარტო სამეურნეო ფუნქციებზე. ზოგს ასე გონია, რომ თვითმმართველობა სამეურნეო ფუნქციამდე არის დაყვანილი. რასაკვირველია, ასე არ არის.

პრაქტიკულად, ყველა ის ამოცანა, რაც სახელმწიფოს აქვს, გარდა რამდენიმე საკითხისა, რაც არის უსაფრთხოება, თავდაცვა, მაკროეკონომიკა და ა.შ. ყველა ეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხი თავს იყრის თვითმმართველობაში და მეტიც, თვითმმართველობა უფრო მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის. მთავარი, რაც პოლიტიკაში კეთდება მოქალაქეების სასარგებლოდ, წყდება სწორედ თვითმმართველობის დონეზე, ყველა ადამიანს ეხება და ბუნებრივია, რომ ყველა არის დაინტერესებული წარმატებული იყოს ქალაქის პოლიტიკა და მერი არის ამ პოლიტიკის წარმმართველი.

ხაზარაძის ლოგიკით, კოალიცია ნიშნავს იმას, რომ მერი უნდა იყოს მეურნე და არა პოლიტიკოსი...

– მე კარგად არ მესმის რას ნიშნავს ეს მეურნე. ეს არის საბჭოური ნოსტალგია, „სალხოზი“, „კოლხოზი“, „ზალხოზი“, რომელიც მაშინ არსებობდა. რას ნიშნავს მეურნე? – პოლიტიკოსი მეურნეც არის, ადმინისტრატორიც, ინვესტორიც და ყველაფერი ერთად არის. სწორედ ეს არის პოლიტიკა - შესაძლებლობის ხელოვნება. რახან ამ ადამიანს არ ესმის მერის დანიშნულება, მისი ფუნქცია და ძირითადი ამოცანები, ეს მისი პრობლემაა.

მერი არის ხელმძღვანელი, რომელმაც მთელი ქალაქი უნდა აიყოლიოს და უკეთესი მომავლისკენ უნდა წაიყვანოს. ეს არის მისი მთავარი ფუნქცია. ის უნდა იყოს მოწინავე პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დარაზმავს მთელს ადგილობრივ თვითმმართველობას და უკეთეს მომავალს შექმნის.

მერი, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი არსით არის თანამდებობის პირი, თავისთავად ლოგიკას მოკლებულია, რომ ეს არ იცოდეს ხაზარაძემ. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ხაზარაძეს სინამდვილეში?

– ლოგიკას მოკლებული კი არ არის, არამედ ნამდვილად ასეა. ეს არის ჩარჩენილი, ნაკომკავშირელი ადამიანი, რომელსაც ბანკიც კი, სამეურნეო ერთეული ეგონა და აკეთებდა იმას, რაც უნდოდა. „სალხოზი“, თუ „კალხოზი“ გონია ყველა ის ადგილი, სადაც არის და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდის. ეს ადამიანი ვერ შეიცვლება, წარმოუდგენელია. როდესაც ასეთ რამეს ამბობს, კი არ თამაშობს, ან რამეს კი არ იგონებს, პოლიტიკურ სპექტაკლებს კი არ დგამს, არამედ ასე გონია.

საუბრობს კოალიციურ მმართველობაზე და არ იცის, რომ თბილისში კოალიციური მმართველობა ვერ იქნება როგორც თბილისში, ასევე მთლიანად საქართველოში. ეს შეიძლება კანონმდებლობის ხარვეზია, მაგრამ ჯერჯერობით ასეა. ერთპიროვნულად, როდესაც მერი არის ხელმძღვანელი და მმართველობის ორგანო არის აღმასრულებელი ორგანო, კოალიცია როგორ იქნება? ესეც კიდევ ერთხელ მიუთითებს ხაზარაძის უაღრესად არაკვალიფიციურობაზე და ადასტურებს, რომ გაგებაში არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით.

თუკი ოპოზიცია შეთანხმდება ერთიან კანდიდატურაზე, ეს რამდენად იქნება პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“?

– ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი კანდიდატი იქნება, თუ მრავალი – „ქართულ ოცნებას“ აქვს ასეთი ამოცანა – პირველ ტურში 50%+1 ხმა მაინც უნდა მიიღოს. თუ არადა ფარდობითი უმრავლესობით მეორე ტურში მოიგებს. საერთო კანდიდატს დაასახელებს თუ არა ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ ამოცანა  და საარჩევნო სტრატეგია არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ტაქტიკა. თუკი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება ერთი სამიზნე, ტაქტიკური სვლა გაუადვილდება.

ელოდებით, რომ თბილისში შესაძლოა საჭირო გახდეს მეორე ტური?

– არ ვიცი, შესაძლებელია. რადგან მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ კახა კალაძე იყოს თბილისის მერის კანდიდატი, მას აქვს რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დადოს შედეგი, მაგრამ ეს არ არის 100%–იანი შანსი. ამას მუშაობა და საკმაოდ სერიოზული საარჩევნო კამპანია დასჭირდება.

თქვენ ფიქრობთ, რომ კალაძეზე შეჩერდება „ოცნების“ არჩევანი?

– თითქმის დარწმუნებული ვარ. რამდენადაც ვიცი, თითქმის გადაწყვეტილია ეს საკითხი.

რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანებას, ეს თემა ბუნდოვანია. ბუნებრივია აქ არ ვგულისხმობ ლევან ვასაძეს და გიორგი გახარიას, რომლებიც ასევე იბრძოლებენ მერის არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა – შეძლებს კალაძე პირველ ტურში შედეგის დადებას?

– წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმდეს. ასეც რომ მოხდეს, კალაძის ამოცანა არ იცვლება – პირველ ტურში უნდა მოიპოვოს 50%+1 ხმა, რადგან შესაძლებელია, გახარიამ წაიღოს რაღაცა ხმები, ასევე ვასაძემ.

ვასაძე და გახარია რამდენად პრობლემური იქნება კალაძისთვის?

– რასაკვირველია, სერიოზული ანგარიშგასაწევი ფაქტორი იქნება. კალაძის ამოცანა ნათელია – „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ვინც საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ არ შემცირდეს, არ გაიყოს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაიკარგოს გახარიას და ვასაძეს სასარგებლოდ, ეს იქნება მისი ერთ–ერთი მთავარი ამოცანა. ვასაძეს შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია, ალბათ, უფრო გახარიასკენ შეიძლება გადაიხაროს „ოცნების“ ამომრჩევლის რაღაცა ნაწილი და ეს ნამდვილად არის მოსალოდნელი.

 

 

კ ა ხ ე ლ ი ტექსტში კორექტული შეცდომაა: უნდა ეწეროს "კალხოზი", "სავხოზი" და "ზავხოზი". დედააზრია იგივეა - ხაზარაძე პოლიტიკოსი კი არ არის, "ბანხოზია", რომელსაც ახლა პარხოზობა უნდა. თვითონ რომ არის ნაკომკავშირელი "ხოზი", მერიც ასეთი "ხოზი" ჰგონია. :)
3 წლის უკან
გოგი ყველა თავის თავს ნელ-ნელა ისეთს წარმოაჩენს, რაც სინამდვილეში არიან. ხაზარაძემ და მისი პარტიის ხალხმა ყველას დაასწრეს.
3 წლის უკან